- თავი “დავიჭირე” “მოღალატურ” ფიქრში-რა საჭიროა, ყოველ 9 მაისს, ვწერო მამაჩემი ნაომარი კაცი იყო მეთქი და წამოვიდა ქარიშხლიანი, ფოტოკადრებიანი, ხმოვანი მოგონებები.
რაც თავი მახსოვს, მამაჩემი ზეიმობდა გამარჯვების დღესასწაულს და ვზეიმობდით ჩვენც, მთელი ოჯახი, მეზობლებიან ახლობლებიანად. არ მინდა ამ საკითხის განხილვა, განსჯა, გაკილვა, თითის გაშვერა და “ცივილური” კითხვები-რატომ წავიდა სხვის ომში? რატომ არ იდეზერტირა? რატომ არ გადავიდა გერმანელების მხარეს? პატრიოტია, არაპატრიოტია და ა. შ. მეც ამ ომის მონაწილე ვარ რომ იცოდეთ. აბა, როგორ… მთელი ცხოვრება რომ ომის ისტორიებს დეტალებში ისმენ, რას ჭამდნენ, რას სვამდნენ, რა ეცვათ, როგორ ეძინათ. ეძინათ კი არა, ფეხზე მძინარეები როგორ გადაადგილდებოდნენ ქალაქიდან ქალაქში, მერე როგორ უსივდებოდათ ფეხები, როგორ ცვლიდნენ ჩექმებს, როგორ მკურნალობდნენ ერთმანეთს, როგორ აცლიდნენ ერთმანეთს საგანგებოდ გადანახული ღორის ქონის წასმით ტკიპებს, როგორ არ ტოვებდნენ ერთმანეთს ძალაგამოცლილები, ჭრილობები ვის, სად და რა სიღრმავის ჰქონდა და როგორ დაამუშავეს, შეახვიეს, ვისი პერანგი დაიჭრა. ბოლო წვეთი წყალი ვისი მათარიდან და ვისთვის და რატომ გაიცა, რამდენი დღე ღორღნიდნენ ცხენის დაუღეჭავ მყესს, რომელიც ხორცის ნაჭრად ულუფაში შეხვდათ, ვინ რას ცვლიდა თუთუმში, ვის კბილი როგორ ამოუღეს ტკივილისგან გამწარებულს ველური წესით, როგორ ხვდებოდნენ “აღებული” ქალაქების მოქალაქეები საბჭოთა მეომრებს, როგორ ჭამდნენ მშივრები პურის თავთავებს, ვინ რა აიღო დახოცილებისგან და რა გამოიყოლა სახლში, ვინ გადავიდა გერმანელების მხარეს, ვინ კიდევ საერთოდ როგორ არ წავიდა ომში და წლობით იმალებოდა ოჯახის სარდაფის საიდუმლო სამალავში, როგორ თხრიდნენ განუწყვეტლივ ქარში, წვიმაში, თაკარა მზეზე “აკოფებს”, როგორ იდგნენ დასალევი წყლის რიგში ცხენის ნაფლოქვარებთან, როგორ ჩამოურიგებდნენ იერიშის წინ “100 გრამს”, რომელიც “ზა როდინუს” და “ზა სტალინუს” შეძახილებს კი არა, ტანკში შევარდნას, შეტევაზე გადასვლას-სიკვდილს აადვილებდა…
უკვე ვტირივარ-მეც რომ მიომია ხომ დაიჯერეთ, თან არაერთ ფრონტზე, არაერთი მიმართულებით… ორჯერ გმირები იყვნენ ომის ქართველი მონაწილეები და მორჩა.
ყველას ხსოვნას ნათელი. ღიმილის ბიჭებო, თქვენი გაზაფხულის უპატივისცემლობა არ შეიძლება. სანამ ცოცხალი ვარ, ქვეყანას ვუჩვენებ და ვეტყვი, 1939-1948 წლებში, ევგენი მოსიძემ იბრძოლა ფაშიზმის წინააღმდეგ და გაიმარჯვა! რომ იყო ვაჟკაცი, კაცური კაცი და 97 წლის ასაკამდე ღირსეულად იცხოვრა-არავისთვის დაუყვედრებია უძილო ღამეები, შიში, შიმშილი, დაღვრილი სისხლი და ოფლი. ასე უნდა გააკეთოს ომის ყველა მონაწილის შვილმა და შვილიშვილმა, რომ თაობებს გადასცენ “სხვის ომში” მათი წინაპრების გმირობის ამბავი და სახელის უკვდავყოფაც სწორედ ეს იქნება.
ნანი მოსიძე