- “ზუგდიდელების” სტუმარია ქალბატონი მზია შონია, რომელიც უკრაინაში 42 წლიანი ცხოვრების შემდეგ, ისევ დაუბრუნდა მშობლიურ ქალაქს, თავისი წვლილი შეაქვს ზუგდიდის ქუჩების მოწესრიგებაში და იმავდროულად, არის ანსამბლ „მაფშალიას“ სოლისტი.
მზია შონია: “დავამთავრე ზუგდიდის მეოთხე საშუალო სკოლა. მაქვს პედაგოგიური განათლება. ვარ რუსული ენისა და ლიტერატურის სპეციალისტი. ვმუშაობდი ქალაქის დოსააფის პედაგოგად. უფროსის მოადგილედ, ვეტერანტთა საბჭოს მდივნად, ვიყავი ვეტერანტთა გუნდის “იერიშის” სოლისტი. მერე საცხოვრებლად გადავედი ქალაქ კიევში. სადაც ვეწეოდი ჩვენებური სიმღერის პოპულარიზაციას. იქ მცხოვრები ქართველები ერთად ვწერდით სიმღერებს. ერთ-ერთი სიმღერა, რომელიც მე აფხაზეთს მივუძღვენი, დღესაც წარმატებით სრულდება. 42 წელი ვიცხოვრე უკრაინაში. ოჯახური პირობების გამო, ისევ დავბრუნდი ჩემს საყვარელ ზუგდიდში. 10 წელია აქ ვარ. ვმღერი ვეტერანტთა ანსამბლ “მაფშალიაში”. ჩემს ოჯახში ყველა ვმღეროდით. მეც არ შემიძლია სიმღერის გარეშე. 4 წლის რომ ვიყავი, მაშინ ვიმღერე პირველად. სიმღერა დედამ შემასწავლა, შემდეგ კი, ჩემი სიმღერის მასწავლებელი იყო ქალბატონი ლიანა შონია.
ზოგადად, სიმღერა მიყვარს, მაგრამ ძალიან მიყვარს მეგრული სიმღერები. როგორც აღვნიშნე, კიევში ცხოვრების დროსაც არ მიღალატია მეგრული ტრადიციისთვის. იქაც მოსწონდათ ჩემი სიმღერები. მიწვევდნენ სკოლებში, ბაღებში, რესტორნებში. რეპერტუარიც საინტერესო მქონდა, – როგორც ქართულ ხალხურ სიმღერებს ვმღეროდი, ასევე ვმღეროდი უკრაინულ სიმღერებსაც. მქონდა პატივი, მემუშავა კიევის საბავშვო ბაღში. ჩემმა იქაურმა თანამშრომლებმაც იცოდნენ ჩემი გატაცებების და სიმღერისადმი სიყვარულის შესახებ.
–თქვენი საყვარელი მუსიკალური ინსტრუმენტი, რამდენადაც ვიცი, ჩონგურია…
-ჩონგურიც და ფანდურიც… ორივე ჩემთვის მშობლიურია, ორივეზე ვუკრავ. ჩემი სურვილია, ახალგაზრდებიც დაეუფლონ ამ ინსტრუმენტებზე დაკვრას. ეს ინსტრუმენტები არ უნდა დაიკარგოს. ეს ჩვენი კუთხის კულტურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნიშანია.
–სიმღერის გარდა რა გიტაცებთ ცხოვრებაში?
-ძალიან მიყვარს სამზარეულოში ფუსფუსი. მიყვარს ტრადიციული კერძების მომზადება. ვფიქრობ, ტრადიციული კერძების მომზადებაც უნდა ისწავლონ ახალგაზრდებმა, – ესეც ჩვენი კულტურის და იდენტობის სამკაულია.
–როგორია თქვენი თავისუფალი დრო...
-თავისუფალ დროს, ჩემს მომღერალთა გუნდთან ვატარებ. ჩვენ სხვა ურთიერთოებები გვაქვს. ერთმანეთის სიხარული გვიხარია, ერთმანეთის ტკივილი გვტკივა. ვოცნებობთ ერთად ჩვენი „მაფშალიას“ მომავალზე, იმ კონცერტებზე, რომელიც მომავალისთვის გვინდა დავგეგმოთ. შეხვედრებზე, ვსაუბრობთ ჩვენს კოლეგებზე რომლებიც სხვადასხვა ქალაქში და კუთხეში ცხოვრობენ. ამაში სოციალური ქსელები გვეხმარება. ერთად ვუყურებთ ჩვენს და ჩვენი კოლეგების კონცერტებს. და ამ დროს, ჩვენ, არა მარტო ვერთობით, არამედ ჩვენს ახალ შესაძლებლობებსაც ვსინჯავთ. გვინდა, გვყავდეს მეტი მხარდამჭერი, სპონსორი. ეს სჭირდება ანსამბლ “მაფშალიას” და ჩვენ, ამ ანსამბლის წევრებს სათითაოდ. გვეუბნებიან ხშირად, ბულბულის ხმით ხართ დაჯილდოებულიო, მაგრამ ეს არაა საკმარისი. გვჭირდება ადამიანი, ან ადამიანთა ჯგუფი, რომელიც ჩვენ ეკონომიკურად გაგვაძლიერებს.
–რა თვისებას აფასებთ ადამიანში?
-ძალიან მნიშვნელოვანია ურთიერთპატივისცემა, ნდობა და სიყვარული. არ მომწონს ბოროტი ადამიანები. მათი ადგილი არ არის ჩემს გვერდით. …და ზოგადად, ადამიანებს მეტი კეთილგანწყობა მართებთ ერთმანეთის მიმართ.
–ტრადიციული შეკითხვა, რას უსურვებთ ზუგდიდელებს?
-მშვიდობიან ქვეყანაში და ქალაქში ცხოვრებას. ასევე, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ჩემს თანაქალაქელებს მივულოცო აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული.
მასალა მოამზადა როზა როგავამ
