მართვის მოწმობის აღება ხვალიდან დროებით ჩერდება


  • კორონავირუსის პანდემიის გამო ხვალიდან, 30 ნოემბრიდან საქართველოს მასშტაბით მართვის მოწმობის აღებისთვის საჭირო პროცედურები დროებით ჩერდება. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
“საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებისა და რეკომენდაციების შესაბამისად, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო 30 ნოემბრიდან გარკვეული სერვისების მიწოდებას დროებით აჩერებს და მუშაობის განსხვავებულ რეჟიმზე გადადის.
ახალი რეგულაციების თანახმად, მოქალაქეები დროებით ვერ შეძლებენ სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდაზე გასვლას, გარდა იმ პირებისა, ვისაც დაჯავშნილი ჰქონდათ თეორიული გამოცდის დღე ან ჩაბარებული აქვთ თეორიული და აბარებენ პრაქტიკულ გამოცდებს. მათ საშუალება ეძლევათ ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, ისარგებლონ შესაბამისი მომსახურებით. ასევე, ის პირები, რომლებსაც შეჩერებული აქვთ სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, მისი აღდგენის მიზნით, გამოცდებზე დაიშვებიან ელექტრონული რიგის დაჯავშნის გარეშე.
დროებით ჩერდება ცეცხლსასროლი იარაღის რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურებიც.
გარდა ამისა, 30 ნოემბრიდან იზღუდება მომსახურების სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ფარგლებს გარეთ მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერების პროცედურის განხორციელება, გარდა საბაჟო საწყობის ზონისა და სატრანსპორტო საშუალების მწარმოებლის ოფიციალური წარმომადგენელი (დილერი/ ცენტრი) კომპანიების ტერიტორიაზე.
ასევე, მოქალაქეები დროებით ვერ ისარგებლებენ ახალქალაქისა და ამბროლაურის სერვისცენტრებში სასურველი მომსახურებით.
ახალი სამუშაო გრაფიკის თანახმად, მომსახურების სააგენტოს შეგიძლიათ მიმართოთ სატრანსპორტო საშუალების განბაჟების, რეექსპორტის, ექსპორტისა და რეგისტრაციის პროცედურების განსახორციელებლად მხოლოდ ორშაბათს, ოთხშაბათს, პარასკევსა და შაბათს.
რაც შეეხება მომსახურების სააგენტოს მიერ გასაცემ ცნობებს, განაცხადის მიღება შესაძლებელია მხოლოდ ელექტრონული წესით, მომსახურების სააგენტოს ვებგვერდის საშუალებით (sa.gov.ge). მზა დოკუმენტის გაცემა მოხდება განაცხადის შევსებისას მითითებულ სტრუქტურულ ერთეულში მხოლოდ ორშაბათს, ოთხშაბათს, პარასკევსა და შაბათს.
ამასთანავე, კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, გადაუდებელი აუცილებლობის გარდა, ნუ მიმართავთ მომსახურების სააგენტოს სერვისცენტრებს, ხოლო მიმართვის შემთხვევაში, თავი შეიკავეთ გარეშე პირების თანხლებისაგან”.-ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!