ლამაზო ქობალია: ფანდური ჩემთვის საკრავზე მეტია


  • ქალბატონ ლამაზო ქობალიას და მის შემოქმედებას კარგად იცნობს ზუგდიდელი საზოგადოება. მისი სიმღერები, რომელსაც ფანდუზე ასრულებს, გულში ჩამწვდომია. თაყვანისცემელიც ბევრი ჰყავს ამიტომ მის შემოქმედებას. აპრილის ერთ მშვენიერ დღეს „ზუგდიდელები“ მას სახლში ესტუმრა.

-ქალბატონო, ლამაზო, რამდენი წლის იყავით პირველად ფანდურზე, რომ დაუკარით?

-ექვსი წლიდან ვუკრავ ამ ინსტრუმენტზე. მახსოვს, ბუხართან რომ ვიჯექი, ავიღებდი „მაშას“ – ცეცხლსაჩხრეკს  და მასზე ვუკრავდი, ვითომ ფანდური იყო. …და ის უკვე ჩემთვის საკრავზე მეტია, ცოცხალი არსებაა, რომელსაც ვესაუბრები, ტკივილსა და სიხარულს ვანდობ.…

–ფანდურზე შესრულებული გამორჩეული სიმღერაც გაქვთ, ალბათ…

–დიახ. ეს არის სიმღერა დედაზე… „დედი – დედი, საყვარელო, ჩემო დედი… (ტკბილად ღიღინებს ჩემი რესპონდენტი).…

–და ყველაზე ხშირად რომელი სიმღერის შესრულებას გთხოვენ.

-მეგრული სიმღერები უყვართ ჩემს მსმენელებს!

–გაიხსენეთ, როგორი იყო თქვენი ახალგაზრდობა?

–უმშვენიერესი… ვიზრდებოდი პედაგოგების ოჯახში. ბატონ მუშნი ხარჩილავას ოჯახში. მშობლები ადრე დამეღუპა და მზრდიდნენ ბაბუა, ბებია და მამიდები.

-არაჩვეულებრივი მომღერალი ხართ, ოჯახში თქვენს გარდა ვინმე თუ მღეროდა?

–ბებია და ბაბუა – თამარი და დიომიდე ესებუები. ისინი კარგად მღეროდნენ.

–როგორც ცნობილია, ხართ ანსამბლ “მაფშალიას“ წევრი, ბევრ ქვეყანაში ხართ ნამყოფი. რომელ ქვეყანა მოგეწონათ გამორჩეულად.

–ჩვენი ანსამბლი “მაფშალია”, ომისა და შრომის ვეტერანთა ანსამბლია, მე მისი სამხატვრო ხელმძღვანელი ვარ. არაერთი ფესტივალისა და კონკურსის გამარჯვებული ვართ.…ბევრი სიგელი გვაქვს მე და ანსამბლის წევრებს. ვარ საზოგადოება “ზუგდიდელის” საპატიო წევრი. გასტროლებზეც ბევრს ქვეყანაში ვიმყოფებოდით. გამოვარჩევ გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკას. დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. გამორჩეულადაც გვიმასპინძლეს.

“მაფშალიას” შექმნა ვისი იდეა იყო და რამდენი მომღერალი ხართ გაწევრიანებული?

-ჩემი კოლეგის, ქალბატონ ჯულიეტა ტუფურიას იდეა იყო მისი შექმნა. ანსამბლში ექვსი წევრი ვართ: თავად ჯულიეტა ტუფურია, მზია შონია, მანანა კეშელავა, ზაირა ქობალია, მერი თორდია და მე.

-თქვენი დიდი გულშემატკივარი ვინ არის?

-ბატონები გოგი რევია, ზურაბი ჩიქავა, ბონდო ჯიქია, მურმანი ნაჭყებია და სხვები.

–თქვენი ჰობი?

–სიმღერა, ცეკვა, და თეატრი. მაგრამ მამამ არ ისურვა თეატრალური ინსტიტუტში ჩემი გაშვება და მერე დავამთავრე ოთხწლიანი ტექნიკუმი.

–მოგვიყევით ოჯახზე.

-სრულიად მოულოდნელად შეიქმნა ჩემი ოჯახი. მაშინ მეცხრეკლასელი გოგონა ვიყავი, მომიტაცეს, მიღალატეს… მყავს ორი ვაჟიშვილი: კახა და რამაზი ქობალიები. ორივე გავზარდე საამაყოდ, ორივე უმაღლესი განათლებით. ჩემი რძლები არიან ბორჯომელი ქალბატონები: ხათუნა გრიგალაშვილი და ნანა სამსონიძე. ცხოვრებამ დიდი ტკივილი მარგუნა,-შვილმკვდარი დედა ვარ. ჩემმა უმცროსმა ბიჭმა, 42 წლის ასაკში ტრაგიკულად დაამთავრა სიცოცხლე. მარტში 12 წელი შესრულდა.

 შვილის სიკვდილის შემდეგ, ქალაქის ხელმძღვანელობამ ეს ბინა მომცა. მადლიერებას გამოვთქვამ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოციალური სამსახურის ხელმძღვანელის გოგი რევიას, მერის მოადგილის თენგიზ შანავას, გულნაზ გუგუჩიას, ნატო პაჭკორიას, თამუნა სოსელიას და ია ეხვაიას მიმართ. მათი ძალისხმევით, 2010 წლის 30 სექტემბერიდან ვცხოვრობ აქ. კიდევ მინდა მადლობა გადავუხადო აწ გარდაცვლილ მიხეილ ხუბუტიას და ოთარ ფაცაციას.

როდის იწყება თქვენი დილა?

–ყოველ დილით ვდგები 6 საათზე, მოვაწესრიგებ ჩემს ბინას, ვლოცულობ და გავდივარ გარეთ… მიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა. ვცხოვრობ ხალხის სიყვარულით, 75 წლისა ვარ.

–ადამიანურ ურთიერთობებში რა მოგწონთ და რა არ მოგწონთ?

–ყველაფერი კონკრეტული მიყვარს,- თეთრი თეთრად, შავი შავად, წითელი – წითლად მინდა, რეალისტი ვარ, ყველასთან ერთნაირი.  არ ვარჩევ არავის.

–რას ვერ აპატიებთ ადამიანს?

–სიცრუეს და ორპირობას. ღალატს .პირდაპირი ვარ.

 -რას უსურვებთ ზუგდიდელებს?

-ვიყოთ ადამიანური, გვიყვარდეს ერთმანეთი, ხელი – ხელ ჩაკიდებული გვეცხოვროს მშვიდობიან საქართველოში.

მასალა მოამზადა როზა როგავამ


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!