შორენა მასწავლებლის “კოვიდყვავილნარი”


  •  შორენა ღურწკაია კორცხელის საჯარო სკოლაში მუსიკას ასწავლის. უჩვეულო კოვიდგაზაფხულმა, მის ეზო-კარს სხვა ელ-ფერი შესძინა, ვიდრე ეს, მას, გასულ გაზაფხულებზე ჰქონდა. ჩვენი ახალგაზრდა კოლეგა შორენას სახლში ესტუმრა და მისი ნახელავი და აყვავებული “კოვიდყვავილნარი” დაათვალიერა.

შორენა მასწავლებელთან ვარ სახლში, ნაცატუში. მინდა, მისი ულამაზესი ეზო ზუგდიდელებს ვაჩვენო. დიდი ფანტაზიის უნარი ჰქონია ჩემს მასწავლებელს. ნელი სიო უბერავს ეზოში, კაკლის ხის ტოტები შრიალებენ, აქვე, საქანელა ირწევა. ეზო ლამაზი ყვავილებით მორთულა,- ჰაერში, თეთრი, შავი, წითელი და ვარდისფერი ვარდების სურნელი ტრიალებს. ბაღში არაერთი ყვავილი იწონებს თავს. მგონია, სიზმარში ვარ, ისეთ სიზმარში, საიდანაც გამოღვიძება არ მინდა. მართალია, აქ დომინანტი ადგილი ვარდებს უჭირავს, თუმცა უნდა აღვნიშნო,  თვალი მომჭრა მიხაკების სილამაზემ და მრავალფეროვნებამ. მომეწონა პატარა მაგიდაც, სადაც  შესაძლებელია, შეიგრძნო ყვავილების სურნელიც, დატკბე მათი სილამაზით და თან  წერო და იკითხო.

შორენა ღურწკაია ქალიშვილთან

შორენა ღურწკაია პროფესიით პედაგოგია,-კორცხელის საჯარო სკოლაში მუსიკას ასწავლის. გატაცებულია ხელოვნებით. უყვარს მცენარეები, უამრავი სახეობის ოთახის ყვავილს უვლის. ერთ, მოსაწყენ, კორონადღეს, შორენა მასწავლებელს გადაუწყვიტია, შეექმნა ისეთი გარემო, სადაც საღამოობით, შეძლებდა, მეგობრებთან ერთად, ყავის დალევას, საუბარს, კითხვას, მუსიკის მოსმენას და ეს “კოვიდყვავილნარიც” შეუქმნია. “ერთი წელიც არ არის, რაც დავიწყე ეზოს გალამაზება, ქუჩა-ქუჩა დავდიოდი, რომ შესაფერისი ქვა მეპოვა, თუნდაც ერთი ცალი, რომ ნაოცნებარი დიზაინით შექმნილი მოზაიკა დამესრულებია. მინდოდა, ოჯახის წევრებს, მეგობრებს და სტუმრებს სასიამოვნო გარემო დახვედროდა ღია სივრცეში. ეს სურვილი, განსაკუთრებით, პანდემიის დროს გამიმძაფრდა და შესაძლებლობაც მომეცა მეტი დრო დამეთმო ჩემი ბაღისთვის.” შორენა მასწავლებლი ამბობს, რომ მისთვის, ამ საქმეში, საყრდენი ძალა ოჯახია, რომელიც მუდამ მის გვერდითაა. მაგალითად, მისი იდეითა და დიზაინით, მისმა ვაჟიშვილმა, ბაღს, ულამაზესი ქვის ღობე შემოავლო. ყველაზე მეტად, მასთან ერთად, მისი უმცროსი ქალიშვილი, კორცხელის საჯარო სკოლის მეშვიდე კლასის მოსწავლე, ნინო ტრიალებს. ის გულშემატკივრობს ყველაზე მეტად და მუდამ ცდილობს, დედას, ეზოში მუშაობისას, ხელი შეაშველოს.  “…რომ არა ნინო, ვერ შევძლებდი ჩანაფიქრის განხორციელებას. მან ბეჯითად იშრომა ჩემთან ერთად. სულ ჩემს გვერდით ფუსფუსებს. ყველაფერს ხომ დრო და ხელის შევლება სჭირდება… ბევრი ყვავილი წელს დავრგეთ, ზოგი მე შევიძინე, ზოგიც მაჩუქეს. მცენარეები უკვე აყვავდნენ, გაიხარეს, დარწმუნებული ვარ, გაისად უკეთესები იქნებიან. მათ რომ ვუყურებ, შრომა არ მეზარება, თუმცა, შრომასთან ერთად, ამ საქმეს, დრო და ფინანსური რესურსიც სჭირდება.”

შორენა მასწავლებელი ამბობს, რომ მას და ნინოს, ეზოსა და ყვავილების მოვლის ახალი გეგმები გაუჩნდათ პანდემიის პერიოდში,- მიუხედავად იმისა, რომ გადატვირთული გრაფიკი ჰქონდათ, ჰქონდათ დრო ფიქრისა და ახალი იდეების ხორცშესასხმელად.

სპეციალურად “ზუგდიდელებისათვის”

ნანა თოლორაია,

ახალგაზრდა ჟურნალისტთა კლუბი “სარკმელი”


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!