პედაგოგი ცირა მიქავა საყვარელ საქმეზე


  • “ზუგდიდელების” სტუმარია ურთის საჯარო სკოლის პედაგოგი, ქალბატონი ცირა მიქავა.

ცირა მიქავა: -ზუგდიდის რაიონის სოფელ ძველ აბასთუმანში დავიბადე. აქვე დავამთავრე საშუალო სკოლა, პარალელურად ვსწავლობდი და დავამთავრე ზუგდიდის კულტურის სახლთან არსებულ მუსიკალური სტუდია, ფორტეპიანოს განხრით. შემდეგ დავამთავრე ზუგდიდის დამოუკიდებელი უნივერსიტეტის დაწყებითი პედაგოგიური ფაკულტეტი. 35 წელია ვმუშაობ ურთის საჯარო სკოლაში. 35 წელი ერთ სკოლაში ვასწავლი მუსიკას. ეს, პირველ რიგში, ჩემი კარგი კოლექტივის დამსახურებაა. მყავს არაჩვეულებრივი კოლეგები,-განათლებული, ახალგაზრდული. სკოლა ჩემი მეორე სახლია. მე მათ გარეშე ვერ გავძლებ. სწორედ ეს არის ძირითადი მიზეზი ჩემი სამუშაო ადგილის მისამართის, წლების განმავლობაში, შეუცვლელობის. თანაც აქვე, ამ სოფელში ვცხოვრობ.

-მასწავლებლობა, ეს დიდი პასუხისმგებლობაა…

-რა თქმა უნდა, დიდი პასუხისმგებლობაა იყო მასწავლებელი. წარმატებებს რომ მიაღწიო, პირველ რიგში, შენი საქმე სიყვარულით უნდა აკეთო. ბავშვობიდან ჩემი ოცნება იყო პედაგოგობა და ავიხდინე კიდეც. როცა ვთამაშობდით, მე სულ მასწავლებელი ვიყავი. ჟურნალი მეკავა ხელში. და ამით დიდ სიამოვნებას ვღებულობდი. მიყვარს ბავშვები და აქეთაც ვუყვარვართ, – ესაა ჩემი წარმატება. სწორედ ეს გრძნობა მაძლიერებს. სკოლაში სხვა წარმატებებს რაც შეეხება, ესაა ღონისძიებები, რომელსაც ჩემი მოსწავლეებისთვის და მათთან ერთად ვაკეთებ. არ ვუშვებ არც ერთ დღესასწაულს აღნიშვნის გარეშე. ვმუშაობ სხვადასხვა შინაარსის პროექტზე, სადაც სიამოვნებით თანამშრომლობენ ჩვენი აღსაზრდელები. ორი წელია უფროსი მასწავლებელი, ანუ სერთიფიცირებული ვარ. ადამიანი, მით უფრო პედაგოგი, ყოველთვის ისწრაფვის სრულყოფისკენ, რაღაც მიზნისკენ… მეც მინდა, წინ წავიდე და გავხდე წამყვანი მასწავლებელი. მინდა განვახორციელო ახალი იდეები მოსწავლეებთან ერთად.

ცირა მიქავა მოსწავლეებთან ერთად

-თქვენზე ამბობენ, ყოჩაღი პედაგოგიაო, ლიდერის თვისებები აქვსო…

-ვცდილობ, მიუხედავად ასაკის მატებისა, დროს არ ჩამოვრჩე. ეს მეხმარება არ გამიჭირდეს მოსწავლეებთან ურთიერთობა. ძალიან მიყვარს ლიდერობაც. მე ხომ უტუ მიქავას შთამომავალი ვარ.

-პედაგოგის პროფესიას და ოჯახს ერთმანეთს როგორ უთავსებთ?

