ზურაბ გულორდავა: მინდა, ზუგდიდის განვითარებაში ჩემი წვლილი შევიტანო


  • კოსტავას ქუჩაზე, N54-ში, სავაჭრო-საოფისე ცენტრ “კოლხას” მესამე სართულზე, მდებარეობს შ.პ.ს. “მძღოლთა მომზადება-გადამზადების ცენტრი “იმედი”. ეს ცენტრი, მისმა დირექტორმა ზურაბ გულორდავამ,  2006 წელს, შვილთან, ზურიკო გულორდავასთან ერთად დააფუძნა. ზურიკო ცენტრის მენეჯერია, იმავდროულად, თეორიულ სწავლებასაც ხელმძღვანელობს. მამა-შვილს უყვართ თავიანთი საქმე და  მსმენელებიც ემადლიერებიან.

ზურაბ გულორდავა: – დავიბადე 1954 წლის 18 იანვარს, ზუგდიდის რაიონის სოფელ ოქტომბერში. მამა ადრე გარდამეცვალა.  ხუთი მცირეწლოვანი შვილით ხელში დარჩა დედაჩემი, მაგრამ იმდენი იღვაწა, ყველა კეთილსინდისიერად და პატიოსნად აღგვზარდა. მძიმე ბავშვობა მქონდა, მაგრამ ერთმანეთის გვერდით დგომით გადავლახეთ სიძნელეები…

35 წელზე მეტია, ზუგდიდის #103-ე პროფესიული სასწავლებლიდან დაწყებული, ვემსახურები ახალგაზრდობის აღზრის საქმეს, შემიძლია ვიამაყო მათთან  ურთიერთობებით. თუმცა, საზოგადოება ჭრელია, ამდენად შეიძლება იყოს უსამართლო შეფასებებიც იმ ნაწილისაგან, რომლებიც თვითონ ვერ აცნობიერებენ სამართალს და უსამართლობას. ასეთი შეფასებებისგან სამწუხაროდ, არავინ არ ვართ დაზღვეულები.

ძალიან მიყვარს ჩემი საქმე. მიუხედავად რამდენიმე შემოთავაზებისა, არასდროს არ მიფიქრია სხვა სფეროში გამეგრძელებინა მუშაობა. კეთილსინდისიერი და პროფესიონალი თანამშრომლების  გვერდით ვარ, მათ ნამდვილად ვერ გავემიჯნები. ჩვენ ერთი გუნდი ვართ.

  • – ბატონო, ზურაბ, “იმედი“ რა ახალ სერვისებს სთავაზობს მოქალაქეებს პოსტკორონა რეჟიმში?
მძღოლთა მომზადება-გადამზადების ცენტრის კლას-კაბინეტში

შ.პ.ს. “მძღოლთა მომზადება-გადამზადების ცენტრის “იმედის” ბაზაზე არსებული ავტოსკოლა დაფუძნდა 2006 წელს. ავტოსკოლას გააჩნია სასწავლო კლას-კაბინეტი, რომელიც აღჭურვილია საჭირო თვალსაჩინოებებით და ლიტერატურით. გააჩნია სახელმწიფო სტანდარტის ავტოდრომი, სასწავლო მანქანები, ვამზადებთ ყველა კატეგორიის მძღოლობის კანდიდატებს, სწავლება გათვლილია 15-დან 36 კალენდარულ დღეზე. ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირის მონაცემებით, ავტოსკოლას მინიჭებული აქვს 2014-2015 წლებში სამეგრელო-ზემო სვანეთის საწარმოებს შორის რეიტინგი “ოქრო“.

  • – რადგან საჭესთან ქალი ჩვეულებრივი მოვლენა გახდა, მძღოლობის მსურველი ქალების რაოდენობა ალბათ გაიზარდა… და საერთოდ, რამდენ ხანში შეიძლება მართვის მოწმობის აღება…

-მართვის მოწმობის აღების დრო ინდივიდუალურია. უფრო მეტად მოთხოვნა არის B კატეგორიაზე, სადაც ქალი კანდიდატების რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა. ეს მისასალმებელია, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ზოგადად, მართვის მოწმობის მისაღები გამოცდების დონე იმდენად დაბალია, რომ მათ კვალიფიკაციაზე ლაპარაკიც ზედმეტია. ამიტომ, ჩემი აზრით, სახელმწიფო მეტი სერიოზულობით უნდა მოეკიდოს მართვის მოწმობის მისაღებ გამოცდებს.

