შამგონა-ერთადერთი კუნძული საქართველოში

  • შამგონა ულამაზესი სოფელი და ერთადერთი კუნძულია საქართველოში. სოფლის “ისტორიულ ნარკვევზე” უმუშავია შამგონელ აწგარდაცვლილ ბორის ზვამბაიას, რომელიც თავის დროზე, შამგონის სკოლის დირექტორი გახლდათ.

ბორის ზვამბაიას “ისტორიული ნარკვევი” “ზუგდიდელებს” გადასცა სოფლის მცხოვრებმა, პედაგოგმა, ქალბატონმა ნუნუ წყაროზიამ, რომელიც წლების მანძილზე, შამგონის სკოლის დირექტორი იყო. ბატონი ბორისი, თურმე ჯერ კიდევ სიყრმისეულ წლებში, წერდა სოფლის შესახებ და ამ ისტორიებს ის აგროვებდა კარდაკარ სიარულით.

გადმოცემის თანახმად, შამგონა, საქართველოს ერთადერთი კუნძულია, რომელიც გარშემორტყმულია ოთხივე მხრიდან მდინარე ენგურით. ეს პატარა კუნძული, თურმე, მე-15 საუკუნის წყალდიდობის შედეგად წარმოიშვა. წყაროების მიხედვით, სოფელი თავდაპირველად ნახევარკუნძული ყოფილა, რომელსაც ჩრდილოეთიდან ესაზღვრებოდა მდინარე ენგური, სამხრეთით რუხის წყალი, რომელიც უერთდებოდა მდინარე ენგურს სოფელ ხურჩასთან და ნახევარკუნძულის ბოლოც აქ იყო. ჩრდილოეთ აღმოსავლეთით იგი უერთდებოდა ხმელეთს.  წარსულში სოფელი დაფარული ყოფილა ტყითა და უნაყოფო ვენახით, რომელსაც ,,შამგუს” უწოდებდნენ და სწორედ სახელწოდებიდან გამომდინარე, ეს ადგილი შემდგომ წყაროებში “შამგონად” ეწოდა.

ბატონი ბორის ზვამბაია თავის ჩანაწერებში წერს: “ლამაზია ჩემი სოფელი შამგონა, მდინარე ენგურის მოზრდილი კუნძული. მდიდარი და მრავალფეროვანია მისი ბუნება, უფრო მდიდარი ყოფილა იგი წარსულში, როცა კუნძული ხშირი ტყით იყო დაფარული, ტყე მდიდარი იყო ნადირითა და ფრინველით. მდინარე ენგური სავსე იყო თევზით. აქ მრავლად იჭერდნენ კალმახს, წვერას, ზუთხას, ორაგულს. დადიანები კუნძულზე სანადიროდ თურმე, ხშირად ჩამოდიოდნენ. განსაკუთრებით ლამაზია შამგონა გაზაფხულზე, როცა ხეები ფოთლებით შეიმოსებიან, ხეხილი აყვავილდება და მინდორი მრავალფეროვანი ყვავილებით მოიჩითება, როცა მდინარე ენგური ადიდდება. უნდა ნახოთ მაშინ ჩემი სოფელი”.

ბატონი ბორისი, თურმე მოსწრებია ვაზით დაბურულ ტყის მცირე ნაწილს მის დასავლეთ ნაწილში. “ბავშვობაში ამ ვაზს ვჭრიდით, გამოვათრევდით 10-12 მეტრი სიგრძის შტოს, ბოლოებზე მოვაბამდით მძიმე ქვებს და ვაკრავდით ძაფგამობმულ ანკესებს, ჩავდგამდით მდინარეში, თევზებს ვიჭერდით. ამჟამად, ეს ვაზი გადაშენებულია, მაგრამ მისი სახელი კუნძულს შემორჩა.”

“ისტორიული ნარკვევის” მიხედვით, სოფელში, თურმე პირველად დასახლებულან გოროზიები. ისინი დადიანების მწყემსები ყოფილან და ჯოგს აძოვებდნენ ჯოღ ეჯიანის (ახლანდელი სოფელი ინგირის) ტერიტორიაზე.  მათ უნახიათ, რომ ამ მდინარის გაღმაც, ზოგან კარგი საძოვრები ყოფილა. შემდეგში მწყემს გოროზიებს ფაცხებიც ჩაუდგამთ. ტყისა და ვაზის ჩეხვა დაუწყიათ. მიწათმოქმედებისათვისაც მიუყვიათ ხელი. დადიანები განაწყენებულან და სოფლიდან აყრილან. დროთა განმავლობაში, გოროზიებს გვარი გამოუცვლიათ და წყაროზიების გვარით კვლავ დაბრუნებულან შამგონაში. შემდეგ ხობიდან ჩამოსულან ხობუები (ამჟამად ხუბუები). უფრო გვიან კი თორიები და ღურწკაიები.

ბორის ზვამბაია, თავის “ისტორიულ ნარკვევბში” წერს, რომ პირველი აზნაური, რომელიც შამგონაში დასახლდა გაბუნია ყოფილა, შემდეგ დასახლებულან ჩიქავები, ხვარძიკიები, ზვამბაიები, ივარდავები. შემდეგ კი მარღანიები. პირველი თავადები შამგონაში შერვაშიძეები ყოფილან.

მასალა მოამზადა ხატია წყაროზიამ

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.