როცა სიმღერა ყველაფერია


  • „ზუგდიდელების“ სტუმრები არიან: ვეტერანთა ანსამბლის “მაფშალიას” ხელმძღვანელი ჯულიეტა ტუფურია და სოლისტი მზია შონია. ისინი, წლებია, თავიანთი რეპერტუარით, დაუღალავად ემსახურებიან ქართული ხალხური სიმღერების პოპულარიზაციას.

ჯულიეტა ტუფურია: “-5 წლის ასაკიდან ვდგავარ სცენაზე და ვმღერი. სკოლის პერიოდში, თბილისიდან ჩამოვიდა კომპოზიტორი მიხეილ ჩირინაშვილი. მან მომისმინა, მოეწონა ჩემი ნამღერი და დედაქალაქში მიმიწვია სასწავლებლად, მაგრამ მშობლებმა არ გამიშვეს. სწავლა გავაგრძელე პოლიტექნიკურ ტექნიკუმში, თუმცა, სიმღერას ვერ შეველიე. ოცდაორი წელი ვიყავი სოლისტი სახელმწიფო ანსამბლებში: “ოდოია” და “ჩელა”. ბოლო 15 წელიწადია ვეტერანთა ანსამბლ “მაფშალიაში” ვარ. გახლავართ რესპუბლიკური და საკავშირო ოლიმპიადების ლაურეატი, ასევე ოქროს მედალოსანი. სიმღერამ ჩემს ცხოვრებაში ბევრი რამ შეცვალა. მახალისებს, მამშვიდებს ჩემი სიმღერები. ორმაგად სასიხარულოა, როცა ჩემი ნამღერით მსმენელს სიამოვნებას ვანიჭებ. ჩემი ოჯახის ყველა წევრი მღეროდა. ჩემი შვილებიც, სხვადასხვა პროფესიის არიან, მაგრამ მღერიან”.

-ვიცი, ვეტერანთა ანსამბლი არაერთი ქვეყანაშია ნამყოფი.

-გასტროლებზე ვიმყოფებოდით ექვს ქალაქში: ჩეხოსლოვაკიაში, უნგრეთში, რუმინეთში და პოლონეთში, ასევე საქართველოს ყველა კუთხეში ვართ ნამყოფი. ჩვენს სიმღერებს ყველგან დიდი სიამოვნებით უსმენდნენ და უსმენენ.

-თქვენი რეპერტუარი, ძირითადად, ქართული ხალხური სიმღერებისგან შედგება…

-დიახ, ჩვენი ანსამბლი, ძირითადად, ქართულ ხალხურ სიმღერებს მღერის. მაგრამ პირადად მე, ყველა ჟანრის სიმღერა მომწონს. გაგიკვირდებათ, მაგრამ განსაკუთრებით ოპერა მიყვარს.

-ჩონგურის გარდა, კიდევ რომელ ინსტრუმენტზე უკრავთ?

 – ვუკრავ პიანინოზე და ფანდურზე.

მზია შონია: “-42 წელი ვცხოვრობდი უკრაინაში, ქალაქ კიევში. ოჯახური პირობების გამო, ისევ დავუბრუნდი ჩემს მშობლიურ ზუგდიდს. 8 წელია, აქ ვცხოვრობ და ვმღერი ვეტერანთა ანსამბლში. ადრე მას ერქვა „იერიში”. გუნდში ჩვენთან ერთად მღერიან: მანანა კეშელავა, მერი თორდია და ლამაზო ქობალია.

 -თქვენც გკითხავთ, რა ასაკიდან მღერით.

 – ბავშვობიდან, 4 წლის, რომ ვიყავი მაშინ ვიმღერე პირველად. ვმღეროდით მთელი ოჯახი. სიმღერა დედამ მასწავლა. შემდეგ კი ჩემი მასწავლებელი იყო ლიანა შონია.

 ძალიან მიყვარს მეგრული სიმღერები. კიევში ცხოვრების დროს არ მიღალატია ტრადიციისთვის, იქაც მოსწონდათ ჩემს მიერ შესრულებული სიმღერები. მიწვევდნენ სკოლებში, ბაღებში და რესტორნებში. ასევე ვმღეროდი უკრაინულ სიმღერებსაც. მიყვარს ანსამბლების: “ბანის” და “გორდულას” მიერ შესრულებული სიმღერები.

-რომელ ინსტრუმენტზე უკრავთ?

-ჩონგურზე და ფანდურზე.

-სიმღერის გარდა, რა გიტაცებთ ცხოვრებაში?

-ძალიან მიყვარს სამზარეულოში ფუსფუსი. მიყვარს ტრადიციული კერძების მომზადება.

 -თქვენი თავისუფალი დრო…

-თავისუფალ დროს ჩემს მომღერალთა გუნდის წევრებთან ერთად ვატარებ. მათთან ერთად დაკვრა და სიმღერა სიამოვნებაა.

-რა თვისებას აფასებთ ადამიანში?

-ძალიან მნიშვნელოვანია ურთიერთპატივისცემა, ნდობა და სიყვარული. არ მომწონს ბოროტი ადამიანები.

 -ტრადიციული შეკითხვა, რას უსურვებთ ზუგდიდელებს?

 ჯულიეტა: -ზუგდიდელებს ვუსურვებ გამძლეობას, გაძლიერებას, მშვიდობას და გამრავლებას.

მზია: -კარგ ცხოვრებას, რომელიც ძალიან გვაკლია.

“ზუგდიდელები”


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!