- პარლამენტის გადაწყვეტილებით, ცესკოს თავმჯდომარისა და ცესკოს პროფესიული წევრების არჩევის წესი შეიცვალა.
მმართველი უმრავლესობის მიერ რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებების პროექტი 82-ხმით, ერთხმად – მესამე მოსმენით დაამტკიცეს.
მიღებული ცვლილებებით, ცესკოს თავმჯდომარისა და პროფესიული წევრების არჩევის პროცესი გამარტივდა – თუ აქამდე ოთხი კენჭისყრა იყო საჭირო, ორი კენჭისყრის ჩატარება საკმარისი იქნება.
მხარდაჭერილი პროექტის თანახმად, პარლამენტი ცესკოს წევრებსა და ცესკოს თავმჯდომარეს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედით ან სრული შემადგენლობის უმრავლესობით აირჩევს. უფრო კონკრეტულად, პირველ ჯერზე კენჭისყრისას პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის მხარდაჭერა იქნება საჭირო. თუ კენჭისყრის შედეგად ცესკოს თავმჯდომარის და წევრების არჩევა არ მოხდა, კანდიდატებს ხელახლა ეყრება კენჭი და არჩეულად ის კანდიდატი ჩაითვლება, რომელსაც მხარს პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა დაუჭერს. ამავე ცვლილებებით, კენჭისყრებს შორის პერიოდში დადგენილი ვადა გაუქმდა.