მარიკა ბიგვავა: “მე ის გოგო ვარ, ერთდროულად, რომ შეუძლია, ათამაშოს ხასიათში მზე და ქარები”…


  • მარიკა ბიგვავა შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამის პირველი კურსის სტუდენტია, წერს ლექსებს და ჩანახატებს.

მარიკა ბიგვავა: “ვარ 29 წლის, შშმ პირი, ცერებრალური დამბლა იოლ ფორმებში, ქვედა კიდურების პარეზი. შორ მანძილზე დახმარების გარეშე ვერ დავდივარ. მაგრამ მაინც გამოუსწორებელი ოპტიმისტი და ვფიქრობ, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს, როცა ისეთი ადამიანები მყავს გარშემო ვინც ისეთს მხედავენ, როგორიც უფალმა ჩამიფიქრა… სწორედ, ასეთი ადამიანების და საკუთარი ძალისხმევის დამსახურებით, ვარ სტუდენტი. ვსწავლობ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამის ჟურნალისტიკის განხრით. ვფიქრობ, რომ ეს პროფესია დამეხმარება საკუთარი თავის პოვნაში, ვარ იქ სადაც, მინდა და ვაკეთებ იმ საქმეს, რომელიც მთელი გულით მიყვარს”.

-ამბობ, რომ ხარ გამოუსწორებელი ოპტიმისტი, აკეთებ საყვარელ საქმეს, წერ…

-დიახ ვწერ, ალბათ სკოლის პერიოდიდან, ზუსტი თარიღი არ მახსოვს. ძირითადად ცხოვრებისეულ თემატიკაზე ვწერ. კონკრეტული შთაგონების წყარო არავინ მყავს.

შენი სამეგობრო თუ იცნობს შენს შემოქმედებას.

-ჯერ მხოლოდ ვიწრო მეგობრების აუდიტორიას ვუზიარებ, ჩემს ნამუშევრებს და მხოლოდ იმიტომ, რომ არ მინდა დამეკარგოს ჩემი ნააზრევი, რომელიც ხშირად მათთაც მოსწონთ.

-საყვარელი პოეტი?

-ძალიან მიყვარს გალაკტიონ ტაბიძის შემოქმედება.

შენი თავისუფალი გადაადგილებისთვის რა არის საჭირო?

-ოპერაცია-ენდოპროტეზირება. 19 წლის ასაკში, მყესების დაგრძელების ოპერაცია წარმატებით ჩამიტარდა, მაშინ პირველად ვიგრძენი ტერფქვეშ სრულად მიწა. შემდეგ ექიმებმა მითხრეს, როცა 25 წელი შემისრულდებოდა, შეიძლებოდა მომდევნო ოპერაციის გაკეთება, შემდეგ გეგმები შემეცვალა, ნაწილობრივ ფინანსების და ნაწილობრივ ჩემი გადაწყვეტილების გამო. მოგვიანებით ჩავირიცხე და არ მინდოდა დაუსწრებლად მესწავლა, ასე მოვედი აქამდე.

