ბოტანიკურ ბაღში არტეფაქტების რეკონსტრუქცია მიმდინარეობს


  • ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში, სამთავრობო სასახლის შესწავლის პროცესში აღმოჩენილი არტეფაქტების რეკონსტრუქცია მიმდინარეობს.

ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი არა მარტო წმინდა ბოტანიკური, არამედ ისტორიული, არქიტექტურულ-არქეოლოგიური თვალსაზრისითაც იქცევს ყურადღებას.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან შეთანხმებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ, ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში, დადიანების აქამდე უცნობი სამთავრობო სასახლის შესწავლის მიზნით, საველე-არქეოლოგიური სამუშაოები ჩაატარა.

“არქეოლოგიური გათხრების ჩატარების ერთ-ერთი წინაპირობა იყო ე. წ. ნიკოსეული სასახლის მხარეს, შენობის გაურკვეველი ფრაგმენტები, რომელიც მხოლოდ ბაღის ჭიშკართან, არსებულ ბილიკზე იკითხებოდა, როგორც უცნაური წყობა აგურითა და ქვით ნაშენი კედლების.

უახლესი არქეოლოგიური გათხრების შედეგად გაირკვა, რომ შენობა შედგება სამი ძირითადი ნაწილისაგან და ოთხი მინაშენისაგან.

დღევანდელი მონაცემებით შეიძლება ითქვას, რომ შენობის სიგრძეა 76 მ., სიგანე 30 მ. შენობის ცენტრალური ნაწილი კირქვის თლილი კვადრებითაა ნაშენი, ხოლო მინაშენები აგურთა და რიყის ქვით.

დარბაზის ფარგლებში თითქმის ნახევარი მეტრის სისქის ნაშალი ფენა დაფიქსირდა, რომელიც კრამიტის და აგურის მრავალრიცხოვან ფრაგმენტებს მოიცავდა. გარდა ამისა, აღმოჩნდა რკინის სხვადასხვა ზომის ლურსმანი, ბრინჯაოს შანდლის თავი, მარმარილოს მაგიდის თავის ფრაგმენტი და სხვა. შენობის მეორე განყოფილებაში აღმოჩენილი არტეფაქტებიდან აღსანიშნავია ფაიფურის სერვიზი, ინტერესს იწვევს მათზე გამოსახული პეიზაჟები, საყოფაცხოვრებო დეტალები, ადამიანების, ფრინველების, ცხოველების, ყვავილების გამოსახულებები, ფერების სიუხვე და სხვა.

ამჟამად, მიმდინარეობს აღნიშნული არტეფაქტების რეკონსტრუქციის პროცესი. სულ მალე ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციულ შენობაში მოეწყობა საექსპოზიციო სივრცე, სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია სხვა არტეფაქტებთან ერთად დაათვალიეროს წარმოდგენილი ნიმუშები”.-აღნიშნულია ინფორმაციაში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!