- აბასთუმანი ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ერთ-ერთი გამორჩეული და ისტორიული სოფელია, რომელსაც ყოველთვის ღირსეული მამულიშვილები ჰყავდა „ხემანჯღვერად“, ასეა დღესაც. აბასთუმანს ჰყავს ახალგაზრდა რწმუნებული ქალბატონი მაკა აბშილავა. თანასოფლელები მას აფასებენ, უყვართ და ეიმედებათ.
-მაკა, ორიოდ სიტყვით თქვენს შესახებ?
-ძნელია საკუთარ თავზე საუბარი, ბრძენს უთქვამს: „როცა საკუთარ თავზე საუბრობ, შენს მეორე მე-ს ეღიმებაო”. იმისათვის, რომ ჩემს „ალტერ ეგოს“ არ გაეცინოს, მოკლედ ვიტყვი, მე გახლავართ მაკა აბშილავა (აბშილავების უძველესი ჯილაგის ერთ-ერთი უბრალო წარმომადგენელი). ჩემი კარიერა აბასთუმნის საჯარო სკოლაში ინგლისური ენის მასწავლობლობით დაიწყო, შემდეგ საბავშვო ბაღში გამგის პოზიციაზე მუშაობით გაგრძელდა. მინდა გითხრათ, იქ გატარებულმა დრომ, ხელმძღვანელის პოზიციაზე, მომცა ძალიან ბევრი, როგორც მენეჯერი, ფსიქოლოგიურადაც შემამზადა ახალი გამოწვევებისთვის. შემდეგ იყო სოფლის ხელმძღვანელობა, რომელიც გახლდათ მოულოდნელობებით და უდიდესი პასუხისმგებლობით დახუნძლული. ახალი შანსი, საკუთარი შესაძლებლობის, მაქსიმალურად გამოვლენისა.
-პანდემიის პერიოდი როგორ გადაიტანა სოფლის მოსახლეობამ?
-კოვიდ 19-ით გამოწვეული პანდემია, ნამდვილად დიდი და ურთულესი გამოწვევა გახლდათ მთელი პლანეტისთვის, რომელმაც შეცვალა დღის რეჟიმი და ახალ რელსებზე გადაიყვანა მსოფლიო. საქართველომ, ჩვენი გმირი მედიკოსების მუხლჩაუხრელი შრომის შედეგად, შედარებით მსუბუქად გადაიტანა ეს ვერაგი ინფექცია. თუმცა, ჯერ კიდევ დიდი გამოწვევების წინაშე ვართ. იმედია, ვისწავლით თანაცხოვრებას ამ გარდაუვალ და დაუნდობელ ვირუსთან. რაც შეეხება ჩვენს სოფელს, აბასთუმანმაც შიშით, თანმდევი სიძნელეებითა და დანაკლისებით შესძლო გამკლავებოდა პანდემიას. ვირუსმა, ბევრს, ოჯახის წევრი დააკარგვინა, ბევრმა მეგობარი, ნათესავი დაკარგა. მეც დავკარგე დედასავით საყვარელი მამიდა… რა თქმა უნდა, პანდემიის პერიოდში, იყო სირთულეები, მაგრამ მჯერა, ეს ყველაფერი დროებითია და მსოფლიო ისევ ძველ ცხოვრებას დაუბრუნდება.
-სოფელი მაინც აგრძელებს ცხოვრებას, რომელ პრიორიტეტულ და აქტუალურ საკითხებზე მუშაობთ?
-ამ ეტაპზე, სრულდება მენჯის და საკუტალიოს უბანში სპორტული მოედნის მშენებლობა. მოწესრიგდა სოფლის ცენტრში სკვერი, რაც ძალიან მოსწონთ აბასთუმნელებს. რამდენიმე დღეში ჩატარდება სოფლის მხარდაჭერის პროგრამით, გათვალისწინებული კრება, სადაც მოსახლეობა აირჩევს მათთვის სასურველ პროექტს, რაც უახლოეს პერიოდში განხორციელდება. და მაინც, პრიორიტეტი და აქტუალური საკითხი მოსახლეობის კეთილდღეობაზე ფიქრი და ზრუნვაა. ეს არ გახლავთ ლიტონის სიტყვები, მე ჩემს ხალხთან ვიზიარებ სოფლის ჭირსა და ვარამს, მახარებს ყველას ბედნიერება და ვცხოვრობ თითოეული აბასთუმნელის ცხოვრებით, მიუხედავად მათი პოლიტიკური შეხედულებისა.
-როგორ უნდა განვითარდეს სოფელი?
-ჩვენს მუნიციპალიტეტს და მერიას გააჩნია მკაცრად გაწერილი და დადგენილი გეგმა იმისა, თუ როგორ უნდა განვითარდეს ჩვენი სოფლები, თემები და რა როლი გვეკისრება ჩვენ, წარმომადგენლებსა და სპეციალისტებს, ამ საქმეში. ზედმეტი თავდამბლობის გარეშე ვიტყვი, რომ პირნათლად ვასრულებ ჩემდამი დაკისრებულ მოვალეობას და შეძლებისდაგვარად, გახლავართ თითოეული აბასთუმნელის იმედი და ძალა. ეს იციან ჩემმა თანასოფლელებმა და ისიც იციან, რომ მაკა აბშილავა კანში გაძვრება და თუ რამე შესაძლებელია, აუცილებლად გააკეთებს მათთვის. აბასთუმნელებს უკვე აღარ უკვირთ და ხშირად მხედავენ „ტრაქტორზე“ ამხედრებულს, მინდორში მომუშავეს, ჩემი ბენეფიციარის უფლებებისთვის „რკინის ქალამნებით მოარულს“ სხვადასხვა უწყებებსა თუ სამსახურებში. თამამად შემიძლია გითხრათ, რომ მე ვარ იქ, სადაც მოსახლეობას ვჭირდები… აბასთუმნელები ჩემი ლუკმის მოზიარეებიც არიან და იმ დიდი სიყვარულისაც, რომელიც მე მათ ვუწილადე.
