ჯიტა გულუა: ურთიერთპატივისცემა და სიყვარულია ყველაფრის საწინდარი


  • ჩვენი სტუმარია ქალბატონი  ჯიტა გულუა-პროფესიით ადვოკატი, რომელიც წლებია ამ რთულ საქმეს ემსახურება და ჩვენთან საუბარში გულახდილად აღნიშნავს, რომ ადვოკატობა სულაც არ არის ქალური საქმე, თუმცა თავად ამ პროფესიის გარეშე თავი ვერ წარმოუდგენია.

ჯიტა გულუა: დავიბადე, გავიზარდე და წლებია ვმოღვაწეობ ზუგდიდში. მყავს ერთადერთი ვაჟიშვილი გიორგი მურღულია, როელიც თავის მეუღლესთან – ლილიანა ცხონდიასთან  და სამ შვილთან ერთად ცხოვრობს ჩემთან. ჩემი ბიჭის ოცნება იყო, მისი შვილისთვის ჩემი სახელი დაერქვა და უფროსი შვილიშვილი ჩემი მოსახელეა, გვარები გვაქვს მხოლოდ განსხვავებული, მე, მოგეხსენებათ, ჯიტა გულუა ვარ, ის კი ჯიტა მურღულია. ჯიტა მურღულიაც ადვოკატობაზე ოცნებობს, მოსწონს ეს პროფესია, თუმცა მე ამის კატეგორიული წინააღმდეგი ვარ იმ სირთულეების გამო, რომლებთანაც მოუწევს  გამკლავება.

ჯიტა გულუა ოჯახთან

-როგორც ვიცი ორი პროფესია გაქვთ..

-დიახ, ორი პროფესია მაქვს-ვარ ინჟინერ-მშენებელი და შემდეგ გავხდი იურისტი, კერძოდ ადვოკატი. ჩემს მშობლებს, ჩემთვის, ადვოკატის პროფესია არ მოსწონდათ, ისინი თვლიდნენ, რომ ეს უფრო მამაკაცის საქმე იყო ვიდრე ქალის, რადგან მოითხოვდა თითქმის ოცდაოთხსაათიან მუშაობას. მათ აზრს მაშინ არ ვითვალისწინებდი, დღეს კი ვეთანხმები. ძალიან შრომატევადი საქმეა, ქალი ამ საქმისთვის იმდენად ძლიერი უნდა იყოს, რომ შეძლოს თავისი პროფესია და ოჯახის პასუხისმგებლობები ერთმანეთს შეუთავსოს. მე ღმერთი მაძლევს ძალას, რომ ჩემი რთული სამსახურებრივი განრიგი და ოჯახი ერთმანეთს მოვარგო. ყოველთვის ვცდილობდი, ჩემი დატვირთული სამუშაო გრაფიკი ოჯახს არ დატყობოდა. ოჯახის მიმართ წუთითაც არ მომიდუნებია ყურადღება. ჩემი გადასახედიდან  ქალი, პირველ რიგში, უნდა იყოს კარგი დედა, მეუღლე, ბებია და ამ ყველაფერს, თუ ქალმა შეუთავსა თავისი კარიერაც, ჩემთვის, ასეთი ქალის კარიერა მისაღებია. არსებობს რიგითი სამუშაოებიც, არ არის აუცილებელი ყველა ქალი კარიერამოწყობილი იყოს, მაგრამ მთავარია, ქალური პასუხისმგებლობები ჰქონდეს შესრულებული. ოჯახს არ უნდა დააკლდეს ქალის ხელი. წარმატებული ქალებისგან ხშირად მსმენია, ჩემი შვილისთვის არ მეცალაო  და პირიქით, ხშირად, შვილებისგანაც გამიგია-დედა ჩემთვის ვერ იცლიდაო.  მსგავსი რაღაც მე, პირად, არ მეხება, მე ზედმეტად მზრუნველი ვარ და ვფიქრობ, მომაბეზრებლადაც კი.

ჩემ საქმიანობას რაც შეეხება, ვმუშაობ ერთნაირად ყველა საქმეზე, ანუ საერთოზე: სისხლის სამართლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე. სისხლის სამართლის საქმეზე როდესაც დგება გამამართლებელი განაჩენი ჩემი ჩართულობით, ხშირად ვაზიარებ ჩემს გვერდზე ემოციების გამომხატველ მასალებს და ასევე გამოვხატავ მადლიერებას იმ მოსამართლეებისადმი, რომლებიც, მიუკერძოებელნი და სამართლიანები არიან. ხშირად პროკურორებიც იმსახურებენ მადლობას, თუმცა, რატომღაც, ამას არ ვანიჭებთ დიდ  მნიშვნელობას და ისინი ყურადღების მიღმა გვრჩება. მათი დამსახურებითა და კეთილი ნების გამოხატულებით მაქვს არაერთი საქმე საპროცესო შეთანხმების შედეგად პირობით მსჯავრზე, ან სასჯელის ზოგად, განსაზღვრულ მინიმალურზე ნაკლებ სასჯელზე, მაშინ როდესაც საქმის არსებითი განხილვის შედეგად, გარდაუვალი იქნებოდა მრავალი წლით პატიმრობა. ასევე ბრალდებულს, კანონი აძლევს, გარკვეული პირობების არსებობისას, “განრიდების” შესაძლებლობას, რა დროსაც მიეტევება ბრალდებულს ჩადენილი დანაშაული და არ აღიძვრება, ან წყდება არსებული, აღძრული სისხლის სამართლის საქმე, რაც არის იდეალური გამოსავალი დანაშაულის არსებობისას. ასეთ შემთხვევაში ხდება  გათვალისწინება ბრალდებულის ასაკის, წარსული ცხოვრების წესის, დანაშაულის აღიარების, მონანიების, თანამშრომლობის და ასე შემდეგ.

