ნანა ეხვაიას ახალი “ხმამაღალი ფიქრები”


  • ნანა ეხვაიას პოეტური კრებული მისი ავტორის ხმამაღალი ფიქრებია, რომლის გაზიარებაც მკითხველებისთვის პოეტის სულის ხვეულებში, ზიგზაგებში წვდომის, ლირიკული გმირის გამოცდილების, რწმენისა და მარადიული ღირებულებების ამოკითხვის, გააზრების, მასთან ერთად რეფლექსია-რეცეფციის კიდევ ერთი საშუალებაა…”- წერს ნანა ეხვაიას ერთ-ერთი კრებულის მიმოხილვაში ლიტერათურათმცოდე მარინე ტურავა და ჩვენც, დღეს, შესაძლებლობა გვაქვს ნანას „ხმამაღალი ფიქრები“ ერთხელ კიდევ გავიგოთ და გავიაზროთ, როგორც სიტყვა, რომელიც მთელ რიგ საკითხებს თავის სახელს არქმევს აზრის ლაკონური გადმოცემით.

     ***

სამყარო ცხოვრობს

ჩემს გარეშე

და მოსწონს,

თავს რომ

არ ვაბეზრებ.

* * *

შენი ვარსკვლავი

ჯერაც ცაზეა

და უნდა ჩაქრეს როცა იქნება

ეცადე,

სხივი ესროლო მიწას და

ზენაართან დაიბანაკო.                    

* * *

აღარავარ

ისცქრიალა გოგო”,

გუშინ ძალზე

რომ უყვარდა სატრფო

ჟამი არის მიმწუხრის

და ქრება

სააქაო სურვილების ექო.

* * *

   სამოცი წლის დედაბერსაც

მიხარიხარ როგორც უწინ

ისევ მახსოვს შენკენ გზების

დახლართული გეზი.

* * *

როგორც ვწერ

ისე რომ ვცხოვრობდე,

უფალი იოლად

მომიტევებდა.

*

მომეხალისა

ზაფხულის წვიმა

და დამასველა

ყამირი მიწა

  * * *

მწირი მაქვს ლექსიკა

ქართულიც, მეგრულიც

და მშურს ყველასი,

დარბაისლურად

მეტყველებს ვინაც.

      * * *

ღმერთო, შეიწირე

ჩემი სინანული

ჩემი ცოდვების

საპირწონედ.

       * * *

ვისაც ვეძებდი,

აღმოჩნდა ღმერთი,

მე კი მეგონა,

ადამიანი ამომივსებდა

სიცარიელეს.

  * * *

თავი არ გეგონოს

ღვთისმოსავი

მკარნახობს სახარება:

მოყვასს რომ ეკამათე

უსამართლოდ,

მყისვე განქარდა

შენში ეს თვისება.

* * *

     ღმერთონუ გამოცდი

ჩემს სარწმუნოებას-

არ მინდა

პეტრესავით დამემართოს

ქათმის ყივილამდე.

      *  *  *

სალექსიკონო ერთეული:

თავხედი – მთავარი ხედი,

საიდანაც დაქუცმაცებული

საქართველო

მოჩანს.

*  *  *

სუსტი ლექსი

კატასტროფა

სტროფისადაც

კატამ გადაურბინა

ავტორს

და აუმღვრია რიტმი.

*  *  *

ნაწერით მსჯელობენ და

ჰგონიათ, რომ

კარგი ვარ;

სინამდვილეში:

წერა სურვილია

კარგ ვინმედ ყოფნისა.

    *  *  *

თვითკმარი თუ ხარ,

პატარა ქალაქში

ცხოვრება სჯობს

დიდი ქალაქის

ხმაურიან აურზაურს;

თუმცა, თვითკმარი

უდაბნოშიაც

თავს კარგად იგრძნობს.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!