ონლაინ პროგრამების ახალგაზრდა შემქმნელი-ბექა შეროზია

  • ზუგდიდელი, 17 წლის, ბექა შეროზია “ჯიჯი გიმნაზიის” მეთერთმეტე კლასის მოსწავლეა. მან 13 წლის ასაკში შექმნა ონლაინ პროგრამა „ბექ-ბოტი“, შემდეგ იყო “ბექმედი”. ონლაინ აპლიკაციების ახალგაზრდა შემქმნელი “ზუგდიდელების” სტუმარია.

-ბექა, ორიოდ სიტყვით შენს შესახებ…

-ძალიან მიყვარს სკოლა. რაც შეეხება საგნებს, ყველა საგანი მიყვარს, ეს ალბათ მასწავლებლების დამსახურებაა, თუმცა, მაინც სამ საგანს გამოვარჩევდი, რომელიც ჩემს არჩეულ პროფესიას უკავშირდება: ესაა, მათემატიკა, ქართული და ინგლისური.

-რა პროფესია აირჩიე?

-ორი პროფესია მაქვს არჩეული: პროგრამირება და მსახიობობა. ბევრი კუმირი მყავს ჰოლივუდში, რომელსაც მინდა მივბაძო მომავალში. სხვათაშორის, რეჟისორობაც გამომდის. ერთი სიტყვით, კინომატოგრაფია ძალიან მიზიდავს.

-ბექა, თავიდან ონლაინ პროგრამა “ბექ-ბოტი” შექმენი…

-დიახ. იდეა გაჩნდა 2018 წელს, როდესაც ტექნოლოგიებით ძალიან ვიყავი დაინტერესებული და ვცდილობდი, ჩემთვის ყველა სასარგებლო ინფორმაცია შემესწავლა და ამ ძიებამ მიმიყვანა იქამდე, რომ შემექმნა, ქართულ ინტერნეტ სივრცეში, ისეთი სისტემა, რომელიც “გუგლის” ასისტენს ცოტათი, მაინც მიუახლოვდებოდა. პროგრამაზე მარტო ვმუშაობდი. ისე ჩავუშვი, ჯერ მხოლოდ გამარჯობის თქმა იცოდა. შემდგომში კი, დავხვეწე სისტემა.

-როგორ ფიქრობ, ონლაინ-პროგრამამ გაამართლა?

– „ბექ-ბოტზე“  ბევრგან დაიწერა, ინფორმაცია გავრცელდა, როგორც სოციალურ მედიაში, ასევე ტელევიზიებშიც. თითქმის ყველგან მიმიწვიეს სასაუბროდ. ვფიქრობ, ხალხის ესეთი დიდი ინტერესი, იმაზე მეტყველებს, რომ ონლაინ პროგრამამ გაამართლა.

-შემდეგ, იყო “ბექმედი”

-დიახ. პროგრამაზე ნახევარი წელი ვმუშაობდი. “ბექმედი” არის ხელოვნური ინტელექტი, რომელიც ადამიანებს ეხმარება კორონავირუსთან ბრძოლაში, მას შეუძლია მომხმარებელს მიაწოდოს ინფორმაცია covid 19-ის სტატისტიკაზე, ასევე, გარკვეულ კითხვებზე დაყრდნობით, გამოთვალოს კორონავირუსის არსებობის ალბათობა პროცენტულობით, მას შეუძლია მოიძიოს ახლომდებარე აფთიაქები, საავადმყოფოები, სასტუმროები, ასევე შეუძლია თარგმნა, ამინდის პროგნოზი, ფოტოების, ან ვიდეოების უსაფრთხოდ  შენახვა. გარდა ამისა, “ბექ-ბოტს” უამრავი ჭკვიანური ფუნქცია აქვს, რომელიც ქართულ ჩატბოტებს საერთოდ არა აქვს და უცხოურზეც, იშვიათად თუ გადააწყდებით. მას აქვს პარამეტრების ფუნქცია, რომლის დახმარებითაც შეგიძლიათ “ბექ- ბოტის” ფუნქციონალი, სურვილისამებრ, შეცვალოთ. პროგრამას, ასევე შეუძლია, მილიონობით ინფორმაციისა თუ ვიდეოს მოძიება.

-ახლა ისევ ახალ აპლიკაციაზე მუშაობ?

-ახალ აპლიკაციაზე ვაპირებ მუშაობას. როგორც იცით, “ფეისბუქს” სხვადასხვა შეზღუდვა აქვს, ამიტომაც დამოუკიდებელი აპლიკაციის შექმნას ვგეგმავ. მე პერფექციონისტი ადამიანი ვარ და ახალი აპლიკაცია, სანამ იდეალური არ იქნება, არ გამოვაქვეყნებ.

-ბექა, როდიდან და რა მოტივით, დაიწყო შენი ინტერესი კომპიუტერული ინჟინერიის მიმართ?

-ბავშვობიდან მაღალი წარმადობის აპარატურა მქონდა, რამაც დიდი როლი ითამაშა ჩემი ინტერესების განხორციელებაში. არასდროს არ მინდოდა მეთამაშა კომპიუტერული თამაში ან რამე, რაც ონლაინზე დამოკიდებულს გამხდიდა, მე სულ იმის ამბიცია მქონდა, რომ მე ვყოფილიყავი ამ ონლაინ პროგრამების  და აპლიკაციების და იდეების შემქმნელი.

-პანდემიამ, თითქმის ყველაფერი შეცვალა. მსოფლიო ახალ რელსებზე გადაიყვანა. ყველაფერი “ონლაინ ურთიერთობებმა” შეცვალა…

-ადამიანის კომპიუტერით ჩანაცვლება ახალ პროფესიებს წარმოშობს, ასე რომ, ადამიანური რესურსი ყოველთვის საჭირო იქნება, თუ ახალ თაობას უნდა რომ ურყევი პროფესია ჰქონდეს აუცილებლად პროგრამირება უნდა აირჩიონ, რადგან ყოველთვის საჭირო იქნება, ისეთი ვინმე, რომელიც ტექნოლოგიების შეცდომებს გამოასწორებს.

-ბექა, როგორ დაახასიათებ საკუთარ თავს?

-მიზანდასახული, შრომისმოყვარე, მაქსიმალისტი და რეალისტი, ასევე მეგობრული.

-შენი თავისუფალი დრო, ჰობი?

-თავისუფალ დროს, სიმღერებს ვუსმენ, ძალიან მეხმარება ფიქრში და იდეების გაღვივებაში. “იუთუბზე” ვუყურებ სხვადასვა ტექ იუთუბერებს. ძალიან მიყვარს ფილმები და სერიალები. ასევე, ხშირად, თვალს ვადევნებ ამერიკის პოლიტიკას.

-ბექა, წლების შემდეგ, როგორ წარმოგიდგენია შენი მომავალი?

-რა თქმა უნდა, მაქვს გეგმები ჩემს მომავალთან დაკავშირებით, მაგრამ ამის გასაჯაროებას არ ვაპირებ. მინდა ხალხმა, მხოლოდ შედეგები ნახოს. მე, ყველაფერს, ჩვენი ქვეყნის, საქართველოს, სასარგებლოდ ვაკეთებ და მომავალშიც გავაკეთებ.

-წარმატებებს გისურვებ.

ეკა ფარულავა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

.

 

 

 

 

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.