პანტომიმის დასი მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში


  • ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში დაფუძნდა პანტომიმის დასი. პედაგოგი გახლავთ გიორგი ქობალია, რომელიც პარალელურად  ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრის ქორეოგრაფია.

გიორგი ქობალია: “-პანტომიმის ხელოვნება ძველი საბერძნეთიდან მოდის და ერთ-ერთ თეატრალურ ჟანრად ითვლება. ეს უსიტყვო ხელოვნებაა, სადაც პანტომიმის შემსრულებელი მსახიობი, ქორეოგრაფიის ენით, საკუთარი პლასტიკით ამბობს სათქმელს. საქართველოში პანტომიმის ხელოვნება ამირან შალიკაშვილთანაა დაკავშირებული. „ქართული პანტომიმა“ ტყუილად არ მიხსენებია,- მსოფლიო სწორედ ასე იცნობს ჩვენს ქვეყანაში ქორეოგრაფიის ამ ჟანრს და ეს, ზუსტად ამ ადამიანის დამსახურებაა. გვაქვს გენიალური პანტომიმური სპექტაკლები, როგორიცაა: „სტუმარ-მასპინძელი“, “კიდევაც დაიზრდებიან“, “კრიმანჭული“, “ფიროსმანი მეფე“ და სხვა. მე მხვდა წილად ბედნიერება, წლების მანძილზე, ვყოფილიყავი ამირან შალიკაშვილის მოსწავლე და თბილისის სახელმწიფო პანტომიმის თეატრის ერთ-ერთი წევრი. პროფესიით მსახიობი და ქორეოგრაფი ვარ”.

-პანტომიმის დასი, სასახლემდე, კულტურის ცენტრ „ოდიშში“ იყო.

-დიახ. წლების უკან კულტურის სახლის ყოფილმა დირექტორმა ქალბატონმა, ნინო მამფორიამ შემომთავაზა ზუგდიდში, ჩამოგვეყალიბებინა პანტომიმის დასი. მეც, რა თქმა უნდა, დავთანხმდი. როგორც გითხარით, თავიდან, კულტურის ცენტრ „ოდიშში“ ვიყავით და უამრავ ღონისძიებებში მიგვიღია მონაწილეობა. სასახლის ყოფილ დირექტორს, აწ გარდაცვლილ ქალბატონ ნინელი ჭითანავას, ჰქონდა სურვილი დასი გადმოსულიყო სასახლეში. დიდი ხანი არ არის, რაც აქ ვიმყოფებით, ძალიან კომფორტულად ვგრძნობთ თავს, სასახლელები ყველანაირად გვერდში გვიდგანან.

 -ჯგუფში რამდენი მოსწავლე ირიცხება?

-ამ ეტაპზე, პანტომიმის დასში, 12 მოსწავლე ირიცხება. სექტემბრიდან, ახალი სეზონიდან, ველოდებით ახალ ჯგუფს. მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში პანტომიმის გაკვეთილები უფასოა, ტარდება კვირაში ორჯერ,-შაბათს და კვირას.

-როგორ მიმდინარეობს სწავლის პროცესი?

-პანტომიმის სწავლების პროცესი იწყება სხეულის გახურებით. შემდეგ უკვე საბაზისო მოძრაობების სწავლა იწყება, პლასტიკის დამუშავება და ბოლო ნაწილი კი შემოქმედებითი პროცესია,-ვიგონებთ ეტიუდებს, ხასიათებს, ახალ მოძრაობებს მუსიკის თანხლებით და ასეთ დროს იბადება ახალი ნომერი, ან თუნდაც აზრი. ეს პროცესი საათნახევარი მიმდინარეობს და ძალიან საინტერესოა.

-მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის საანგარიშო კონცერტზე პანტომიმის დასის გამოსვლამ დიდი მოწონება დაიმსახურა…

-სასიამოვნოა ამის მოსმენა. ჩვენ არაერთხელ მიგვიღია მონაწილეობა სხვადასხვა ღონისძიებაში, სცენაზე და ქუჩის მსვლელობებში. ეს იყო “ზუგდიდობა” თუ სხვა კულტურულ აქტივობა. მომავალში, რა თქმა უნდა, ვაპირებთ უფრო აქტიურად ვიმუშავოთ, სცენაზეც და ქუჩაშიც გავიტანოთ სხვადახვა თემატიკაზე აგებული პერფომანსები და ხალხს გავაცნოთ ჩვენი ხელოვნება.

-თქვენი გულშემატკივარი

-ჩემი გულშემატკივარი? ამაზე რა გითხრათ, ეს მაყურებელია, რა თქმა უნდა და ის ადამიანები, რომლებიც გვიცნობენ.

მასალა მოამზადა ხატია წყაროზიამ


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!