ჩვენი ავტოსკოლის კურსდამთავრებულების 80-85% პირველ ცდაზე აბარებს გამოცდას. ხაზი მინდა გავუსვა ხშირ ავტოსაგზაო შემთხვევებს, რაც ძირითადად, თვითნასწავლი, არაკვალიფიციურად მომზადებული მძღოლების ხარჯზე მოდის. ეს იმას ნიშნავს, რომ ავტოსკოლებმა უნდა აიღონ კომპეტენტურად სწავლების პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე…

  • -კვალიფიციურად მომზადებული მძღოლი ალბათ, არის გარანტი ნაკლები ავტოსაგზაო შემთხვევების…

მინდა ხაზი გავუსვა რამდენიმე ძირითად მიზეზს, რაც იწვევეს ავტოსაგზაო შემთხვევებს და ჩრდილს აყენებს ავტოსკოლაში დასაქმებულთა ავტორიტეტს. კერძოდ, 2005 წელს, ლიცენზიერებისა და ნებართვების შესახებ, საქართველოს კანონში (მუხლი 6. პუნქტი 25) ავტოსკოლების სავალდებულო ლიცენზირების გაუქმებამ, ხელი შეუწყო უსახური სკოლებისა და რეპეტიტორის ინსტიტუტის აღმოცენებას, რაც პირდაპირ აისახა სწავლების ხარისხზე, ასევე 2007 წელს, ძალადაკარგულად გამოცხადდა მძღოლის პროფესიაში, პროფესიული სტანდარტისა და სასწავლო პროგრამების არსებობა. დღემდე, ძველი შემორჩენილი ლიტერატურით, ვახერხებთ მივაწოდოთ ცოდნა იმ თითო-ოროლა მსმენელს, რომლებიც პროფესიისადმი სიყვარულითა და საკუთარი პასუხისმგებლობის გრძნობის ამაღლებით თუ მოაკითხავენ ავტოსკოლას. 2014 წლიდან, საგზაო უსაფრთხოებისა და ავტოსკოლების ასოციაციასთან ერთად, რომლის გამგეობის წევრი მე გახლავართ, ვის არ მივმართეთ, იყო შეპირება, რომ საკითხი მოგვარდებოდა, ამოქმედდებოდა მე-60 მუხლის, პირველი პუნქტი, რომელიც ითვალისწინებს ავტოსკოლების ქსელის მოწესრიგებას, მაგრამ დაპირება დაპირებად დარჩა. გარდა ამისა, არის პრინციპულად საჭირო საკითხები, რომლებიც აუცილებელ გადაწყვეტას საჭიროებს ამ დარგში. იმედს გამოვთქვამ, რომ ჩვენი ასოციაციის მიერ წარმოდგენილი პროექტი, რომელიც პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უნდა განიხილოს, არ იქნება იგნორირებული. გარწმუნებთ, რომ ეს იქნება წინ გადადგმული ნაბიჯი. კვალიფიციური მძღოლების მომზადებისაკენ. კვალიფიციურად მომზადებული მძღოლი კი, არის გარანტი ნაკლები ავტოსაგზაო შემთხვევების. გამომდინარე აქედან, აუცილებლად მიმაჩნია, რომ მოხდეს ავტოსკოლების ლიცენზირება, პედაგოგი-ინსტრუქტორების კვალიფიკაციის ამაღლება, საგამოცდო სისტემის სრულყოფა და დაახლოება ევროპულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან. უნდა მოხდეს დარგის ერთ საზედამხედველო სივრცეში მოქცევა. საბედნიეროდ, საქართველოში, არიან ძველი და ახალი თაობის პროფესიონალი სპეციალისტები ამ დარგში, რომლებიც იტყვიან თავიანთ გადამწყვეტ სიტყვას. შეგიძლიათ გვენდოთ. ჩვენ ყოველთვის ვუჭერდით და მომავალშიც დავუჭერთ მხარს უსაფრთხო მოძრაობისთვის გადადგმულ ნაბიჯს.

  • -დატვირთული დღის წესრიგი გაქვთ, მოგვიყევით, როგორ უთავსებთ ერთმანეთს სამსახურსა და ოჯახს ისე, რომ ორივეგან იყოთ წარმატებული?

