გახდება თუ არა “იანარი” ზუგდიდელების ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი?


„-მანანა, მე წავალ თბილისში, ვისწავლი გალობას, ჩამოვალ და აქ, სხვებს, ვასწავლი გალობას’’, – ეს სიტყვები ირმა ღურწკაიამ წლების წინ, უთხრა თავის დას,  როდესაც პირველად შედგა ტაძარში ფეხი და მოისმინა გალობა. ქალბატონი ირმა ახლა ვერ იხსენებს, თუ რატომ თქვა ეს სიტყვები, ამბობს, ალბათ, ღმერთის ნება იყოო. სწორედ ამან განაპირობა მისი წასვლა თბილისში სასწავლებლად სამრევლო სკოლაში, სადაც  გაიცნო ქალბატონი ლია სალაყაია, რომელიც, მოგვიანებით, მისი მასწავლებელი გახდა და შეასწავლა  ქართული საგალობლები. ქალბატონ ლიას  დიდი წვლილი მიუძღვის გალობის   პოპულარიზაციაში. დღეს, ქალბატონი ირმა, ახლადშექმნილი ანსამბლის „იანარი’’ ხელმძღვანელია. ანსამბლს ათი წევრი ჰყავს, კონსულტანტი დავით დარასელია გახლავთ. ანსამბლის წევრები სხვადასხვა ეკლესიის მგალობლები-რეგენტები არიან. მათ რეპერტუარში ქალაქური, ხალხური და ქართული საგალობლებია შესული.

ირმა ღურწკაია: მუსიკალური ტექნიკუმი დავამთავრე თბილისში, როცა დედაქალაქში ჩავედი,  ვაპირებდი ფორტეპიანოზე ჩაბარებას, მაგრამ იმდენად მომწონდა გალობა,  საგუნდო-სადირეჟოროზე ჩავაბარე. იმავდროულად, სამრევლო სკოლაში დავდიოდი, რომლის დირექტორი გახლდათ ქალბატონი ლია სალაყაია და იქ ვისწავლე ქართული საგალობლები.

90-იან წლებში,თბილისში იყო ერთი ანჩისხატის გუნდი და სამრევლო სკოლა, სადაც ისწავლებოდა ქართული საგალობლები. მოგეხსენებათ, გარკვეული მიზეზების გამო, ტაძრებში ქართული საგალობლები არ იგალობებოდა, მაგრამ პატრირქმა იმ წლებში, როცა სტუდენტი ვიყავი, კურთხევა მისცა ქალბატონ ლიას, ქართული საგალობლები აჟღერებულიყო ყველა ტაძარში. მე მომიწია სიონის საკათედრო ტაძარში გალობა.  მოგვიანებით, როცა ზუგდიდში ჩამოვედი, დამხვდა მგალობელთა გუნდი, რომელსაც ხელმძღვანელობდა ლელა ბულია, მეც შევუერთდი მათ გუნდს. მალე, მოხდა ისე, რომ დადიანების საკათედრო ტაძარი დარჩა მგალობლების გარეშე,  მეუფე გერასიმეს ლოცვა-კურთხევით, ეს გუნდი მეუფესთან გალობდა. ჩემმა მეგობარმა დიმიტრი ყურაშვილმა, ამჟამად, არქიმანდრატმა დოროთემ, რომელიც მაშინ ტაძარს ხატავდა, მთხოვა, გალობა მესწავლა მისთვის. მე და მამა დოროთე სტუდენტობის პერიოდში, ვმეგობრობდით და მან იცოდა ჩემი შესაძლებლობები. მისი მონდომება, რომ არა, დღეს, მე, ჩვეულებვრივი გუნდის რიგითი წევრი ვიქნებოდი და არა რეგენტი. მოგვიანებით, მან შეკრიბა ბიჭები, მამა გიორგის ლოცვა-კურთხევით და ჩამოაყალიბა ვაჟთა გუნდი.  ლელა ბულია მონასტერში წავიდა  და გუნდი დაიშალა, მე მეუფის ლოცვა კურთხევით, მომიწია დადიანების საკათედროო ტაძარში გადმოსვლა. იმ დროს, ეპარქიას არ ქონდა რეზიდენცია და  ზამთარ-ზაფხულ გარეთ გვიწევდა გალობის გაკვეთილების  ჩატარება, მაგრამ კეთილი ადამიანების დახმარებით, ქალბატონების:  ნინელი ჭითანავასი, ირმა ქორთუასი და ასოციაცია „ათინათის’’ ხელმძღვანელების: ქალბატონ რუსუდან ყალიჩავასი და ბატონ გია ხასიას დახმარებით ვახერხებდიტ მეცადინეობას.  მათ გაკვეთილების ჩასატარებლად  დაგვითმეს ოთახები, შევძელით გალობის გაკვეთილების გაგრძელება. ყველაზე დიდი ღვაწლი და დახმარება, ზუგდიდში, ქართული გალობის აღდგენაში, მიუძღვის ზუგდიდ ცაიშის მიტროპოლიტ მეუფე გერასიმეს. მეუფის ხელშეწყობით და მზრუნველობით, დღეს თითქმის ყველა ტაძარში, წირვა-ლოცვა აღევლინება გალობით.