 ყოფილა იშვიათი გამონაკლისებიც ჩემს შემთხვევაში, როდესაც აბსოლუტურად არაადეკვატური განაჩენიც დამდგარა. ამიტომ, მთავარია, ქვეყანაში, სადაც ვცხოვრობთ, კანონის უზენაესობა იყოს დაცული და არა მხოლოდ ცალკეული მოსამართლეები და პროკურორები იმსახურებდნენ მადლობას, არამედ მათი ვალდებულებების პირნათლად შესრულების გამო, არც მოგვდიოდეს თავში მათთვის მადლობის გადახდა,  სამართლებრივად ჩამოყალიბებულ ქვეყანაში ცხოვრების გამო.

-მომავალ კოლეგებს რას ურჩევდით?

-არ არის აუცილებელი იმუშაონ ყველა მიმართულებით. აირჩიონ კონკრეტული ერთი მიმართულება, რაც ნაკლებ შრომატევადი იქნება. ექნებათ შესაძლებლობა საკუთარი ცხოვრებითაც დატკბობის, ესეც არანაკლებ მნიშვნელოვანია.

ჯიტა მეგობართან და კოლეგასთან ელენე როგავასთან

-რას გვეტყოდით განსაკუთრებულად აქტუალურ თემებზე, რაც დაკავშირებულია ოჯახში არსებულ ძალადობებზე და ქალის უფლებებზე? 

