- ზუგდიდელი ზაზა მანია პროფესიით პედაგოგია. დაამთავრა მეორე საჯარო სკოლა, ასევე დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის მაგისტრატურა და მას შემდეგ მუშაობს სკოლაში. გარკვეული დროის განმავლობაში, მუშაობდა რუსთავისა და მარტვილის მუნიციპალიტეტების სკოლებში. ზაზა, “ზუგდიდელებთან” ამბობს, რომ წელს, დაბრუნდა მშობლიურ ქალაქში, განათლების სამინისტროს პროექტში – “ახალი სკოლის მოდელი” არის ისტორიის ექსპერტი, ასევე მუშაობს ინგირის N2 საჯარო სკოლაში მასწავლებლად.
-ჩემი 2 ბებია და 1 ბაბუა პედაგოგები იყვნენ და როგორც ჩანს, მათგან გენეტიკურად გადმომეცა ეს პროფესია. მეც კმაყოფილი ვარ ჩემი არჩევანით, რადგანაც ძალიან მიყვარს ბავშვებთან მუშაობა. ვთვლიდი, რომ კარგი უნარები მქონდა იმისათვის, რომ პედაგოგი გამოვსულვიყავი.
-ზაზა, რას ნიშნავს მცნება “კარგი პედაგოგი”?
-ბავშვებთან მეგობრული ურთიერთობის ქონა ნიშნავს კარგ პედაგოგობას. ეს კარგი ურთიერთობა მან უნდა გამოიყენოს მოსწავლის სასწავლო პროცესში ჩასართავად. ყველა გაკვეთილი უნდა იყოს საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებით დატვირთული, პედაგოგს უნდა უყვარდეს თავისი საგანი და ასეთივე სიყვარულით უნდა ასწავლიდეს მათ.
-რამდენად მკაცრი ხართ მოსწავლეებთან?
-არ ვარ მკაცრი, სხვა მიდგომა მაქვს მოსწავლეებთან, თბილი და სამართლიან სასწავლო გარემოს შექმნას ვგულისხმობ. არ ვასხვავებ მათ ერთმანეთისგან, ამას მოსწავლეებიც გრძნობენ და აქტიურად ერთვებიან სასწავლო პროცესში.
-თუმცა, თითოეულ მოსწავლეს, ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება…
-ყველა ბავშვთან ურთიერთობა და მუშაობა საინტერესოა და განსხვავებული მოსწავლეებისგან ბევრ რამეს ვსწავლობ, ინდივიდუალურად ვუდგები და შედეგი გვაქვს. მთავარია, მათთან მეგობრული დამოკიდებულების შექმნა და შენარჩუნება.
-ზოგადად, როგორი თაობა მოდის?
-როგორც წესი, ახალგაზრდობას უფროსი თაობა უნდობლად უყურებს. ჩემი აზრით კი, კარგი თაობა მოდის, აქვთ თავიანთი ინტერესები, არიან სწავლაზე ორიენტირებულები, წარმატებით აბარებენ ეროვნულ გამოცდებს. იმედია, ჩემს თაობაზე მეტს მიაღწევენ ცხოვრებაში, მით უმეტეს, რომ ჩვენზე უკეთესი პირობები აქვთ. ჩემს თაობას გაცილებით მძიმე პერიოდში მოუწია ცხოვრება, მშობლებსაც უჭირდათ, სკოლაში რესურსები არ იყო ახლა კი, ქვეყანა წინ წავიდა, კომპიუტერული ტექნიკაც განვითარდა, მოსწავლეებისთვის ინფორმაცია ხელმისაწვდომი გახდა, მათ “გუგლით” შეუძლიათ ერთ წამში მოიპოვონ სასურველი ინფორმაცია, საზღვარგარეთ წასვლა სასწავლებლად გაცილებით ადვილი გახდა.
-განათლების რეფორმებზეც გკითხავთ, განხორციელებული საქმიანობებიდან რომელი მიგაჩნიათ პერსპექტიულად?
