ქალაქ ზუგდიდის ბიუჯეტი დამტკიცდა


დღეს, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ერთხმად დაამტკიცა 2017 წლის ბიუჯეტი, რომელიც განისაზღვრა 19042.200 ათასი ლარით. საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი თოდუამ აღნიშნა, რომ საჯარო განხილვები ძალიან სასარგებლო იყო ბიუჯეტის ფორმულირების პროცესში.

„ჩვენ, თითოეული ფრაქცია, ვთანხმდებოდით და ვითხოვდით, რომ ფეხბურთან დაკავშირებით, შემცირებულიყო დაფინანსება და საბოლოოდ, ნაცვლად, 950 ათასი ლარიდან, ადგილობრივი ბიუჯეტიდან გათვალისწინებული იქნება მხოლოდ  250ათასი ლარი. დანარჩენი თანხა გამოიყოფა ცენტრალური ბიუჯეტიდან, ფეხბურთის განვითარების ფონდიდან.  მისი თქმით,  მნიშვნელოვნად შემცირდა ადმინისტრაციული ხარჯები”.  „2017 წელს ხელფასის დანამატი ბიუჯეტში გათვალისწინებული არ არის, მიუხედავად ამისა, ბიუჯეტი იზრდება დაახლოებით ნახევარი მილიონი ლარით. დარწმუნებული ვარ, 2017 წლის  ბიუჯეტი იქნება  მოქალაქეთა  ინტერესებზე ორიენტირებული’’- აღნიშნა თოდუამ.

ბიუჯეტს მხარი არ დაუჭირა „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ”. დეპუტატი ანა წითლიძე ბიუჯეტის შესრულებაზე მთელ პასუხისმგებლობას  მერიას აკისრებს. მისი განმარტებით, ეს არის ყველაზე ცუდი ბიუჯეტი, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში ზუგდიდს ქონია. მისი თქმით, ბიუჯეტში გათვალისწინებული არ არის არცერთი წინასაარჩევნო დაპირება. „ბიუჯეტი ძირითადად მორგებულია მხოლოდ ერთჯერად ინიციატივებზე, გათვალისწინებული არ არის, სოციალური სახლების მშენებლობა, უფასო სასადილოს დაფინანსების გაზრდა, სოციალურად დაუცველებისათვის ბინით უზრუნველყოფა და რაც მთავარია, ქალაქის ბიუჯეტში არ ჩანს, როგორი უნდა იყოს ქალაქის რეკონსტრუქციისა და  განვითარების გეგმა’’- აღნიშნა წითლიძემ.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=gn7go6WsFdM[/embedyt]

„ბიუჯეტის შესრულებაზე, ჩვენ ვერ ავიღებდით პასუხისმგებლობას, ამიტომ არ დავუჭირეთ მხარი ბიუჯეტს’’- განაცხადა ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’’ დეპუტატმა ბათლომე შელიამ. ოპოზიციონერმა დეპუტატმა საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე ქალაქის მერს რამდენიმე შეკითხვა დაუსვა ქალაქში არსებულ ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=0T74nJByAQU[/embedyt]

ქალაქის მერმა ირაკლი გოგოხიამ მედიასთან საუბარში აღნიშნა, რომ მაქსიმალურად იქნა ყველა ფრაქციის შენიშვნა გათვალისწინებული. „მე ვფიქრობ, რომ 2017 წლისთვის ზუგდიდი ყველანაირად მზადაა. ბიუჯეტში გაწერილია, ყველა ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც უნდა განვახორციელოთ. ყველანაირი ხარჯები შემცირებული გვაქვს. არ არის გათვალისწინებული პრემიები’’- აღნიშნა მერმა.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=X-6Tx7yZxV0[/embedyt]


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!