ომარ გულუა: “…უსასრულობისკენ მარადიული ფრენა და ჯადოქრობაა პოეზია”

  • პოეტი ომარ გულუა  წარმოშობით ზუგდიდიდანაა. ამჟამად ცხოვრობს საფრანგეთში, პარიზში  ოჯახთან ერთად. ახალგაზრდა შემოქმედი “ზუგდიდელებთან“ ამბობს: “უსასრულობისკენ მარადიული ფრენა და ჯადოქრობაა პოეზია.“

ომარ გულუა: “დავიბადე ქალაქ ზუგდიდში, დავამთავრე ქ. ზუგდიდის მე-5 საშუალო სკოლა. ამჟამად ვცხოვრობ საფრანგეთში, ქ.პარიზში. სამშობლოდან წამოსული ვარ უკვე მე-11-ე წელია, რაც ალბათ ყოველი ადამიანისთვის მტკივნეულია. ემიგრაციის წლებმა ჩემში უდიდესი გავლენა მოახდინეს, რაც ალბათ ღია ჭრილობასავით ატყვია ჩემს შემოქმედებას. ემიგრანტებთან ურთიერთობა მაინც სადღაც გვიმსუბუქებს მონატრების სიმძიმეს, რაც შეეხება ფრანგებთან ურთიერთობას, მქონია რთული სიტუაცია ემიგრანტობის პირველ წლებში, მაგრამ მათი სიკეთით დამიძლევია ყოფა-ცხოვრება, ძალიან თბილი და კეთილი ხალხია.“

-როდის დაიწყეთ წერა?

-ლექსი პირველად, რომ დავწერე ვიყავი ალბათ ათი წლის.

-რისი თქმა გსურთ მკითხველისთვის?

-პოეტის მოვალეობაა, მხოლოდ სიმართლის წერა, ყოველთვის ვცდილობ, სიმართლით და ფიქრებით გავიარო ყოველი მკითხველის გულში.

-რა არის თქვენთვის პოეზია?

-პოეზია ჩემთვის ალბათ უფრო სევდაა, რასაც უფალი ჩვენთვის განიცდის.

-რას ნიშნავს იყო “პოეტი”?

-იყო “პოეტი“ ნიშნავს, რომ მარტო საკუთარ თავს არ ეკუთვნი… ჭეშმარიტი პოეტი თავს არ მოიტყუებს, რადგან პოეზია სინამდვილეა, არ შეიძლება ერთი ხიდან ორი სხვადასხვა ნაყოფი მიიღო, თუ ადამიანის ხელი არ ურევია… არ შეიძლება ჩარჩოში მოთავსდეს უსასრულობა, რადგან ამ უსასრულობისკენ მარადიული ფრენა და ჯადოქრობაა პოეზია.

-რა არის თქვენი შთაგონების წყარო? ძირითადად რაზე წერთ?

-ძირითადი შთაგონების წყარო-სიყვარულია, რაც უფალმა გვარგუნა ადამიანებს, სწორედ ამ სიყვარულით არსებობს სიმშვენიერე, სიკეთე და მონატრება და რა თქმა უნდა, ამიტომაც სევდაზე და სიყვარულზეა ჩემი პოეზიაც.

-რას ურჩევდით მომავალ თაობას, ახალგაზრდა შემოქმედებს?

-მომავალ თაობას ვურჩევ თავმდაბლობას, მეტ შრომას და სიმართლისთვის ბრძოლას, რაც ჩვენს სამშობლოს სასიცოცხლოდ სჭირდება.

-თქვენს სამომავლო გეგმებზე, რომ გვითხრათ… აპირებთ თუ არა კრებულის გამოცემას?

-უახლოეს პერიოდში ვაპირებ წიგნის გამოცემას, იმედია, ვიტყვი ალბათ ჩემს სათქმელს…

მასალა მოამზადა ზუგდიდის შოთა მესხიას სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პირველი კურსის სტუდენტმა მარიამ კუტალიამ

***

რამდენი ადამიანია, იმდენივე ვარ!

მილიარდობით

გაჩენილ ქსოვილებში

იმალება გარდაცვლილი სიზმრები,

აკლდამასავით ვინახავ თითოეულს,

ორთქლივით გავაღწიე ყველგან

და ცრემლებით ვუბრუნდები

დაბრმავებულ თვალებს,

სარკესავით ვწმინდავ

და ყოველ ნაკვთს ვათვალიერებ,

სადაც უამრავი ჭრილობა ჩანს.

საუკუნეებს ითვლიან იარები,

წამლად სიყვარულზე მეტი ვერ გამოვუგონე საკუთარ სხეულს,

რადგან ოდესღაც სიძულვილით

დამიმარცხებია იგი,

კაენი ვიყავი და მაინც აბელის სევდა მსდევდა…

სიბნელის სწავლით განმიჭვრეტია სინათლე…

ვინ არ ვყოფილვარ

და სად არ ვყოფილვარ,

მერამდენედ  დავბადებულვარ-

ხსოვნის ბაგაში ვერ ეტევა სიტყვები,

სადაც ვარსკვლავები მიარღვევენ უნაპირო ღამეს…

ყველგან ვიყავი:

ხმელეთზე-პირამიდა,

ჰაერში-ქარი,

ცაზე-მზის სხივი,

ასე დავღვინდი

და მთვარეულს ჩემი მეგონა სამყარო,

გამოვფხიზლდი

და ვგრძნობ უსუსურობას, სისუსტეს,

რომელსაც თავისივე ლანდი კლავს…

****

უცნობი ქუჩა და პარიზი,

ათასი სევდით გავხვეულვარ

კვალგამქრალ ქალაქში,

მათხოვარი ძაღლივით

ავკიდებივარ საკუთარ ლანდს,

მივიჩქარი

და საით? – არ ვიცი…

ამეკვიატა ფრაზა- ,,მე შენ მიყვარხარ!”-

ეს არასდროს მითქვამს,

არადა, შენსავით ლამაზი

იყო ეს სამი სიტყვა,

ამ სამი სიტყვით ამიგია სიზმრის ტაძარი

და მზის ჩრდილივით დამისვენებია ოდესღაც გული…

იობის მოთმინებით ვზივარ

ახლა სადღაც კიბესთან,

სადაც ბოლო საფეხურია…

ღრუბელივით დაწურულ

თვალებს შორეული ოცნებისკენ ვეზიდები,

შენი თმებივით მიმოფენილან

ტევრები…

***

წამია ცხოვრება

და ამ წამის მეასედშიც ვიღაცა გარბის…

ყოველთვის ვიბრმავებ თვალებს

და საკუთარ თავს ვემალები…

ზოგჯერ სარკეს ვუცქერ

და აჩრდილს ვუტოვებ

მინისფერ სამყაროს

და მიმალულ სიყვარულს

ჩუმად ვეჩურჩულები.

სამყარო ნოტებადაა დაშლილი

და აგერ წვიმაში

სევდიანი მუსიკოსი რომ დგას

ანარეკლივით მიყურებს,

და თანაზიარად

უგალობს მოლივლივე ოცნებებს,

რომელიც წამად შერჩენია მარადისობის…

ომარ გულუა

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.