ეროვნულ მოძრაობას შეწირული “55 წლის მამაკაცი”-ზუგდიდელი ირაკლი ჟვანია

სერიიდან: “სახეები საქართველოს უახლესი ისტორიიდან”

  • კოლორიტი ზუგდიდელის, კაკა ჟვანიას ცხოვრებას,  მეტნალკებად იცნობენ ზუგდიდელები, მაგრამ ძალიან ცოტა იციან ბატონი კაკას ერთ-ერთი ვაჟიშვილის,  ირაკლი ჟვანიას შესახებ, რომლის სახელიც, ახალი საქართველოსთვის მებრძოლი ეროვნული მოძრაობის გმირებს შორის უნდა მოიხსენიებოდეს. კაკა ჟვანიას შვილიშვილი ნინო ჟვანია, თავის ფეისბუქგვერდზე იხსენებს ბიძას, ირაკლი ჟვანიას.
ირაკლი ჟვანია

“ირაკლი ჟვანია დაიბადა ზუგდიდში 1913 წლის 4 ოქტომბერს. 1934-1939 წლებში წარჩინებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გერმანული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მუშაობას შეუდგა ზუგდიდის მე-2 საშუალო სკოლაში გერმანული ენის მასწავლებლად. აქედან გაიწვიეს ფინეთის ომში. გამოვლილი ჰქონდა მეორე მსოფლიო ომის საშინელებანი. ომის დროს ტყვედ ჩავარდა. ტყვეობაში ბევრი ქართველი გადაარჩინა. თვითონ არ გაიქცა მხოლოდ იმიტომ, რომ სხვებს დახმარებოდა. მაშინ როცა ჩვენი ტყვეები საბჭოთა ჯარმა გაათავისუფლა, ირაკლი ჟვანია კგბ-მ გაასამართლა ტყვედ რატომ ჩავარდიო და მიუსაჯეს დახვრეტა. მან არ მოინანია, არ აღიარა ღალატი და არ ითხოვა პატიება. მიუხედავად ამისა, საბჭოთა ხელისუფლებამ დახვრეტა 10 წლით გადასახლებით შეუცვალა შორეულ ჩრდილოეთში. სტალინის გარდაცვალების შემდეგ, ბრუნდება საქართველოში.

ირაკლი ჟვანია მეუღლესთან მერი კონჯარიასთან და შვილებთან: ეთერისთან და თორნიკესთან (ფოტო, საოჯახო ალბომიდან, მოგვაწოდა თორნიკეს მეუღლემ ნინო ქაძანაიამ)

1955 წლიდან ქალაქ ზუგდიდში პედაგოგიურ მოღვაწეობას აგრძელებს, როგორც გერმანული ენისა და ლიტერატურის სპეციალისტი. მას როგორც რეპრესირებულ მოქალაქეს, პასპორტსაც არ აძლევდნენ. დიდ ქალაქებში, არათუ ცხოვრება, რამდენიმე დღით გაჩერებაც აკრძალული ჰქონდა. 24 საათის განმავლობაში უნდა დაეტოვებინა ქალაქი. ირაკლი ჟვანია, პარლამენტის წინ, 1991 წლის 22 დეკემბერს სახელმწიფო გადატრიალების დროს “სნაიპერის” ტყვიით დაიღუპა.

კაკა ჟვანია შვილებთან: ირაკლისთან და ვაჟასთან.

პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მხარდასაჭერად ზუგდიდიდან ჩავიდა 1991 წლის 22 დეკემბერს. სამეგრელოს მაშინდელმა ეროვნული მოძრაობის მხარდამჭერებმა სთხოვეს, რომ მათ გაჰყოლოდა თბილისში მიტინგზე, სადაც დანიშნული იყო მისი სიტყვით გამოსვლა, უნდა მოეწოდებინა ხალხისთვის დაწყნარებულიყვნენ და მათი ეს მღელვარება კონფლიქტში არ გადასულიყო. თბილისში გზები გადაკეტილი დახვდათ. შემოვლითი გზებით ძლივს მიაღწიეს ჩიტაძის ქუჩას. ზემოდან ჩამოვიდნენ ჩიტაძით მთავრობის სახლთან, იქ ჩამოსულებს რუსთაველის ქუჩიდან დაუდგენელმა პირებმა სროლა აუტეხეს. ირაკლი ჟვანია სწორედ მაშინ სასიკვდილოდ დაიჭრა. როდესაც მას მორგში ეძებდნენ მიცვალებულს ეწერა: “55 წლის მამაკაცი”. (სინამდვილეში იყო 78 წლის.-რედ.)

სხვათაშორის, მამამისი კონსტანტინე (კაკა) ჟვანია სამეგრელოში ეროვნულ სამოსში დადიოდა, ბოლშევიკებს ებრძოდა ენგურთან 1921 წელს, მონაწილეობდა 1924 წლის აჯანყებაში”.

 

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.