პატიმრობაში მყოფი ბრალდებულის ადვოკატით მომსახურების წესი იცვლება


  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის განიხილა „პატიმრობის კოდექსში“ შესატანი ცვლილება, რომელიც პატიმრობაში მყოფი ბრალდებულის ადვოკატით მომსახურების წესში ცვლილების შეტანას ითვალისწინებს.

კანონპროექტის თანახმად, ბრალდებულს, რომელსაც გამომძიებლის ან პროკურორის მოტივირებული გადაწყვეტილებით შეზღუდული აქვს სატელეფონო საუბრის უფლება, აგრეთვე ბრალდებულს, რომელსაც სრულად აქვს გამოყენებული პატიმრობის კოდექსით გათვალისწინებული სატელეფონო საუბრის ლიმიტები, უფლება ექნება წერილობით მიმართოს პენიტენციურ დაწესებულებას და მოითხოვოს მისი ადვოკატის ინფორმირება მასთან შეხვედრის სურვილის თაობაზე.

პენიტენციური დაწესებულება ვალდებული იქნება დაუყოვნებლივ, მაგრამ არა უგვიანეს მომდევნო სამუშაო დღის დასრულებამდე, უზრუნველყოს განცხადებაში მითითებული ადვოკატისთვის იმავე განცხადებაში დაფიქსირებულ სატელეფონო ნომერზე შესაბამისი შინაარსის მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნა.

ბრალდებულის მიერ ადვოკატისთვის მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნა განხორციელდება პენიტენციური დაწესებულების ხარჯით.

ცვლილებების თანახმად, პენიტენციურ დაწესებულებას, ასევე, ექნება ვალდებულება უზრუნველყოს, რომ ადრესატს ჰქონდეს შეტყობინების გაგზავნის შეწყვეტის მოთხოვნის უფლება იმავე ფორმით, რა ფორმითაც ხორციელდება მისთვის შეტყობინების გაგზავნა ან/და განსაზღვროს ხელმისაწვდომი და ადეკვატური საშუალება შეტყობინების გაგზავნის შეწყვეტის მოთხოვნისთვის.

მომხსენებლის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ამ ნორმის ამოქმედებისთვის გათვალისწინებულია გარდამავალი პერიოდი – ორი თვის ვადით.

მისი თქმით, ამ პერიოდში განხორციელდება ადვოკატის ინფორმირებისთვის აუცილებელი ორგანიზაციულ-ტექნიკური და ინფრასტრუქტურული ღონისძიებები.

ანალოგიური შინაარსის ცვლილება შედის საკანონმდებლო პაკეტის მეორე კანონპროექტშიც – „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში“.

კანონპროექტების ავტორი და ინიციატორი, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტია.

ინფორმაციას სასაქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.