“…დღევანდელი დღე თითქოს ძალიან გაიწელა. ყველას ყველაფერი გვეზარება, ფილმები, წიგნები და “უნოც” კი მოსაბეზრებელია… ხვალ მეთერთმეტე დღეა და ტესტებსაც აგვიღებენ… ყველანაირად მოლოდინიანი დღეა…”- წერს სვანეთში, მესტიაში, კარანტინში მყოფი ზუგდიდელი ლიკა როგავა,- დღიური N 7…
“20 აგვისტო, 2020
დღე მშვიდობის, კარანტინის მეათე დღეა დღეს და წერა როგორ დავიწყო და საიდან ცოტა გამიძნელდა… თითქოს არ უნდა იყოს უკვე აქ ყოფნა რთული, მაგრამ რაც უფრო ემატება ჩამოფურცლულ დღეებს რიცხვი და აკლდება გასავლელი, მით რთულდება მოთმენა.
ცოტა გასაოცარია, მაგრამ მიწის შეგრძნობა მენატრება, ალბათ 2 დღეში აქედან, ამ ოთახიდან რომ გავალ, გავიქცევი ეზოში, ფეხშიშველა და მიწას შევიგრძნობ, სავარაუდოდ, უკვე ცვრიანი არ იქნება მაგრამ შეგრძნებას რომელიც ყველაზე მეტად მომენატრა, მაინც მოიტანს. საოცრად ამერია შეგრძნებები და გრძნობები, ასე გაორებული ალბათ ცხოვრებაში პირველად ვარ, ცოტაზე მეტად რომ მიჭირს სახელი დავარქვა ყველაფერს. წინა დღიურში ვწერდი, აქ მონატრება ყველაზე გამძაფრებულიათქო, დღეს კიდევ უფრო მეტად შევიგრძენი… მონატრებისგან გიყვირიათ? აი, ერთი სული მაქვს, ამ გაშლილ მთებში დავიყვირო ის ძვირფასი სახელი, რომ ექომ დამიბრუნოს და მასაც მისწვდეს, გაიგოოს და… დასრულდეს ეს მონატრება… ვიცი, რომ ჯერ ეს შეუძლებელია, ამიტომაც თეთნულდს მოვუყვები, მას გავანდობ ჩემს საიდუმლოს, ის ალბათ ყველაზე კარგი მესაიდუმლე იქნება, მან ხომ კარგად იცის სიყვარულიც და მონატრებაც, მან ხომ ზუსტად იცის მოლოდინის სევდაც…
დღევანდელი დღე თითქოს ძალიან გაიწელა. ყველას ყველაფერი გვეზარება, ფილმები, წიგნები და “უნოც” კი მოსაბეზრებელია… ხვალ მეთერთმეტე დღეა და ტესტებსაც აგვიღებენ… ყველანაირად მოლოდინიანი დღეა…
ჩემების გაცნობასაც გავაგრძელებ დღვანდელ დღიურში. ნანა ჰქვია გოგოს, რომელიც ნათესაურად ჩემი მამიდაა, ისე კი უფროსი და, მეგობარი, დაქალი, მესაიდუმლეა. იცის ყველაფერი ჩემს შესახებ და ხვდება გამოხედვით ჩემს შეგრძნებებსაც კი. ერთნაირები ვართ, ან იმდენად მინდა ვგავდე, რომ მეჩვენება რომ ვგავარ. გამიმართლა რომ მყავს. მისი წარდგენისას, მიყვარს მამიდაას თქმა და ადამიანების დაბნეული სახეები და კომენტარები და “მეგონა”… “რატო გვეღადავები და მსგავსობები…” არადა, უკვე შვილიშვილები ჰყავს და ისე ვატყობ, მალე უფროსი შვილიშვილი დაქალად წამოგვეწევა.
კიდევ ორი ადამიანია ჩემთან, აქ,- ჩემი მამიდაშვილი დათო და მისი მეუღლე ნინი. 8 წელია ოჯახი შექმნეს და 2 საოცრად ტკბილი გოგო ჰყავთ. ყველაზე მეტად ამ ოჯახში ის მიყვარს, რომ თბილისში ცხოვრების მიუხედავად, ზუგდიდი მათთვის ძალიან საყვარელია. ორივესთვის შვებულების რამდენიმე დღის ჩვენთან გატარება კარგი ამბავია, რაც ძალიან მახარებს და მსიამოვნებს. ურთიერთობებში და ხუმრობებში იმდენად ვუშლი ხოლმე ჩემს მამიდაშვილს ნერვებს, ერთხელ მითხრა, მგონი ნინია შენი ბიძაშვილი და მე სიძეო.
ტკბილი კარანტინი გამომდის, შეგრძნებების და სირთულეების მიუხედავად. ჩემი ხალხი-კარგი ხალხი- იდეალური გარემოა ფაქტიურად…
ბოლოს…
ჩემი თეთნულდი – უკვე მიყვარს და როდესაც ზუგდიდში მონატრება შემომაწვება, ზუსტად ვიცი სარკმლიდან დანახული ეს მშვენიერება ყველაზე მეტად დამაკლდება.
ხვალ შეხვედრამდე ჩემო ძვირფასებო.
თქვენი მე.“