ნატო ჯანაშია ამბობს, რომ პედაგოგი სულის დიდოსტატი უნდა იყოს


  • ქალბატონი ნატო ჯანაშია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის რუხის საჯარო სკოლაში დაწყებითი კლასების მასწავლებლად მუშაობს, არის დამსახურებელი მასწავლებელი, არერთი სერთიფიკატის მფლობელი, უყვარს პატარები. ეს მასთან გაკვეთილზე მყოფმა, ამერიკის ელჩმა, ქალბატონმა კელი დეგნანმაც შენიშნა და აღნიშნა კიდეც. “ზუგდიდელების” სტუმარია პედაგოგი ნატო ჯანაშია.

ნატო ჯანაშია: -დავიბადე ისტორიულ სოფელში რუხში (მას „ნიკოფსია“ ერქვა ძველად). ჩემი პედაგოგიური მოღვაწეობის 48 წლიანი გამოცდილებაც ამ სოფელს უკავშირდება. 1974 წლიდან 1986 წლამდე, ვმუშაობდი რუხის საბავშვო ბაღში აღმზრდელ-მასწავლებლად, შემდეგ 9 წელი ვიყავი ამავე საბავშვო ბაღის გამგე. 1986 წლიდან დღემდე კი, ვმუშაობ რუხის საჯარო სკოლაში დაწყებითი კლასების მასწავლებლად. ვარ წამყვანი მასწავლებელი.

-რატომ აირჩიეთ პედაგოგობა?

-თავის დროზე პროფესიის არჩევა არც გამჭირვებია, არც დილემის წინაშე ვმდგარვარ. ვიცოდი, რა დიდი პასუხისმგებლობა იყო პედაგოგობა. პატარაობიდანვე ვიყავი ამ პროფესიაზე შეყვარებული. დედაჩემი იყო დაწყებითი კლასების მასწავლებელი და ყოველდღიურად მიხდებოდა მასთან შეხება, დაკვირვება მასწავლებლის ცხოვრებაზე. ჩემი არჩევანი იყო ერთი და ერთადერთი მასწავლებლობა და დღემდე მივყვები ამ გზას. ერთი სიტყვით, დედაჩემი იყო ჩემი გზამკვლევი. შემდეგ, მე და დედამ, სამი წელი ერთად ვიმუშავეთ სკოლაში. სწორედ მან ჩამინერგა ასეთი სათუთი, მოკრძალებული პასუხისმგებლობით მიდგომა საქმისდმი, რომელსაც დღემდე ვასრულებ.

-როგორი ხართ მოსწავლეებთან?

-თუ მასწავლებელს ბავშვები არ უყვარს, ის არ უნდა შევიდეს სკოლაში. მთავარია მოიპოვო მოსწავლის ნდობა, დაიმსახურო სიყვარული. ის შენთან შედარებით პატარაა, მიამიტი თვალებით გიყურებს. როცა ხედავ, თუ როგორ უბრწყინავს თვალები შენს თბილ დამოკიდებულებაზე, არც შენ არ უნდა მოაკლო მას ეს “ფუფუნება”. მასწავლებელი უნდა მოერგოს მოსწავლეს, მის ნებისმიერ ხასიათს. უნდა იყო სულის დიდოსტატი.

-სამსახურს და ოჯახს როგორ უთავსებთ ერთმანეთს?

-მყავს მეუღლე, ორი შვილი და სამი შვილიშვილი. ქალიშვილს ყავს 2 შვილი. სპეციალობით არის პოლიტოლოგი. ბიჭი იურიდიული განათლებითაა. ჰყავს მეუღლე რომელიც პედაგოგია. ყავს ერთი შვილი. სიძე ემსახურება საქართველოს მომავალს. ოჯახიდან, რომ არ მქონდეს ხელშეწყობა, არ მგონია იმდენი დრო დამეთმო ჩემი შემოქმედებითი კარიერისთვის. სკოლიდან 4 – 5 საათზე ვბრუნდები სახლში და იწყება ისევ მეორე დღისთვის მზადება, კომპიუტერთან მუშაობა გვიან ღამემდე. წარმოიდგინეთ, ეს ყველაფერი მიდის უხმაუროდ, უსიტყვოდ. ისე, სახლში დიასახლისის როლსაც კარგად ვასრულებ.

-რას ნიშნავს თქვენთვის წარმატება?

-სკოლა არის სიყვარულის ადგილი. ასხივებს სიყვარულს და ეს სხივები ბუმერანგივით უკან გიბრუნდება. სწორედ ურთიერსიყვარულს, მშობლებთან და კოლეგებთან თანამშრომლობას შეუძლია გაგხადოს წარმატებული ადამიანი, მაგრამ ამასთანავე, უნდა იყო საქმის უზადო ოსტატი, შემოქმედი, უნდა ფლობდე რამდენიმე პროფესიას, მსახიობობას, მხატვრობას, მომღერლობას, უნდა ფლობდე ცეკვას, სპორტს, უნდა იყო ფსიქოლოგი, ექიმი… ეს გვეხმარება მოსწავლის სულიერ და ფიზიკურ აღზრდაში. ვარ თუ არა წარმატებული, ამაზე კოლეგებმა, მოსწავლეებმა და მშობლებმა უნდა ისაუბრონ.

-რომელია ის თვისება, რასაც დღემდე ებრძვით საკუთარ თავში?

-ვარ ზედმეტად მიმნდობი.

-რაში პოულობთ ყველაზე დიდ სიმშვიდეს და ჰარმონიას?

-სიმშვიდეს და ჰარმონიას ვღებულობ მაშინ, როცა დაწყებული საქმე (პროექტი, გაკვეთილი და დასახული ამოცანები) მიმყავს შედეგამდე. ჩემი ყოველი საქმე კი, მოსწავლეზეა ორიენტირებული.

-ხართ თუ არა რისკიანი?

-ბევრჯერ გამირისკავს და კარგი შედეგიც მიმიღია.

-რა გაბედნიერებთ?

-მაბედნიერებს მოსწავლის გაღიმებული, სითბოთი და სიყვარულით სავსე თვალები. ყოველი წამოწყებული საქმის წარმატებულად დამთავრება. მაბედნიერებს ის, რომ ჩემს საგაკვეთილო პროცესს ქალბატონი კელი დეგნანი დაესწრო და მისგან მოწონების ემოციები მივიღე.

-სად მოგწონთ საკუთარი თავი ყველაზე მეტად, საქმეში, ოჯახურ წრეში თუ მეგობრებში?

-იქ სადაც, ყველაზე მეტად დაფასებული ვარ.

-წარმატებული ადამიანი როგორია?

-წარმატებულია ადამიანი, რომელიც თავის ადგილს პოულობს იქ, სადაც მას შემოქმედებითი უნარის გაშლა შეუძლია, სადაც ის თავს გრძნობს, როგორც „თევზი წყალში“ და ეს ადგილი ჩემთვის ჩემი სკოლაა.

-რისი გწამთ და გჯერათ?

-მჯერა და მწამს ღმერთის. მჯერა, რომ შრომა იძლევა სუფთა და ნათელ მომავალს ცხოვრებაში.

-რას უსურვებთ ზუგდიდელებს?

-ძალიან მიყვარს ჩემი ქალაქი ზუგდიდი და ზუგდიდელები. მე მათ ერთმანეთის სიყვარულს, ურთიერთპატივისცემას, სიხარულით სავსე დღეებს, ბედნიერებას და მეგრული ტრადიციების გაგრძელებას ვუსურვებ.

საუბარი ჩაიწერა როზა როგავამ


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!