დემეტრე ზარქუა: ვაჩუქოთ ერთმანეთს მეტი სიყვარული


  • ზუგდიდელი პოეტი დემეტრე ზარქუა, ლექსებს ბავშვობიდან წერს. ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ ლექსების თემატიკა, როგორც მისი ბავშვობა ტაძარს და სულიერ ცხოვრებას უკავშირდება. ახალგაზრდა პოეტის განმარტებით, მისი ლექსებით სურს, ადამიანებს აჩვენოს, რომ გადარჩენა მხოლოდ უფალშია.

დემეტრე ზარქუა: “დავიბადე ზუგდიდში. საშუალო განათლება მივიღე კახათის წმინდა გიორგის სახელობის სასულიერო გიმნაზიაში. დღეს, იმავე სახელობის ტაძრის სტიქაროსანი ვარ. გიმნაზიის დასრულების შემდეგ, სწავლა განვაგრძე ახალციხის წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის სასულიერო სემინარიაში თეოლოგიის განხრით.

პირველი ლექსი სკოლაში დავწერე. მიყვარდა სკოლაში ლექსების კითხვა და მეც მომინდა ერთ დღეს, ჩემი გრძნობები ფურცელზე გადმომეტანა. ასეც მოხდა, ერთს მეორე მოჰყვა და ასე დავიწყე წერა. დღეს ისე აღარ ვჩანვარ, როგორც ადრე, მაგრამ საზოგადოებას, ჩემს ძვირფას აუდიტორიას ვახსოვარ ლექსით “შემინდე მამაო”.

ეს ლექსი ადამიანის სინანულზეა. სამწუხაროდ, ხდება ზოგჯერ, რომ ცოდავ თან ძალიან. ტაძრის ნაწილი ხარ, დადიხარ, იცი, რომ ეს არ შეიძლება, მაგრამ შენდაუნებურად ხდება ისე, რომ ეცემი, მიწას ენარცხები და შველა გჭირდება. ამ დროს, მხოლოდ უფალია და მხოლოდ უფალშია შვება. თითქმის ეს, ყველა ადამიანის ცხოვრებაში მომხდარა და სწორედ ამ ლექსით მინდოდა ადამიანებისთვის მეთქვა, რომ ცოდვას და შენს დანაშაულს აღიარება სჭირდება, რომ უცოდველი არავინაა და ღმერთი აუცილებლად შეგინდობს, თუ სინანული გვექნა. როგორც პატრიარქი თავის ლექსში წერს: “თუ ცოდვები გაქვს, სულით დაეცი, ღმერთი არ გტოვებს, შენსკენ იხრება. ის მოწყალეა ყველა ცოდვილის და ყველაფერი კარგად იქნება”. უბრალოდ, მინდოდა, ჩემებურად, ადამიანებისთვის იმედი მიმეცა.

ლექსების კრებული თუ გაქვთ გამოცემული?

-სამწუხაროდ, ლექსების კრებული ჯერ არ მაქვს. თუ უფლის ნებით იქნა ამის შესაძლებლობა რატომაც არა… ვიცი, ბევრს გავახარებ. რაც შეეხება პოეზიის საღამოებს, უფლის წყალობით, თითქმის მთელი საქართველო მაქვს მოვლილი ჩემი ლექსებით.

-პედაგოგიურ საქმიანობასაც ეწევით…

-დიახ. მიყვარდა ბავშვებთან ურთიერთობა და სულ მინდოდა, რაღაცით ვყოფილიყავი მათ გვერდით. მადლობა უფალს ჩემი სურვილი ახდა და დღეს მასწავლებელი ვარ. ვცდილობ უფლის სიტყვას მათ პატარა გულში და გონებაში დავუდო საფუძველი. დღეს, სკოლებში არ ასწავლიან რელიგიას. ეს ბედნიერება მხოლოდ საპატრიარქოსთან არსებულ სასულიერო სასწავლებლებს აქვთ. მე საღმრთო რჯულის მასწავლებელი ვარ, ბავშვებს ძველ და ახალ აღთქმას ვასწავლი.

-როგორია თქვენი მიდგომა მოსწავლეებისადმი?

-პირველ რიგში, მე მათი მეგობარი ვარ. მიყვარს ისინი და ვცდილობ, მათ მაქსიმუმი მივცე. მათ ენაზე ვისაუბრო და უფრო მარტივი გახდეს მათვის უფლის სიტყვა. პროფესია მასწავლებლობა ძალიან საპასუხისმგებლოა. პირადად ჩემზეა დამოკიდებული, თუ როგორი ქრისტიანი გაიზრდება ბავშვი, როგორ შევაყვარებ მას ღმერთს.

წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი ბრძანებს: უმჯობესია, არა – სიტყვით მბრწყინავი სიბრძნე, არამედ – საქმით დამოწმებული. ადამიანს როცა ასწავლი, შენი ცოდნა მხოლოდ გაკვეთილზე არ უნდა ჩანდეს, მას ცხოვრებისეულად უნდა ამოწმებდე. ჩვენ, დღეს, ძალიან ბევრი ნასწავლი ადამიანი გვყავს, მაგრამ სამწუხაროდ, ცოტაა განათლებული ადამიანი.

-რა გაძლევთ თქვენი საქმის კეთების მოტივაციას?

-ადამიანთა სიყვარული. როცა შენს სიტყვას ადამიანთა გადარჩენა, ან თუნდაც მათი გახარება შეუძლია, განა, ამაზე კარგი მოტივაცია არსებობს?

-სოციალურ ქსელში, გვერდი “მრწამსი” გაქვთ შექმნილი, რომელიც სოაცილურად დაუცველ ადამიანებს ეხმარება…

-დიახ. მე და ჩემმა მეგობარმა მირზა ჩხოლარიამ, შევქმენით ფეისბუქში გვერდი “მრწამსი”. ჩვენს გვერდს 189 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს. მადლობა უფალს, რომ ამ გვერდის დახმარებით ადამიანებს ვაერთიანებთ სიკეთის გარშემო და ერთად ვეხმარებით სოციალურად დაუცველ ოჯახებს, ტაძრებს და მონასტრებს. ვგეგმავთ, ინტერნეტ ტელევიზიის შექმნას და უფრო მეტი ადამიანის დახმარებას.

ჩვენი გვერდი 2019 წლის 2 აგვისტოს შეიქმნა. იმ დღიდან მოყოლებული, 10 – ზე მეტ სოციალურად დაუცველ ოჯახს დავეხმარეთ. საშობაოდ და სააღდგომოთ ვცდილობთ, გავახაროთ პატარები. ვაგროვებთ საჩუქრებს და ჩვენ წვლილ ბედნიერებას ვჩუქნით მას. სამწუხაროდ, დასახმარებელი ბევრია, მაგრამ ყველას ვერ ვეხმარებით ფინანსური მდგომარეობის გამო. სამ თვეში ერთხელ ვყიდულობთ პურს და ქალაქში გავდივართ, რომ ხალხს დავურიგოთ. ვეხმარებით ტაძრებს და მონასტრებს საჭირო ნივთების მიწოდებით. ჩვენი ინიციატივით, 20 – მდე ხატი დაიწერა და გადაეცა ეკლესიებს. ვისარგებლებ შემთხვევით და ჩემი და მირზას სახელით, მადლობას გადავუხდით თითოეულ შემომწირვევლს, ვინც გვაძლევს ადამიანების გახარების შესაძლებლობას. უფალმა დაგლოცოთ.

-და ბოლოს…

-და ბოლოს, უშეცდომო არავინაა დედამიწაზე, შეიძლება ვაწყენინინოთ ერთმანეთს, მაგრამ არასოდეს არ ჩავიდოთ წყენა გულში. ჩვენი სიცოცხლე ხანმოკლეა და არ ღირს ეს დრო ცუდი საქმეების კეთებაში განვლოთ. გვიყვარდეს ერთმანეთი და შევეცადოთ, რომ ერთმანეთს დავეხმაროთ ჯვრის ზიდვაში. ვაჩუქოთ ერთმანეთს მეტი სიყვარული. სიყვარულს ხომ შესანიშნავი თვისება გააჩნია, ის ძლიერდება ჩვენში, როცა მას უხვად ვუნაწილებთ სხვას. უფალი სიყვარულია ჩემი და შენი ღმერთი.

მასალა მოამზადა ეკა ფარულავამ

ქრისტეს წყლულებს ვერ ვიტვირთავ ამ სხეულით

ქრისტეს წყლულებს ვერ ვიტვირთავ ამ სხეულით,

სული მტკივა სხეულივით გეფიცები,

ნეტა რა მჭირს? რით, ვუშველო საკუთარ თავს,

რაც დრო გადის, უფრო მეტად ვსნეულდები.

დავიღალე საკუთარ თავს ვებრძვი,

ისევ, მეც მთებივით გარეგნულად ძლიერი ვარ,

მაგრამ სული, რომ იცოდეთ მეყინება

და ღმერთამდე ამ ტკივილით ვერ მივდივარ.

მწყინს, რომ ჩემი ამ პატარა საგულედან

ღმერთს ვერ ვუკმევ, ამ საოცარ სურნელებას,

მე სიყვარულს და სიკეთეს

რომ დავეძებ იმედია, ვიპოვი და მეშველება.

ქრისტეს წყლულებს, რომ ვიტვირთავ ამ სხეულით,

მხოლოდ მაშინ თავს დავაღწევ

დარდის უღელს, მხოლოდ მაშინ მეშველება

სულით სნეულს მხოლოდ, მაშინ თუ ვიტვირთავ

ქრისტეს წყლულებს.

დემეტრე ზარქუა


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!