- სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში კორონავირუსზე ტესტს კატებს და ძაღლებსაც ჩაუტარებენ, – ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ქალაქის მთავრობაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ტესტი მხოლოდ სიმპტომების მქონე შინაურ ცხოველებს ჩაუტარდებათ და დადებითი პასუხის შემთხვევაში მათ მეპატრონეების სახლებში იზოლაციაში გადაიყვანენ.
სამხრეთ კორეის დაავადებათა კონტროლის ცენტრში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე შინაური ცხოველიდან ვირუსის ადამიანზე გადაცემის შემთხვევები არ დაფიქსირებულა, ამიტომ ცხოველების სპეციალურ დაწესებულებებში იზოლაცია საჭირო არ არის. თუმცა, თუ მეპატრონე ავად არის, ან ჰოსპიტალიზებულია და შინაური ცხოველის მოვლა არ შეუძლია, კატას ან ძაღლს, რომელსაც ვირუსი დაუდასტურდება, საკარანტინო დაწესებულებაში გადაიყვანენ.
შეგახსენებთ, რამდენიმე კვირის წინ სამხრეთ კორეაში, ერთ-ერთ რელიგიურ დაწესებულებაში კორონავირუსი კნუტს დაუდასტურდა. ვარაუდობენ, რომ კნუტს ვირუსი ინფიცირებული დედა-შვილისგან გადაედო.