რატომ დაუწერა ნოდარ დუმბაძემ ზუგდიდელ ნუცა გერგედავას და მის მეგობარს ლექსი

  • სტუდენტობისას, ზუგდიდელ ნუცა გერგედავას, თბილისში, მარის ქუჩაზე, ნაქირავებში, მეგობარ ნუცა ხობელიასთან ერთად უცხოვრია. ამ ჭერქვეშ უცხოვრია ნოდარ დუმბაძესაც თავის დასთან, ლეილასთან ერთად. მათ მეგობრული ურთიერთობა ჰქონიათ ერთმანეთთან.
ნუცა ხობელია
ნუცა გერგედავა

მოუსვენარი და ოხუნჯი ყოფილა უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის სტუდენტი ნოდარ დუმბაძე, რომელსაც, რატომღაც, ნაკლებად აინტერესებდა, თურმე, ეკონომიკა და დღე ისე არ გავიდოდა, ლექსი არ დაეწერა ორი ნუცასთვის და მათი ოთახის კარის ქვეშ არ შეეცურებინა.
გოგონები იცინოდნენ თურმე იუმორით დაწერილი ლექსებზე, ნოდარი კი, თვითდაჯერებულ სახეს მიიღებდა და გოგოებს ეუბნებოდა: “-იცინეთ, იცინეთ, სულ მალე ნოდარ დუმბაძე ცნობილი პიროვნება გახდება”.
ლექსი, რომელსაც გთავაზობთ, ნოდარ დუმბაძეს, მას შემდეგ დაუწერია, როცა ერთი ნუცა (გერგედავა), ძმასთან ერთად, მარის ქუჩიდან, სხვაგან გადასულა საცხოვრებლად და მარტოდარჩენილ მის სეხნია ნუცას (ხობელია) ძალიან მოუწყენია.

ვუძღვნი ნუცას და ნუცას

სადაც ეტყვი იქ იცხოვრებს,
სადაც გინდა, სად არ წავა.
ახლა კოჯორს მიაშურა
გადასახლდა გერგედავა.

გულის ძგერა შეუერთა
თბილისს, წუთით გადარწეულს,
აიკიდა ბარგ-ბარხანა
და მიადგა ახალჭდეულს.

ახლა სუნთქავს ლაჟვარდ ეთერს,
ფუნიკულიორს ზურგში უმზერს,
თუ დასჭირდა, თვალს მოავლებს,
თვით მანგლისის ციხის ზღუდეს.

კურორტზეა, უკეთესი
სხვა სამყარო რომელია?
მაგრამ მაინც გული ტკივა-
მარტო დარჩა ხობელია.

ხობელია ტელეფონზე
დაეკიდა, არ შორდება,
ვაი, რა ძნელი ყოფილა
მეგობართან განშორება!

დაურეკავს: “ახლა მოვალ!
ელის ნუცა, ნუცას ელის…
უხარია ავტობუსის და
ტრამვაის გამოჩენის.

მიასკდება ფანჯარას და
ნუცას ელის გულის ძგერით,
“მე და შენი დაშორება!”
ფანჯარასთან მარტო მღერის.

რამდენიმე კვირა გავა,
კვალი არ ჩანს მანგლისელის,
და ნუციკო მარტოდმარტო
“შორის გზიდან სატრფოს ელის.
ნოდარ დუმბაძე
1947 წელი

წყარო: ჟურნალი “ზუგდიდელები”

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.