- ჩინეთის ქალაქ ნინბოში მიმდინარე ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების წევრმა, 20 წლის ზუგდიდელმა გოგა ჯაჯვანმა წარმატებით იასპარეზა. ტურნირი 2028 წლის ლოს-ანჯელესის ოლიმპიური თამაშების სარეიტინგო ეტაპს წარმოადგენს, სადაც სპორტსმენები ლიცენზიებისთვის აგროვებენ ქულებს.
საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის ინფორმაციით, ახალგაზრდა ქართველმა ძალოსანმა პლანეტის პირველობაზე თავის ასაკობრივ კატეგორიაში ევროპის სამი რეკორდი დაამყარა: ჯაჯვანმა კონტინენტის რეკორდი ატაცში 6, აკვრაში 4, ხოლო ორჭიდის ჯამში 10 კილოგრამით გააუმჯობესა.
რეკორდების დამყარებასთან ერთად, მან 2028 წლის ოლიმპიადის გარკვეული სალიცენზიო ქულებიც მოიპოვა.
ძალოსნობის წესების თანახმად, ოლიმპიური ლიცენზიის მოსაპოვებლად სპორტსმენებმა მონაწილეობა რამდენიმე სარეიტინგო ჩემპიონატზე უნდა მიიღონ და ქულები ეტაპობრივად დააგროვონ, რაც ჯაჯვანმა წარმატებით დაიწყო.