-ქალბატონო ირმა, ვისი იდეა იყო ანსამბლ „იანარის “შექმნა?

– არასდროს მქონდა იმის ამბიცია, რომ სცენაზე დავდგარიყავი, განა იმიტომ რომ ცუდია,  პირიქით. 2015 წელს ანსამბლი „იალონი’’  იყო ჩამოსული ზუგდიდში, ვლაქერნობის დღესასწაულზე, ეს გოგონათა ანსამბლი გახლავთ, რომელიც ქართულ გალობას უწევს პოპულარიზაციას. მათ ანსამბლ „ოდოიასთან’’ერთად,  უნდა შეესრულებინათ პარაკლისი სრული გალობით . დავით დარასელიას  ხელმძღვანელობით, მათ 80 საგალობელი ჰქონდათ დასამუშავებელი და  შესასწავლი.  ვერ ასწრებდნენ. დათომ  მთხოვა,  იქნებ თქვენ დაამუშავოთ რამდენიმე საგალობელიო. ჩვენ დავთანხმდით,17 საგალობელი დავამუშავეთ  და სამმა გუნდმა იმ დღეს  სრულად ვიგალობეთ პარაკლისით. ანსამბლ „იალონის’’ ხელმძღვანელი  ნინო ნანეიშვილი დაინტერესდა ჩვენით, რა  ანსამბლი ვიყავით. მე ვუთხარი, რომ ჩვენ ანსამბლი არ გვქონდა და უბრალოდ, სხვადასხვა ტაძრებში ვრეგენტობდით. ნინომ მითხრა:  როგორ შეიძლება თქვენ ანსამბლი არ გერქვათ? მაშინ გამიჩნდა სურვილი, ანსამბლის შექმნის. ერთი წლის შემდეგ, იანვრის თვეში, ჩემთან სახლში,  სტუმრად გვყავდა მამა პავლე და მისი მეუღლე მარიკა ჯანაშია, რომელიც ჩემი ერთგული მოსწავლეა. მარიკას გავანდე ჩემი იდეის შესახებ,  მომიწონა, მოგვიანებით, ჩვენ დავურეკეთ დავით დარასელიას და ასე შევქმენით ანსამბლი „იანარი’’. ანსამბლი შეიქმნა იმისათვის, რომ ქართული საგალობლებისთვის, ხალხური ფოლკლორისთვის გაეწია პოპულირიზაცია, მაგრამ დღეს არსებული მდგომარეობის ფონზე, ჩვენ საჭიროდ ჩავთვალეთ, ქალაქური სიმღერები ჩაგვედო რეპერტუარში, რადგან ჩვენს ქალაქში ამის კულტურა არ არსებობს.

– „იანარი’’ იმიტომ, რომ ინვარში გაჩნდა  ანსამბლის შექმნის იდეა?

-ძალიან ბევრი ვიფიქრეთ სახელზე, ბევრი ვერსია გვქონდა, გვინდოდა, სახელი მეგრული ყოფილიყო. ახლა ვფიქრობთ, დავუტოვოთ თუ არა ანსამბლს ეს სახელი, რომელიც სპონტანურად შევარქვით, რადგან მე და მარიკას იანვრის თვეში გაგვიჩნდა ანსამბლის შექმნის იდეა.

– „იანარის’’ პირველი კონცერტი როგორი იყო?

-ანსამბლს პირველი გამოსვლა კომბინატის კულტურის სახლში ქონდა, რომელიც მიეძღვნა “დედის დღეს”. მსმენელისგან, პირველივე დღიდანვე,  ვიგრძენით დადებითი განწყობა. პირველი გასვლა ქუთაისში გვქონდა, – ანსამბლმა “იალონმა’’ მიგვიწვია ქუთაისში თავის  სოლო კონცერტზე, ოპერის თეატრში შევასრულეთ ერთი სიმღერა, მოგვინებით „იალონი’’ ჩამოვიდა ზუგდიდში სოლო კონცერტის ჩასატარებლად და აქაც შევასრულეთ ხალხური, ქალაქური და პოპური სიმღერები. ჩვენ გადავწყვიტეთ, უკვე საზოგადოებისთვის გაგვეცნო თავი და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ  სოლო კონცერტი ჩაგვეტარებინა მოსწავლე-ალგაზრდობის სასახლის დარბაზში. ყველა სფეროში მოღვაწე ზუგდიდელები გვყავდა მოწვეული. მინდოდა მათი აზრი და შენიშვნები გაგვეთვალისწინებია. მსმენელი ჩვენი გამოსვლით  გახარებული,  მოხიბლული და აღფრთოვანებული იყო, ზოგი ტიროდა კიდეც. გულდასაწყვეტია, რომ ქართველს საქართველოში ასე ენატრება ქართული ჰანგები.