-მთელი ჩემი ცხოვრება მიძღვნილი მქონდა ქალების ინეტრესების დაცვაზე. ამ ბოლო დროს, ძალიან რთული ვითარებაა ჩვენს ქვეყანაში, ბევრი განქორწინების საქმე მოდის. ეს სერიოზული პრობლემაა, რომელიც კატასტროფამდე არის მისული. მისასალმებელია, რომ ქალებმა მეტად გაითვითცნობიერეს მათი უფლებები, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც უმნიშვნელო და ელემენტარულად მოგვარებად საქმეებთან დაკავშირებითაც რეკავენ 112- ში. ხშირად გამწვავებულად წარმოაჩენენ რეალობას, რის გამოც მათი მეუღლეები აღმოჩნდებიან ხოლმე ციხეში. შემდგომ მემუდარებიან დავეხმარო ბრალდებული მეუღლის გამართლებაში, ციხიდან გამოყვანაში, ან მხოლოდ რამდენიმე თვით “ჩატოვებაში“. რაც, რა თქმა უნდა, ადვილი არ არის მაშინ, როდესაც სახელმწიფო აქტიურად ცდილობს ქალის უფლებების დაცვას. რა თქმა უნდა, ასეთ შემთხვევაში მამაკაცის უფლებებიც არ უნდა დაირღვეს და მათი გაუბედურების ხარჯზე არ უნდა ხდებოდეს ცალმხრივი და მიკერძოებული მიდგომა. პარალელერულად, ქალის უფლებებისა, უნდა გაათვითცნობიერონ ისინი საკუთარ ვალდებულებებშიც. როდესაც ეს ბალანსი იქნება დაცული, ნაკლები იქნება პრობლემებიც ოჯახში. არ მაქვს საუბარი იმ იშვიათი შემთხვევების არსებობაზე, როდესაც მართლა მოძალადე მამაკაცის მსხვერპლი ხდება ქალი. ქალებმაც და კაცებმაც უნდა დაიცვან მათი უფლებები, მაგრამ ამასთან, სავალდებულოა იცოდნენ მათი მოვალეობები და პასუხისმგებლობები ოჯახის მიმართ. ქალებს, როდესაც ქალის მოვალეობები არ აქვთ შესრულებული, მაგალითად, როგორიც არის საოჯახო საქმეები, დალაგება, საჭმლის მომზადება, ბავშვის მოვლა და ა.შ. ოჯახის წევრებისგან ღებულობენ შენიშვნებს, რაც არ სიამოვნებთ და ამ შენიშვნებს თვლიან მათი უფლებების დარღვევად. თუმცა ეს  არ არის მათი უფლების დარღვევა, ეს არის ის მინიმუმი, რომელსაც ნებისმიერი ჩვენგანი უნდა ვაკეთებდეთ მითითების გარეშე და თანაც დიდი სიამოვნებით. დედამთილის რჩევები და მითითებები მძაფრად კი არ უნდა აღიქვან, უბრალოდ შეისმინონ და დედაშვილურად მიიღონ. სამწუხაროდ, ხშირად მშობლები ცოდავენ, ყველას მილიონერი სიძე უნდა და იმ მოტივით, რომ უკეთესზე გაათხოვებენ ქალიშვილებს, უნგრევენ ოჯახებს. ან მზახლებთან ვერ ალაგებენ ურთიერთობას იმის მტკიცებაში, რომ არც მე ვარ შენზე ნაკლებიო, რასაც, რა თქმა უნდა, შური და კონფლიქტი ახლავს. შვილებს კი აქეზებენ, მონები არ არიან რომ სახლი ალაგონ და შვილები ზარდონ, არამედ უნდა იზრუნონ მხოლოდ საკუთარ თავზე, რაც თავისთავად თავს ურევს ახალგაზრდა ქალს და სწორედ ასეთ მიდგომას მივყავართ ოჯახების დანგრევამდე. რა თქმა უნდა, თავსაც უნდა მოუარონ აუცილებლად და შერწყმულად, ოჯახის კეთილდღეობაზეც, ჰარმონიული ურთიერთობის ჩამოყალიბებაზეც უნდა იზრუნონ. ასევე ხშირია “კეთილმოსურნე“ გარეშე პირების, მეზობლების, თუ მეგობრების ზემოქმედება გამოუცდელ ახალგაზრდა ქალებზე, რომ  წააქეზონ, განაწყონ ოჯახის წევრების წინააღმდეგ, რომ შემდგომში სეირს უყურონ და სამწუხაროდ, გამოსდით კიდეც… ამ ეტაპზე, ამით დავამთავროთ ეს თემა. შედგომში შესაძლებელია გაგრძელებაც, თუმცა ბევრი მთხოვს სპეციალური რუბრიკით მიმეწოდებინა მათთვის ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარე მსგავსი საკითხები, მაგრამ დღემდე ვერ ვახერხებ. იმედია, მექნება ამის შესაძლებლობა დროში შეუზღუდავად. მთავარი მაინც ისაა, რომ გვახსოვდეს-ურთიერთპატივისცემა და სიყვარული ყველაფრის საწინდარია. ნებისმიერი ჩვენგანი, თუ ისევე დავიცავთ სხვების უფლებებს, როგორადაც საკუთარს, პრობლემებიც მეტწილად მოგვარდება. მეტი აგიტაცია არის საჭირო როგორ  შეინარჩუნონ ახალგაზრდებმა ოჯახები. როგორი დამოკიდებულება უნდა არსებობდეს ოჯახის წევრებს შორის. რა უფლებები აქვთ შვილებს და ასევე რა ვალდებულებები აქვთ მათ მშობლების წინაშე. თუმცა ეს სხვა საკითხია და არა ნაკლებ აქტუალური. მინდა, მეტი ბედნიერი ოჯახი იყოს ჩვენს ირგვლივ და ყველას ამას ვუსურვებ.

-რადგან დღესასწაულების დღეებია, მოდით, ერთად შევიხედოთ თქვენს სამზარეულოში: – რა ტრადიციები გაქვთ – როგორ იღებება კვერცხი, როგორ ცხვება პასკა, როგორ იშლება ტრადიციული სააღდგომო სუფრა… თქვენი რჩევები ქალბატონებს, რომელთაც შემდგარი კარიერა აქვთ და ამბობენ, რომ სამზარეულოსთვის ვერ იცლიან. როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, ამ სფეროშიც თქვენ  გამორჩეული ქალბატონი ხართ.

-მე ნამდვილად მიყვარს სამზარეულო და ჩემი არაერთი საფირმო კერძიც მაქვს, თუმცა დღევანდელი საინფორმაციო სივრციდან გამომდინარე, ამის საჭიროება ალბათ არ არის და  ჩვენს მშვენიერ მანდილოსნებს, რომლებსაც განსაკუთრებულ პატივს ვცემ მათი სამზარეულოში არმობეზრებული ფუსფუსის გამო,  მივცეთ შესაძლებლობა, მათთვის სასაურველი კერძები  თავადვე აირჩიონ.

რაც შეეხება სააღდგომო-სადღესასწაულო ტრადიციებს, როგორც ყველასთვის, ჩემთვისაც ასოცირდება შეღებილ კვერცხებთან, რომელთა ფერთა გამა იქნება მრავალფეროვანი. ჩემდა სამარცხვინოდ, მე არასოდეს არ გამომიცხვია პასკა, ისე კი, ყოველ აღდგომაზე ვამბობ, რომ მომდევნოზე აუცილებლად გამოვაცხობთქო. (ერთი ნაკლი ხომ უნდა მქონდეს (იცინის).

მადლობა საუბრისთვის 

მასალა მოამზადა ანა ჭანტურიამ


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!