ორანჟერეა ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში


  • ფეისბუქზე ჯგუფში “ჩვენი ზუგდიდი და ზუგდიდელები” ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ძეგლთა დაცვის განყოფილების უფროსის, ისტორიკოსის ლაშა ჯიქიას პოსტს აქვეყნებს:

“ცნობილი ფრანგი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე ჟიულ მურიე თავის ცნობილი ნაშრომი „სამეგრელო“, წერდა: „საუცხოო ბაღი, რომლის სამოთხედ გადასაქცევად მთავარმა დავითმა არაფერი დაიშურა, სამწუხაროდ, აღმოსავლეთის ომის დროს თურქებმა სრულიად გაანადგურეს, თუმცა ნიადაგის უხვი ვეგეტაციის წყალობით, თანდათან ყველაფერი ისევ აღმოცენდა. რამდენიმე წელიწადში ხვიარა მცენარეებისა და ვარდის ბუჩქების ქვეშ მოქცეული ორანჟერიის ნანგრევები, რომლებიც შორიდან ანტიკური ტაძრის პორტიკს ჰგავს ომისდროინდელი რბევის ერთადერთი კვალი იქნება, რისი დამალვა ბუნებამაც კი ვერ შეძლო“ (გვ. 246).2018 წლის ივნისში ჩვენი არქეოლოგიური ექსპედიციის (ხელმძ. რ. პაპუაშვილი) ძირითადი ძალისხმევა მიმართული იყო ამ ნაწილობრივ გადარჩენილი შენობის შიდა პერიმეტრის გამოსუფთავებაზე.

ადრევე იყო შენიშნული და აღვნიშნავდით კიდეც, რომ შიდა სივრცეებში დაგროვილი ნაშალისა და ნაგვის 60 – სანტიმეტრიანი სისქის ფენის გატანის შემდეგ გამოჩნდა ისეთი არქიტექტურული დეტალები და არტეფაქტები (ქვის კიბეები, აგურის იატაკი, ტიხარები, თონე, ღუმელის ნაშთი, კერამიკული და ლითონის ნაწარმი), რომლებიც საგანგებო ყურადღების მიქცევას და გაწმენდით სამუშაოებში სპეციალისტ-არქეოლოგების ჩართვას მოითხოვდნენ. თვდაპირველად ვიტყვით, რომ შენობა ძლიერი ხანძრის გამოა განადგურებული, დამწვარია ხის კონსტრუქციები: ჭერი, იატაკი, ფანჯრები და კარებები, თუმცა შენობის არქიტექტურული სახე და დეტალების მნიშვნელოვანი ნაწილი შენარჩუნებულია. შენობა დამხრობილია სამხრეთ-დასავლეთიდან ჩრდილო-აღმოსავლეთისკენ და ათიოდე გრადუსითაა გადახრილი ღერძიდან. ის საკმაოდ გრძელი, მართკუთხედის ფორმისაა: სიგრძე 52 მ., სიგანე 8,8 მ., შემორჩენილი სიმაღლე ალაგ-ალაგ 7 მეტრზე მეტია. საყრდენი კედლის სისქე 0,8 მ-ია, შიდა კედლებისა 0,3-0,7 მ. კედლები ქვითა და კირხსნარითაა აგებული მკვრივად და მყარად. მისი მხოლოდ მეორე სართულის ზედა ნაწილია დანგრეული. შემორჩენილია ფანჯრის ჭრილები, მაგრამ კარის არც ერთი ჭრილი არ იკითხება. ჩანს შენობას მეორე სართულზე ასასვლელად შიდა კიბე უნდა ჰქონოდა, რომელიც შემორჩენილი აღარ არის. აღარ არის სახურავიც, რომელიც დასავლეთით და აღმოსავლეთით ორფერდა უნდა ყოფილიყო, შუა ნაწილში კი ცალფერდა, მხოლოდ კრამიტის ფრაგმენტებია მრავლად.

პირველი სართულის კედლები მთლიანადაა დაცული. კარგად ფიქსირდება ფანჯრებისა და კარებების ჭრილებიც. მართალია, ჭერი და იატაკი შემორჩენილი აღარ არის, მაგრამ კედლებში კარგად ჩანს კოჭების დამჭერი ფოსოები. ზოგიერთ ფანჯარას და კარებს ეტყობა აღდგენის კვალი. ისინი ცემენტით, აგურითა და ქვებითაა მთლიანად ან ნაწილობრივაა ამოშენებული, ეს სავარაუდოდ გასული საუკუნის 30-იან წლებში უნდა მომხდარიყო. შენობა ორი ნაწილისაგან შედგება. დასავლეთით საცხოვრებელი განყოფილებაა, ორსართულიანი, ორფერდა სახურავით და ოთხოთახიანი. პირველი სამი ოთახი მიწისპირზეა გამართული, მეოთხე მიწის ზედაპირიდან 0,5 მეტრის სიმაღლეზეა. აღმოსავლეთით სამეურნეო-საწარმოო ნაწილია განთავსებული. იგი ორი ორანჟერიასა და ერთი „კაბინეტ-ლაბორატორიისაგან“ შედგება. ორანჟერიები ერთსართულიანია. პირველი ორანჟერია ცალფერდა სახურავიანია, მეორე ორფერდა სახურავიანი.„კაბინეტ-ლაბორატორია“ კი ორსართულიანი, ცალფერდა სახურავიანი. შენობას სამხრეთ-დასავლეთიდან ერთი მინაშენი (საყვავილე?) აქვს. შენობას აქვს 6 გარეთა და 7 შიდა კარი, აგრეთვე 5 ფანჯარა. შემორჩენილია ერთი ბუხრის თავი. რაც შეეხება მეორე სართულს, აქ ოთახების განლაგებასა და სხვა ატრიბუტებზე ვერაფერს ვამბობთ. იგი ძლიერაა დაზიანებული. სამშენებლო ნარჩენებიდან დიდი რაოდენობითაა აგურები, ფილები, კრამიტის ფრაგმენტები. კრამიტები მილიანია, დიდი ზომის, მორკალული. მილის საშუალებით კრამიტი მაგრდებოდა ხის კონსტრუქციაზე ლურსმნის გამოყენებით. სულ ნაპოვნია 600-ზე მეტი მილიანი კრამიტის ფრაგმენტი. აგურები იშვიათად არის მთელი, ისინი მართკუთხედის ფორმისაა, დაბალი, სადა ზედაპირიანი, გამოყენებულია კარებების, ფანჯრების, კუთხეების და სხვა საკვანძო ადგილების შესავსებად-გასაფორმებლად; ფილების ზომებია: 22-22-5. გარკვეული ნაწილი მთელია და შეიძლება მათი მეორადად გამოყენება შენობის რესტავრაციის შემთხვევაში. ფილებით მოგებულია იატაკები და ბორდიურები, აგრეთვე ტერასის ზოგიერთი მონაკვეთი. რაც შეეხება კირქვებს, რომლებიც ალაგ-ალაგ იჩენს თავს, უფრო ძველი სასახლის ნანგრევებიდან უნდა მომდინარეობდეს. მათი ჩართვა კედლებში, გრუნტის გასამაგრებელ ქვაყრილში და სხვა ადგილებში უკვე მეორადი გამოყენებით, ამის მანიშნებელია. დღეისათვის უკვე ცხადია, რომ ეს სწორედ ის ორანჟერიაა, რომელიც თავის დროზე დავით და ეკატერინე დადიანებმა აუშენეს იტალიიდან საგანგებოდ მოწვეულ მებაღე- დეკორატორს ჟოზეფ ბაბინს.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!