-მთავარია, მოსწავლეზე ორიენტირება, სწავლა-სწავლების პროცესის მათზე მორგება, ამ კუთხით “ახალი სკოლის მოდელის” დანერგვა სკოლებში ყველაზე პერსპექტიულია და მორგებული. ის ითვალისწინებს ყველა მოსწავლის ჩართვას სასწავლო პროცესში და ამიტომაც, ყველაზე შედეგიანი უნდა გამოდგეს.
-მოგვიყევით ინტელექტუალურ კლუბში თქვენს ადგილზე…
-დიახ, დიდი ხანია, რაც ვთამაშობ,- სკოლიდან მოყოლებული. ვარ საქართველოს ინტელექტუალური კლუბის წევრი. ამ კლუბში ჩემი ცოდნის რეალიზებას ვახდენ, შევიძინე ბევრი მეგობარი. მითამაშია სატელევიზიო გადაცემაში “რა? სად? როდის?” აგრეთვე, ვითამაშებ წლევანდელ ზამთრის სეზონში რეზო რობაქიძის ექვსეულში. დიდი იმედი მაქვს, რომ წარმატებას მივაღწევთ. საინტერესოა ეს თამაში იმ მხრივაც, რომ ბევრ საინტერესო ადამიანს გაიცნობ და საინტერესო თემებზეც ისაუბრებ მათთან ერთად.
-ბავშვობაში ჟურნალისტობაც გიცდიათ, “სარკმელელი” ხართ…
– მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ახალგაზრდა ჟურნალისტთა კლუბი “სარკმელი” ერთ-ერთი ნათელი მოგონებაა ჩემი ბავშვობიდან. 1997 წლიდან “სარკმელელი” ვარ. ამ გაზეთში ბევრი ჩემი სტატია დაიბეჭდა, ვაქვეყნებდი კროსვორდებს. “სარკმელელად” ყოფნამ ბევრი, რამ მასწავლა, ბევრი საინტერესო პიროვნება გავიცანი და ვაგრძელებ მათთან მეგობრობას. მიხარია, რომ “სარკმელმა” დროს გაუძლო და დღესაც აგრძელებს არსებობას ფერადი ჟურნალის სახით. ახლახან შეხვედრა მქონდა “სარკმელის” ახალი თაობის წარმომადგენლებთან და დავრწმუნდი, რომ ის საიმედო ხელშია. მინდა ვიკიპედიაში ინფორმაცია განვათავსო “სარკმელის” შესახებ, მის ისტორიასა და დღევანდელ დღეზე. სხვათაშორის, ვიკიპედიაში სტატიების წერა ჩემი ერთ-ერთი გატაცებაა, ადრე, როცა მეტი თავისუფალი დრო მქონდა, მეტს ვწერდი, ახლა იმდენს ვერ ვახერხებ.
-ახლახანს დაოჯახდით.
-ოჯახი ახლახან შევქმენი, ჩემი მეუღლე ელენა სამადაშვილი მარტვილში გავიცანი, ერთ სკოლაში ვასწავლიდით. ჯვარი ქაშუეთში დავიწერეთ. ჩემს მეუღლეს ძალიან უყვარს ხელოვნება, ეხერხება ხატვა და სიმღერა. ჯერჯერობით, ორი წევრი ვართ და იმედია, მალე წევრების რაოდენობა მოიმატებს.
-როგორია თქვენი თავისუფალი დრო…
-სამსახურის გამო, თავისუფალი დრო თითქმის არ მაქვს, თუმცა, რაც მაქვს, იმ დროს ჩემს მეუღლესთან ერთად ვატარებ, ვსეირნობთ და ვშოპინგობთ.
-სამომავლო გეგმებზეც მითხარით…
-რა გეგმებიც მქონდა წელს დასახული, ის უკვე განვახორციელე – დავოჯახდი, ზუგდიდში გადმოვედი სამუშაოდ და საცხოვრებლად. უახლოეს მომავალში, მასწავლებლის პროფესიაში სტატუსის ამაღლებას ვაპირებ, დანარჩენს დრო გვიჩვენებს.
-წარმატებებს გისურვებთ.
-გმადლობთ.
“ზუგდიდელები”