საავადმყოფოში, საოპერაციოსკენ მიმავალ გზას რომ გამაყენა მედდამ, მედიკამენტებით გაბრუებული, ინვალიდის ეტლით, ვიცი წუწუნის უფლება არ მქონდა და არც ვწუწუნებდი, უბრალოდ ჯოჯოხეთური ფიქრები მაგიჟებდნენ. მაკანკალებდა შიშისგან, კბილს კბილზე ვცემდი, თუმცა მეუბნებოდნენ ეს დროებითიაო. ფუფალასავით გაპრანჭული შევედი საოპერაციო ოთახში, ხოლო ნარკოზის შემდეგ, რომ გავიღვიძე და სარკეში ჩავიხედე, შემეშინდა რაღაცნაირად, თითქოსდა სახე ახეული უცნობი გოგო მიმზერდა, თვალებჩაშავებული, სულ რამდენიმე საათის წინ, რომ პრანჭია იყო და ახლა გაყინული მზერით ჩამცქეროდა თვალებში. რომ გამოვიღვიძე, ფეხებს ვერ ვგრძნობდი, მეგონა ამპუტაცია დამჭირდა და საზიზღარი გრძნობა დამეუფლა თან გაუსაძლისი ტკივილი ერთვოდა ამ ყველაფერს… ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს ცხოვრებამ წიხლი მითავაზა ზურგიდან და მენჯი ამომიგდო ბუდიდან… დანებების უფლება არ მქონდა, საკუთარ თავს ვებრძოდი… ჰო, ვებრძოდი… იქიდან კი ის მებრძოდა… უცნაურია ცხოვრება, არავინ ვიცით, როდის რა გველოდება ადამიანებს, მაგრამ როცა წარმოუდგენელ ადგილას ხვდები, მერე იცი, რომ დღეს შენი ჯერია და დანებების დრო არაა… მხოლოდ საკუთარი თავის ხელში აყვანა და გამხნევება გრჩება. წელში გაიმართე ჩემო თავო! დღეს ცხოვრების ახალი ეტაპი დაგიდგა, სიარული უნდა ისწავლო ახლიდან… სწავლა კი განა ცუდია?! ზუსტად, რომ დაცემულები ვსწავლობთ ცხოვრებას, დიახ, მეც უნდა დავცემულიყავი, რომ მეორედ სიარული მესწავლა… დიახ, მეორედ და დიახ ხელახლა. როგორც გითხარით, 19 წლის ვიყავი სრულყოფილად ფეხქვეშ მიწა რომ ვიგრძენი. ( მანამდე “დავფრინავდი” პოზიტივს აქაც არ ვკარგავ, ხანდახან მგონია ნერვის ნაცვლად რკინა მაქვს ისეთ სიძლიერეს ვპოულობ საკუთარ თავში… ) ახლა მე ახლად მოსიარულე ბავშვს ვგავარ. ჯერ ერთი და მერე მეორე ნაბიჯი გადადგი, ღრმად ისუნთქე, ჩამჩურჩულებს ყურში და სიარულს მასწავლის ქვეცნობიერი. “გამარჯობა ცხოვრება” ვამბობ და წელში ვსწორდები. ჯერ ისევ მაკანკალებს, მაგრამ ხვალ მზე გამოანათებს და მერე უკვე უკეთ გავივლი.

-ჯანმრთელობას და წარმატებებს გისურვებ. ალბათ, სასიამოვნო იქნება ჩვენი მკითხველისთვის შენი გაცნობა.

მე ის გოგო ვარ, გულს რომ გაჩუქებს, გულს თუ აჩვენებ, მე ის გოგო ვარ, ქარიშხალში მზეს, რომ დაეძებს. მე ის გოგო ვარ, მჯობზე მჯობშიც, რომ გაარჩევენ და უბადრუკებს არასოდეს თავს დაამეტებს. მე ის გოგო ვარ, ერთდროულად, რომ შეუძლია, რომ ათამაშოს ხასიათში მზე და ქარები.. თქვენი საქმეა, თქვენი დონე და გემოვნება, მოგეწონებით მე, თუ უფრო დუნე ქალები. მე ის გოგო ვარ, ღამეები, რომ ათენებენ, და მამის გულის პულსაციას მაჯასთან ითვლის. ის გოგო, ვისაც ნაბიჭვრები ვერ აჯერებენ, ვინც ავიც, კარგიც და ავ-კარგიც მშვენივრად იცის! მე ის გოგო ვარ, ხაფანგი რომ ბევრჯერ დაუგეს, სულელად მოაქვს თავი, რადგან არის ჭკვიანი! მე ის გოგო ვარ, ვინც კაცუნებს პირში აფურთხებს, ვინც დღეს მოქმედებს, რადგან ,,ხვალე” არის გვიანი! მე ის გოგო ვარ, მამიკოს რომ ბიჭივით უდგას გვერდში და იცის, არ გამოვა მშობლის ღალატი! ვერცერთმა ჩმორმა თითი მე ვერ გამიტკაცუნა, არაკაცების გინებაშიც ძლიერ თამამი! მე ის გოგო ვარ, მზეც რომ არ წვავს, მზეც კი, მზეწვია! და სირთულეებს, თავსატეხებს ირჩევს თავადვე. მე ჭეშმარიტი სიყვარული ჯერ არ მეწვია აქამდე, რადგან ჩემი გრძნობა ვერვის გავანდე. მე ის გოგო ვარ, ზამთარში რომ ყინულებს ათბობს, მე ის გოგო ვარ, რომ აცხუნებს ზოგჯერ მზეწვია. მე ის გოგო ვარ, რომ ეგონა, ,,ვიღაც” უყვარდა, მაგრამ აქამდე ნაღდი გრძნობა ჯერ არ ეწვია.. მე ის გოგო ვარ, ცრემლებიდან ლექსის მწერალი, თეთრი ხალათის მერე მართობს ჩემი გიტარა. ყველა მიყვარხართ (მე ვერ შემცვლის ქვეყნად ვერავინ), და მეცოდება, გულში შხამი ვინც გამიყარა!


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.