-რომ არა სოფლის რწმუნებული, ვინ იქნებოდა მაკა აბშილავა?
-სოფლის რწმუნებულად ყოფნა ჩემი იდეა ფიქსი არ გახლდათ, ეს იყო შესაძლებლობა, მომესინჯა საკუთარი თავი ახალ პოზიციაზე. მგონია, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე, როცა შევცვალე ძველი პროფესია ახლით. ვფიქრობ, ღირსეულადაც. რაც შეეხება თქვენს კითხვას, რომ არა რწმუნებული, ვინ ვიქნებოდი, ალბათ, პედაგოგი ან უფლებადამცველი. ჩემი მოწოდება, ხომ ადამიანების გვერდით დგომაა და სწორედ ამ მიმართულებით მუშაობა შემივსებდა ყველანაირ დანაკლისს.
-როგორია სოფლის რწმუნებულის ერთი დღე?
-ჩემი ყოველი დღე ლოცვით იწყება. უფალს, ღვთისმშობელს ვავედრებ ჩემს ხალხსა და ქვეყანას და შემდეგ ვებმები სამსახურებრივ ფერხულში. მერის წარმომადგენლები უპირველე ყოვლისა ვართ ხიდი სოფელსა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის. ადმინისტრაციის შენობა და ჩემი სამუშაო ოთახი ჩემი ხალხის საკუთრებაა, ამიტომაც ის ღიაა თითოეული მათგანისთვის და მზად ვარ ვემსახურო მათ. სწორედ, მათი საჭიროებების აღსრულების ზრუნვით შემოიფარგლება ჩემი ყოველი დღე. ბევრს ჰგონია, მხოლოდ ცნობების გაცემით შემოიფარგლება ჩვენი საქმიანობა, არადა, ჩვენ ვართ ხმა ჩვენი ხელისუფლებისა და იმედი მოსახლეობისა.
-თუ გქონდათ ცხოვრებაში იმედგაცრუება?
-იმედგაცრუება თანმდევია ჩვენი ცხოვრების. იყო რა თქმა უნდა, დეპრესიამდე მისული იმედგაცრუებაც, მაგრამ გადავლახე, მოვერიე და ისევ ის ვარ, ვინც უნდა ვიყო.
-ბედისწერის თუ გჯერათ?
-იცით რა, ბედისწერაზე ჯეროვანი აზრი არ გამაჩნია, უფრო უფალს მინდობილი ვარ, თუმცა რაღაც უხილავი ძაფები მაინც მაკავშირებს მასთან, თუმცა ბოლომდე ვერ გავრკვეულვარ მის რაობაში.
-თქვენი თავისუფალი დრო, ჰობი?
-თავისუფალი დრო შვილებს ეკუთვნით, მათთან ურთიერთობასა და მოფერებას. ვსაუბრობთ ლიტერატურაზე, მუსიკაზე, ქართულ ფოლკლორზე და იმ ტრადიციულ ნიუანსებზე, რომელიც ასე აძლიერებს ჩვენს ყოფიერებასა და დღევანდელობას. სახარება კი გვასწავლის: ყოველი დღე უფლისააო, დიახ, მისია და იმ სიყვარულისა, რომელსაც ჩვენი ყოველდღიურობა ჰქვია. რაც შეეხება ჰობს, ჩემი ჰობი ფოტოების გადაღებაა, შემიძლია დაუსრულებლად გადავიღო და ვისიამოვნო…
-ოჯახზეც მოგვიყევით…
-მეუღლე გახლავთ რამაზ კოდუა, რომელიც ოჯახისა და შვილების კეთილდღეობის გამო, ევროპაში, კერძოდ კი, გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში წავიდა სამუშაოდ. გვყავს ქალ-ვაჟი, რომლებიც გვილამაზებენ ამ დუხჭირ ცხოვრებას და სიხარულს მმატებენ ჩვენს ყოველდღიურ ჯაფას. ვცდილობთ, ღირსეულ მამულიშვილებლად გავზარდოთ და ამითაც მოვიხადოთ ვალი ქვეყნის წინაშე.
-და ბოლოს…
-ჩემო ძვირფასო თანასოფლელებო, მიყვარხართ და ეს სიყვარული გაძლიერებულია ჩვენი ნდობითა და უღალატო ურთიერთობით. ვიცხოვროთ ისე, რომ დღევანდელი დღე იყოს უფალი ხვალინდელი დღისა. მინდა, თქვენს თვალებში მზე და სიხარული ვიხილო, ბედნიერების ღიმილთან ერთად.
“ზუგდიდელები”