“ძმაო და მამაო, ევედრე უფალს ჩვენთვის“


დღეს, მცხეთაში,  წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის ტაძარში დაკრძალეს არქიმანდრიტი ილია კარტოზია, – ადრიატიკის ზღვაში მომხდარი კატასტროფის დროს დაღუპული ზუგდიდელი სასულიერო პირი, რომელიც ამავე ტაძრის წინამძღვარი იყო. ადრიატიკის ზღვაში, ბორან „ნორმან ატლანტიკზე” 28 დეკემბერს ხანძარი გაჩნდა. გემზე 500-მდე ადამიანი იმყოფებოდა. მათ შორის იყო საქართველოს რვა მოქალაქე. მამა ილიას გარდა ყველა მათგანი ცოცხალი და უვნებელი გადარჩა. მამა ილიას სიცოცხლე კი, პატარა სიცოცხლის გადარჩენას შეეწირა. 

დღეს მას სრულიად საქართველო, – ერი და ბერი გამოეთხოვა და ლამაზ მოგონებად დაიტოვა 27 წლის ბერის სამაგალითო ცხოვრება და მოღვაწეობა.

აი, რას წერს იტალიური პრესა მამა ილიას შესახებ:

მამა ილია კარტოზიას ტრაგიკული სიკვდილი იტალიური მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა. იტალიის სახელმწიფო ტელევიზიის მეორე არხმა (RAI 2) ბორან “ნორმან ატლანტიკსზე” კატასტროფის დროს მამა ილია კარტოზიას დაღუპვის ფაქტს სიუჟეტი მიუძღვნა. სიუჟეტის მიხედვით, მამა ილია კარტოზია მიეგზავრებოდა ბარში წმ.ნიკოლოზის საფლავის მოსალოცად. იტალიელი ჟურნალისტის ინფორმაციით, მამა ილიას არ მიუტოვებია გემბანი და ბევრ მგზავრს დაეხმარა. ტელევიზიის ცნობით, მან თავისი ადგილი სამაშველო ნავში დაუთმო ბავშვიან ქალბატონს და თვითონ ისევ გემბანზე დარჩა. საბოლოოდ მისი გადაყვანის დროს ჩაწყდა ბაგირი და მაშველებმა ვეღარ შეძლეს მისი გადარჩენა.

იტალიელი ჟურნალისტი რობერტო პერსიკო სტატიას უძღვნის მამა ილიას მაღალზნეობრივ საქციელს. “ნორმან ატლანტიკი” – მამა ილია, სხვების გადარჩენა და სიკვდილი ადამიანურობისთვის” – ასე ჰქვია სტატიას.

„არ შემიძლია იმის წარმოდგენა, თუ რას შეიძლება ნიშნავდეს ის, როდესაც შენს წინაშე შენი მეუღლე კვდება. არც იმის წარმოდგენა შემიძლია, თუ რას ნიშნავს იმყოფებოდე ცეცხლმოკიდებულ გემზე, შტორმში და სიბნელეში, რა შიში შეგიძლია დაგეუფლოს და დაგაკარგინოს ადამიანურობა. როგორც ზოგიერთი თვითმხილველი ყვება, ბავშვებს და ქალებს ფეხით უვლიდნენ, რათა პირველები მომხვდარიყვნენ მაშველ ვერტმფრენში.მხოლოდ ის ვიცი, რომ ასეთ სიტუაციაში ადამიანურობა ქრება ადამიანის გულიდან და გონებიდან და რჩება მხოლოდ მისი უფროსი და, მხეცობა, რომლის მიზანია გადარჩენა.
თუმცა, ღმერთის წყალობით, ისიც შევისწავლე, რომ ყველაზე საშინელ სიტუაციებში, ზოგჯერ, არის ვინმე ისეთი, ვისაც, თუკი ყველას გადარჩენა არ შეუძლია, ახერხებს ადამიანურობის გადარჩენას“,- წერს ავტორი მამა ილიას მისამართით.

„მარადყვავილოვანი ცხოვრება“ იტალიურისგან ოდნავ განსხვავებულ ვერსიას გვთავაზობს:

„მწყემსი კეთილი, რომელმაც თავი თვისი დასდო ცხოვართათვის!
ცეცხლმოკიდებულ გემს მაშველი გემი მოდგომია, თოკის კიბეზე პანიკამოცული ადამიანები გადადიან. თოკის კიბის ერთ მხარეს ხომალდის კაპიტანი და ახალგაზრდა სასულიერო პირი ამშვიდებს პანიკამოცულ ხალხს და თან ეხმარებიან მათ გემიდან გემზე გადასვლაში.
აი, ბოლო, ბერძენი დედა. შვილიც გადაიყვანა და ბოლოს თავად შედგა საბედისწერო თოკის ხიდზე.. ტალღა გემს მიეჯახა, გემი გადახარა და თოკის ხიდიც გაწყდა… წამიერად მოესმათ ზღვიდან დასაღუპად განწირული ხმა… ბოლოს აღელვებული ზღვის ტალღებმა შთანთქა ხმაც და სიცოცხლეც….
ასე გაწირა საკუთარი სიცოცხლე,სხვისი სიცოცხლის გადასარჩენად 27 წლის ახალგაზრდა არქიმანდრიტმა ილია კარტოზიამ.
გვაიმედებს უფლის კაცთმოყვარეობა და გვჯერა იხილე და დაიმკვიდრე უფლის მარადიული წიაღი. ძმაო და მამაო, ევედრე უფალს ჩვენთვის“,- წერს ვებ-გვერდი.

 


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.