-სოფელში სამსახურში წასვლამდე დილით, საოჯახო საქმეებით ვარ დაკავებული – სოფლის ოჯახში საქონელია, ფრინველია, ბოსტანია და მეც ვუვლი, რა თქმა უნდა. დიასახლისიც კარგი ვარ… მეუბნებიან „ოქროს ხელები“ გაქვსო. გემრიელი კერძები გამომდის, ვაცხობ ნამცხვრებს, ტორტებს, კარგ ხაჭაპურს.

-რა გიტაცებთ, რა გიხარიათ და როგორ გრძნობთ თავს სკოლის გარეთ შვებულების დროს?

-მიხარია ყოველი დღის გათენება, რადგან მყავს ბედნიერი ოჯახი. მყავს მოსიყვარულე მეუღლე ვასილი ქირია, რომელიც ხელოვანია, მღერის და უკრავს ყველანაირ მუსიკალურ ინსტრუმენტზე. მყავს არაჩვეულებრივი, უკვე დაოჯახებული ქალ-ვაჟი. მყავს საყვარელი სიძე და რძალი, უსაყვარლესი ოთხი შვილიშვილი. ჩემი შვებულება ზაფხულში ეძღვნება მათ. მოდიან ჩვენთან, სახლში და ერთად და ტკბილად ვატარებთ ზაფხულის დღეებს. ჩემი მეუღლე “ჩელას“ ყოფილი მომღერალია. ორივეს გვიყვარს სიმღერა. მე, ჩემი დედამთილის მოწონებული და არჩეული ვარ. ისიც მასწავლებლად მუშაობდა ურთის სკოლაში, კოლეგები ვიყავით, გამაცნო თავისი შვილი. სხვათაშორის, დედისერთაა ჩემი მეუღლე. ორი ნახვის შემდეგ, მესამე შეხვედრაზე ცოლად გავყევი. ლექსიც კი მომიძღვნა: „ერთი გოგო შემიყვარდა განათლებით მუსიკოსი, ერთი-ორი ნახვის შემდეგ გახდა იგი ვასიკოსი“.

ცირა მიქავა მეუღლესთან, ვასილ ქირიასთან ერთად

-როგორ ფიქრობთ რითი მოხიბლეთ?

-რა ვიცი… ძალიან კონტაქტური ვარ, ენერგიული, ხალისიანი, დაუზარელი. ვმღეროდი, ვმხიარულობდი. მგონი ამ თვისებებით მოვხიბლე. ახლაც არ მაკლია ეს თვისებები, მაგრამ ისეთი ცხოვრება მოვიდა. დათრგუნულია ხალხი, ყოველთვის ცუდი მესმის. იმდენი პრობლემაა… ჭორაობას ვერ ვიტან, ვერც ერთმანეთის გაკიცხვას. იშვიათი არიან, სამწუხაროდ, ერთგული ციადამიანები. მე პირდაპირი ადამიანები მიყვარს. სათქმელს პირში რომ გეუბნებიან და ზურგს უკან არ იწყებენ გზების ხლართვას. ვცდილობ, ნეგატივი არ გამოვაჩინო და პოზიტიურად შევხედო სამყაროს. ჩემი დანახვა უნდა უხაროდეს ადამიანს.

-როგორი საქართველო გეოცნებებათ?

-ისეთი, სადაც არ იქნება შური, ღალატი, მტრობა, ბოროტება, გაჭირვება, შიმშილი. მინდა იყოს ბედნიერი სახეები, ბევრი კეთილი ადამიანი, სიყვარული ერგულება, ძმობა, ერთობა, თავისუფლება.

-რას უსურვებთ ზუგდიდელებს?

-ჩემო საყვარელო ზუგდიდელებო, გისურვებთ ბედნიერ მომავალს, მშვიდობას, ეკონომიკურ სიძლიერეს, ჯანმრთელობას და ერთმანეთის გატანას. მალე გართიანებულ საქართველოში ბედნიერად გვეცხოვროს. მე მიყვარს ჩემი ზუგდიდი, ჩემი ქალაქი, ჩემი სამეგრელო. ქუგგალეთ არძას!

საუბარი ჩაიწერა როზა როგავამ


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!