-ფინანსურად ანსამბლს ვინ ეხმარება?

– დაფინანსების საკითხი მოსაგვარებელი გვაქვს.  ჯერჯერობით, კონკრეტული პასუხი მერიისგან არ მიგვიღია, მაგრამ მერიის კულტურის, განათლების, სპორტის,  ძეგლთა დაცვისა  და ახალგაზრდულ  საქმეთა სამსახურის  უფროსი ქალბატონი ზამირა ღადუა ძალიან მონდომებულია. ვიცი, რომ მერიც დაინტერესებულია ამ საკითხით. ჩვენ ანსამბლს ვერ შევინარჩუნებთ თუ არ გვექნება ადგილობრივი თვითმმართველობისგან ხელშეწყობა.

გაგვაცანით ანსამბლის წევრები…

– ანსამბლის წევრები არიან: მარიკა ჯანაშია, ირმა ახალაია, ლიკა ქუთელია, ლიზი სორდია, ჯინა და ანჟელა გუგუჩიები, მაია  დარასელია, სალომე ბუკია და ნინო ქვარაია. ანსამბლში გვყავს მრავალშვილიანი დედები. ეს გოგონები განსაკუთრებული ნიჭით არიან დაჯილდოვებული. მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს თანაქალაქელს, მეგობარს, ახალგაზრდა, ნიჭიერ შემოქმედს, რომელმაც ჩემს ჩანაფიქრს მხარი დაუჭირა და მომცა სტიმული, რომ ჩამომეყალიბებინა ანსამბლი, რომელიც წარმოაჩენდა ჩვენს ქალაქს ამ სფეროში. ეს ის ადამიანია, რომელიც ჯერ კიდევ სულ პატარა, სკოლის მოსწავლე მოვიდა ჩემთან, რათა შეესწავლა გალობა, რამდენადაც გასაკვირად არ უნდა ჟღერდეს, ჩემი მოსწავლე ჩემი მასწავლებელია, რაც ნამდვილად საამაყოა, რადგან ჩვენს წინაპრებს ოდითგანვე უთქვამს ის ურჩევნია მამულსა, რომ შვილი ჯობდეს მამასა. მან ერთი წლის განმავლობაში, ძალიან დიდი შრომა და ენერგია ჩადო ანსამბლის ჩამოყალიბებაში. ის რამდენიმე კვირაა ჩამოვიდა საფრანგეთიდან, სადაც მიწვეული იყო მასტერკლასის ჩასატარებლად. ის საამაყო ადამიანია არა მარტო ჩვენი ქალაქისათვის, არამედ მთელი ქვეყნისათვის, რადგან მისი მეშვეობით საზღვარგარეთ ხდება მრავალსაუკუნოვანი ქართული სიმღერის გაცნობა, რაც დიდი და საპასუხისმგებლო საქმეა. ეს ადამიანი გახლავთ ანსამბლის კონსულტანტი დავით დარასელია.

– ქალბატონო ირმა, ძალიან დიდ და მადლიერ საქმეს აკეთებთ,  თქვენი მეუღლე, მამა ბესარიონი, როგორ აფასებს ანსამბლის შექმნას? 

– მამაო ძალიან მეხმარება. ცდილობს, ჩემს არყოფნაში, ბავშვებზე იზრუნოს.  თუმცა, თვითონაც ძალიან დაკავებულია. მამაო, ამჟამად, სოფელ ნარაზენში მსახურობს.   გვყავს სამი ვაჟი: უფროსი ილია მეოთხე კლასშია, ისიდორე- მესამეში, უმცროსი-თომა,  ჯერ პატარაა და ბაღში დადის.

-როგორია თქვენი ერთი დღე?

-დილით ბავშვებს სკოლაში ვაცილებ, მამაოს ტაძარში. შემდეგ სადილს ვამზადებ, მოგვიანებით, ეპარქიის ცენტრში მოვდივარ ჩემს გოგონებთან სარეპეტიციოდ.  კვირას მთელი ოჯახი ერთად მივდივართ ტაძარში.  სხვათაშორის, მამაოს მსახურებაში უკვე ეხმარება ჩვენი უფროსი ვაჟი ილია.

ეკა ფარულავა

p.s. გთავაზობთ ვოდეოფრაგმენტს, რომელიც ჩაწერილია “იანარის” მორიგი რეპეტიციის დროს.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=syKDEKnYJZI[/embedyt]

 

 


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!