- 19 სექტემბერს, 10:00 საათზე, რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული მოსახლეობისთვის უფასო სამედიცინო სკრინინგი ჩატარდება. ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ახორციელებს.
აქციის ფარგლებში, თბილისიდან მოწვეული 15 წამყვანი ექიმი-სპეციალისტი დევნილ მოსახლეობას უფასო კონსულტაციებსა და შესაბამის სამედიცინო გამოკვლევებს ჩაუტარებს. ექიმის დანიშნულებითა და საჭიროების შემთხვევაში, ბენეფიციარებს მედიკამენტებიც უფასოდ გადაეცემათ.
პაციენტებს მომსახურებას გაუწევენ შემდეგი სპეციალისტები: ენდოკრინოლოგი, ნევროლოგი, ონკოლოგ-მამოლოგი, ორთოპედ-ტრავმატოლოგი, ანგიოლოგი, ოფთალმოლოგი, პედიატრი, კარდიოლოგი, რადიოლოგი, ოტორინოლარინგოლოგი, ქირურგი, უროლოგი.
ღონისძიების მიზანია აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობისთვის მაღალკვალიფიციური სამედიცინო კონსულტაციების რეგიონებში ხელმისაწვდომობის გაზრდა და ჯანმრთელობის მდგომარეობის დროული შეფასება.
დამატებითი ინფორმაციისთვის: ცხელი ხაზი – 143