– საქმეს ემოციურობა არ უხდება, ვცდილობ, ყოველთვის თავი შევიკავო, რასაც ვახერხებ კიდეც და ჩემი სამსახურებრივი წარმატების ერთ-ერთ მიზეზადაც ამას ვთვლი. რაც შეეხება, თავისუფალ დროს, ცოტა მაქვს. თუ მაქვს, ძირითადად, ოჯახს, მეგობრებს ვუთმობ. შეყვარებული ვარ ჩემს სოფელზე და თანასოფლელებზე. არაფერს არ ვიშურებ მათთვის. მინდა, შეძლებისდაგვარად, გვერდში დავუდგე მათ და გავამხნევო.

  • -რას ნიშნავს თქვენთვის ოჯახი… როგორი მეუღლე, მამა და ბაბუა ხართ?
ზურაბ გულორდავა: “ჩემი მეუღლე ნონა ჯანაშია პროფესიით ბუღალტერია, მაგრამ ამჟამად დიასახლისია. ის ჩემი საუკეთესო მეგობარია.”

-ოჯახი ჩემთვის ყველაფერია. ჩემი მეუღლე ნონა ჯანაშია პროფესიით ბუღალტერია, მაგრამ ამჟამად დიასახლისია. ის ჩემი საუკეთესო მეგობარია.

გვყავს ორი არაჩვეულებრივი შვილი: ზურიკო და სოფიკო, ორივე დაოჯახებულები არიან.

ზურიკო გულორდავა  მეუღლესთან თამუნა მიქავასთან და შვილებთან: ნიაკოსთან და ნიკოლოზთან.

ზურიკოს  მეუღლეა თამუნა მიქავა. ჰყავს ორი შვილი: ნიაკო და ნიკოლოზი. სოფიკოს მეუღლეა კობა ჩიკვატია და ჰყავთ სამი შვილი. მათ შორის ტყუპები მარი და მართა და უმცროსი ვაჟი ლაზარე.

  • -ბატონო ზურაბ, რა თვისება არ მოგწონთ ადამიანში?

-ადამიანში არ მომწონს უმადურობა, ორპირობა და სიკეთის არ დანახვა. სამწუხაროდ, ჩვენს საზოგადოებაში არიან ადამიანები, რომლებიც უკან მოუხედავად ყველაფერზე მიდიან ოღონდ თავიანთი კარიერა მოიწყონ, ამით ისინი ზიანს აყენებენ საკუთარ თავს და გარშემო მყოფთ. ვერ გრძნობენ, რომ მოტყუებულები რჩებიან.

  • -რას გვეტყვით, ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობაზე…

-რთული პერიოდი დაგვიდგა… მსოფლიოს ძალიან გაუჭირდა. პანდემიამ მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობა გააუარესა. მაგრამ იმედია, ერთობით და ჩვენი ძალისხმევით ამ განსაცდელსაც გადავიტანთ. აქვე, მინდა, შემთხვევით ვისარგებლო და  მადლობა გადავუხადო ჩვენს საიმედო მედპერსონალს, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ მინიმალური დანაკარგებით გავმკვლავებოდით “უხილავ მტერს“.

  • -და ბოლოს…

ძალიან ვარ შეყვარებული ზუგდიდზე და ზუგდიდელებზე. მინდა ჩემი ქალაქი აღორძინდეს. მზად ვარ, ჩემი წვლილი შევიტანო ამ საქმეში.

ზუგდიდელებს ვუსურვებ გამძლეობას, ერთმანეთის გვერდში დგომას და იმ ტრადიციების და სიყვარულის უფრო გაძლიერებას, რასაც ზუგდიდელები ავლენდნენ თავის დროზე. სამწუხაროდ, რაღაც უკამარისობის გრძნობა მეუფლება, მაგრამ ჩვენი ახალგაზრდების იმედი მაქვს. ნუ გავუშვებთ სადაავეებს ხელიდან მოვეფეროთ და მივუტევოთ ერთმანეთს. ღმერთი იყოს ჩვენი და სრულიად საქართველოს მფარველი.

  • -წარმატებებს გისურვებთ.

“ზუგდიდელები”


კომენტარი

  1. ნინო გადრანი

    გამარჯობა.ბავშვს თეორია ჩაბარებული აქვს პრაქტიკაზე დადიოდა და პრაქტიკის გამოცდის ჩაბარებას შეძლებს თუ არა ზუგდიდში.მადლობა.წინასწარ

  2. ნინო გადრანი

    ნინო გადრანი აგვისტო 14, 2022 at 23:05
    გამარჯობა.ბავშვს თეორია ჩაბარებული აქვს პრაქტიკაზე დადიოდა და პრაქტიკის გამოცდის ჩაბარებას შეძლებს თუ არა ზუგდიდში.მადლობა.წინასწარ

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!