დედის მოჭრილი ნეკა თითი


  • ამ დღეებში, თბილისში, 83 წლის ასაკში, გარდაიცვალა ოტობაიელი ლილი ბიგვავა, ქალი ლეგენდა, რომელმაც შვილის და მეუღლის მკვლელზე საარაკოდ იძია შური.

“ზუგდიდელებს”, ქალბატონ ლილის ახლობელი ეკატერინე ციმინტია უყვება:

” ეს ამბავი ოტობაიაში მოხდა იმ ავადსახსენებელ წლებში. სტუმრების გასაცილებლად სოფლის ცენტრში გასული მამა-შვილი შაქრო და ილია ძაძუები, მთვრალმა მხედრიონელებმა, საკუთარ მანქანაში ჩაცხრილეს.

ლილი ბიგვავა, გამწარებული დედა და მეუღლე, შურის საძიებლად, ფენიქსივით ფერფლიდან აღსდგა მაშინ. 16 წლის შვილის და მეუღლის ცხედართან უხმოდ მოტირალმა დედამ, ნეკა თითი დანით მოიჭრა ყველასგან მოულოდნელად, მალულად და ჩააყოლა შვილს სასახლეში.

მალე, ზუგდიდის ბაზარში ტყვია გავარდა და ოტობაიის ტრაგედიის “მთავარი გმირი”, ქალის ხელიდან გასროლილმა ტყვიამ სიცოცხლეს გამოასალმა. ყველა მივხვდით, რა პირობა იყო დედისთვის შვილის კუბოში ჩატანებული საკუთარი ნეკა თითი და რამ გადაალახვინა მაშინ, დედას, აუტანელი სიმწრისგან თავის მოკვლის გადაწყვეტილება!

სანამ შემთხვევის ადგილზე დააკავებდნენ, თავად ეახლა ზუგდიდის ციხეს, იარაღიც ჩააბარა და თავიც…

თურმე დგება მომენტი, როცა დანაშაულის სიმძიმე ქაღალდზე დაწერილი კანონებით კი არ რეგულირდება, არამედ ადამიანური, დაუწერელი კანონებით და მორალით …მადლობა მაშინდელი ციხის უფროსს, ბატონ ვახტანგ იზორიას, რომელმაც სწორედ ამ კუთხიდან შეხედა მოვლენებს და პირველ ღამეს, ქვეშსაგებელიც კი, საკუთარი სახლიდან მოუტანა ლილის, მეორე დღეს კი, სათანადო პროცედურების გავლის შემდეგ, გაათავისუფლა.

გუშინ, 83 წლის ასაკში, ქალბატონი ლილი გარდაიცვალა, 4 ქალიშვილის ნალოლიავები დედა, მაგრამ ერთადერთი ვაჟიშვილისგან გამწარებული, სამუდამოდ გათავისუფლდა ამქვეყნიური ჯოჯოხეთისგან. ის ვალმოხდილი მიეახლება საყვარელ შვილს და მეუღლეს. მას, მისი უკვე დაფრთიანებული მტრედები, შვილები და შვილიშვილები გადააცილებენ ენგურის ხიდს, რომელიც ოდესღაც იმ ერთადერთი მიზნის განსახორციელებლად გადმოკვეთა, რომელსაც შვილისთვის შურისძიება ქვია.

ვუსამძიმრებ მის ქალიშვილებს: მარინას, ნანას, ხათუნას, ნინოს. ვიცი დალოცვილი დაგტოვათ და თვითონ მშვიდად მიებარება თავის მშობლიურ – აფხაზეთის მიწას.”


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!