კვართი ზუგდიდში რჩება


გუშინ, მიტროპოლიტ გერასიმეს რეზიდენციასთან შეკრებილი ზუგდიდელები კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდნენ ღვთისმშობლის კვართის ზუგდიდიდან გატანას. მათი იქ შეკრება გამოიწვია ინფორმაციამ, თითქოს პატრიარქმა ხობის საზოგადოებას ნება დართო ღვთისმშობლობას, ერთი დღით, გადაებრძანებინათ კვართი ხობში. მიტროპოლიტი შეხვდა მოსახლეობას და გააცნო საპატრიარქოს ბოლო პოზიცია, რომ კვართი დარჩება ზუგდიდში.

ინფორმაციისათვის: ღმრთისმშობლის კვართის 21 სექტემბერს, ერთი დღით, ხობში, ხობის ხარების დედათა მონასტერში გადატანასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა ზუგდიდში სასულიერო პირების, მათ შორის მიტროპოლიტ გერასიმეს, მოქალაქეების, ადგილობრივი ხელისუფლების, მედიის მონაწილეობით. შეხვედრის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ არ სურთ სიწმინდის ხობში თუნდაც ერთი დღით გადატანა. მეუფის თქმით, არსებობს კულტურის სამინისტროს ორი წერილი, ერთი, რომელიც 31 აგვისტოსაა შედგენილი და სადაც უწყება ნებართვას გასცემს მოთხოვნის საპასუხოდ, მეორე წერილი კი უკვე 3 სექტემბრით თარიღდება, სადაც სამინისტრო მიმართავს სასულიერო პირებს, დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით. მიტროპოლიტ გერასიმეს განმარტებით, უნდა მომხდარიყო, ჯერ საპატრიარქოსთან, სასულიერო პირებთან უნდა შეთანხმებული საკითხი და ერთობლივად, ზუგდიდელების, სამოქალაქო სექტორის ჩართულობის გზით მიეღოთ კონკრეტული გადაწყვეტილება. მისივე თქმით, მსგავსი შინაარსის მოთხოვნა წინა წლებშიც იყო, თუმცა არცერთ შემთხვევაში ნებართვა არ გაცემულა. მანვე გამოთქვა აზრი, რომ შესაძლოა ამ თემამ გარკვეული დაპირისპირება გამოიწვიოს ქართულ საზოგადოებაში, ეპარქიებს შორის, რაც არ უნდა დაუშვან.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!