ზუგდიდელი ილონა ჩუხუა ევროპის სოლიდარობის კორპუსის ფარგლებში პოლონეთში გაემგზავრება

  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, ძეგლთა დაცვის, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის, განათლების განყოფილების განსაკუთრებული ნიჭის მქონე ახალგაზრდებისა და ბავშვთა ფინანსური ხელშეწყობის პროგრამის უზრუნველყოფის მიზნით შექმნილმა კომისიამ, ხუთი ნიჭიერი ახალგაზრდის ფინანსური ხელშეწყობის გადაწყვეტილება მიიღო. მათ შორის ერთ-ერთია ზუგდიდელი ილონა ჩუხუა, რომელმაც წითელ დიპლომზე დაამთავრა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამა. ამ ეტაპზე, ის შერჩეულია ევროპის სოლიდარობის კორპუსის ფარგლებში ერთ-ერთ პროექტში „shuman volunteers”, რომელიც პოლონეთში განხორციელდება.

ილონა ჩუხუა: “-მას შემდეგ რაც უნივერსიტეტი დავამთავრე გადავწყვიტე რაიმე სიახლე შემომეტანა ჩემს ცხოვრებაში, თუნდაც ახალი საქმე განმეხორციელებინა და დავიწყე მსგავსი პროექტების მოძიება. ჯერ აპლიკაცია შევავსე და ჩემზე დეტალური ინფორმაცია გავაგზავნე, შემდეგ მქონდა გასაუბრება პოლონეთიდან ორგანიზაციის წარმომადგენლებთან და როცა დადებითი პასუხი მივიღე ძალიან აღფრთოვანებული, ბედნიერი და მოხარული ვიყავი, რადგან ვიცი, რომ ეს პროექტი სულ სხვანაირად დამანახებს ბევრ რამეს. გამიფართოვებს თვალსაწიერს და გამიხსნის ახალ გზას განვითარებისკენ. ვფიქრობ, რომ მიზანდასახულობა, შრომისმოყვარეობა და პასუხისმგებლობა ჩემი ძლიერი მხარეა”.

-ილონა, რას ითვალისწინებს პროექტი…

-პროექტი შემუშავებულია ევროპის სოლიდარობის კორპუსის ფარგლებში და მიზნად ისახავს არაევროკავშირის და ევროკავშირის წევრი ქვეყნების სტუდენტების ინტეგრაციას, ინფორმაციების ურთიერთგაცვლას სხვადასხვა ქვეყნის კულტურისა და ტრადიციების გაცნობას. მე ვიქნები მოხალისე მასწავლებელი და ცალკე ვისწავლი პოლონურ ენასაც. ვფიქრობ, რომ პროექტისთვის მნიშვნელოვან საქმეებს გავაკეთებ ისევე, როგორც ეს პროექტი მომცემს ძალიან დიდ გამოცდილებას. პირველ რიგში, ვეზიარები პოლონეთის განათლების სისტემას. ვფიქრობ, რომ ახალი მეგობრების შეძენა, ახალი კულტურის, ტრადიციების და ხალხის გაცნობა ძალიან სასიამოვნო სიახლე იქნება ჩემთვის. დავეუფლები პოლონურ ენას, დავათვალიერებ ქვეყნის ღირსშესანიშნაობებს და მაქსიმალურად ვეცდები პროდუქტიულად გამოვიყენო იქ ჩემი ყოფნის დრო.

-მანამდე, შენს ცხოვრებაში ბევრი საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტი იყო…

-დიახ. ძალიან ბევრ აქტივობასა და პროექტში ვიყავი ჩართული ჯერ კიდევ სკოლის პერიოდიდან. ვმუშაობდი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კვლევებისა და ინოვაციების ჰაბში (Research and Innovation Hub) გენერალური დირექტორის ასისტენტად. ასევე, ვმუშაობდი კავკასიურ სახლში მკვლევარის პოზიციაზე თემაზე: ევროკავშირის ჩართულობისა და არაღიარების პოლიტიკა სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში და მისი ეფექტურობა. ამასთანავე, საქართველოს პარლამენტში რამდენიმე თვის განმავლობაში ვმუშაობდი სტაჟიორად, საიდანაც დიდი ინფორმაცია და გამოცდილება მივიღე საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს სტრუქტურასა და შიდაფუნქციურ საკითხებზე.

მოხარული ვარ, იმით, რომ დაახლოებით ერთი თვის წინ მონაწილეობა მივიღე კონფერენციაში: Model White House Simulation-თეთრი სახლის სიმულაცია, რომელშიც კოლეგებთან ერთად გამოვიკვლიე ჰარვარდის მასალები და კონფერენციისთვის მოვამზადეთ თემა: რუსეთის ჩართულობაზე შავი ზღვის რეგიონში. ძალიან მალე, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ჟურნალში გამოქვეყნდება სტატია, რომელზეც ჩემს კოლეგებთან ერთად ვიმუშავე და მინდა ვთქვა, რომ ეს იყო აღმაფრთოვანებელი და დიდი გამოცდილების მომცემი შესაძლებლობა.
ახლა ჩავაბარე ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ევროპისმცოდნეობის ინგლისურენოვან სამაგისტრო პროგრამაზე, თუმცა ავიღე აკადემიური მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების გამო ჩემს ცხოვრებაში.

წარმატებებს გისურვებ.

მასალა მოამზადა ეკა ფარულავამ

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.