- ახალგაზრდა მუსიკოსმა ნემო ჯალაღონიამ დაამთავრა ზუგდიდის N4 საჯარო სკოლა. პროფესიით არის აიტი ტექნოლოგი, თუმცა ახლა ეწევა შემოქმედებით საქმიანობას. 27 წლის მუსიკოსმა ,,ზუგდიდელებთან“ ისაუბრა საკუთარ სტუდიაზე, მუსიკის სიყვარულსა და შემოქმედებით ცხოვრებაზე.
ნემო ჯალაღონია: “ჩემთვის, მუსიკა არის ის რითაც დილა თენდება და ის, რითაც ღამდება. ძალიან დიდი და ბევრი ხნის საფიქრალი. რომ შემეძლოს მთელი დღე მუსიკაზე ვისაუბრებდი. პროფესიით ვარ აიტ-ტექნოლოგი, თუმცა ამ პროფესიით დიდი ხნის განმავლობაში არ გამიგრძელებია მოღვაწეობა, რადგან ჩემთვის უფრო მეტად საინტერესო აღმოჩნდა შემოქმედებითი საქმიანობა”.
-შენს სტუდიაზე გვიამბე… როდის და როგორ დაგებადა სტუდიის გახსნის იდეა?
-საკუთარი სარეპეტიციო სივრცის ქონა ჯერ კიდევ მაშინ მინდოდა, როცა საერთოდ მუსიკითაც კი არ ვიყავი დაკავებული. რადგან მსგავსი რამეები ჩვენს ქალაქში არ ყოფილა, მინდოდა მქონოდა საკუთარი პატარა სივრცე და იქ მემუშავა სხვა მუსიკოსებთან ერთად. უშუალოდ სტუდიის გახსნის იდეა კი გამიჩნდა 1 წლის წინ. თუმცა ეს ყველაფერი საკმაოდ რთულ ხარჯებთან იყო დაკავშირებული და ასე ვთქვათ “გავიჭედე”. შემდომ მოხდა ისე, რომ შემთხვევით შევხვდი ბიზნესმენ მამუკა ხაზარაძეს. მან მომცა გარკვეული თანხა, რითაც შევიძინე სტუდიისთვის საბაზისო რაღაცები.
-ისურვებდი რაიმე სახის ცვლილების განხორციელებას და დაამატებდი თუ არა რამეს შენს სტუდიაში?
-რა თქმა უნდა, ცვლილებები საჭიროა. ვფიქრობ, ჩემი ყველაზე ძლიერი მხარეა პროგრესი. თუნდაც, რომ ვადარებ ჩემს ნამუშევრებს რაც იყო დასაწყისში და რაც არის დღეს, ძალიან დიდი განსხვავებაა მათ შორის. კარგი იქნება გაფართოვება, გაუმჯობესება და მინდა ეს გავაკეთო.
-სტუდია მარტო იქირავე თუ ჯგუფთან ერთად?
-სტუდია მარტომ ვიქირავე, თუმცა ჯგუფი ჩემთან თანამშრომლობს. ჩვენ ბევრ რამეს ვაკეთებთ ერთად, გვაქვს საერთო ნამუშევრებიც და ცხადია, საჭიროებებზეც ერთად ვზრუნავთ.
-რა მიმდინარეობას მიეკუთვნება შენი მუსიკა და სიმღერა?
-ჩემი მუსიკა ერთ კონკრეტულ ჟანრს არ მიეკუთვნება. მჩვევია ექსპერიმენტები. ასე ვთქვათ, ყველა ჟანრი მაქვს მოსინჯული და ვცდილობ, სხვადასხვა დიაპაზონში ვიმღერო.
-როგორ იქმნება მუსიკა? თვითონ წერ მუსიკასაც და ტექსტსაც?
-ჯერ-ჯერობით, ერთი საავტორო სიმღერა მაქვს, რომელსაც ჯერ არ უნახავს დღის შუქი, თუმცა მაქვს გეგმაში ეს სიმღერა, თუნდაც წელს მაინც დავასრულო. რაც შეეხება დანარჩენებს, უფრო მეტად რემიქსები, ქავერებია ჩემი დღევანდელი სამუშაო.
-ცნობილ მელოდიებს თუ ასრულებ და კონკრეტულად ვის?
-ცნობილ მელოდიებს ვასრულებ და არა მარტო ცნობილს, იმას, რაც მე მომწონს და ჩემს გულთან იქნება ახლოს.
-მოგწონს შენი საქმე? როგორ ფიქრობ, საქართველოში, მუსიკოსს თუ შეუძლია იცხოვროს იმ შემოსავლით, რასაც ღებულობს?
-რა თქმა უნდა, ჩემი საქმე, მომწონს, ასე, რომ არ იყოს ვერ ვიქნებოდი ამ სფეროში ამდენი წლის განმავლობაში. უკვე მეოთხე წელია, ამ სფეროში ვიმყოფები. თუმცა, ძირითადი შემოსავლის წყარო ჩემთვის ეს არ არის, მგონია, რომ მუსიკოსს მაინც შეუძლია თავი ირჩინოს, გააჩნია ქალაქს. ვფიქრობ, დიდ ქალაქებში უფრო მეტი შესაძლებლობა არსებობს.
-ვინ არის შენი მსმენელი? რა გინდა შთააგონო მათ შენი მუსიკით და ვის ეძღვნება შენი შემოქმედება?
-ჩემი მსმენელები უფრო არიან ახალგაზრდები, რაც ძალიან მახარებს. შთაგონებას რაც შეეხება, ჯერ-ჯერობით, მთლიანად ვერ ვეტყვი ჩემს სათქმელს, რადგან საკუთარი სიმღერებით უფრო კეთდება ეს, ვიდრე ქავერებით. მგონია, რომ ჩემი მსმენელი მაინც ხვდება დაახლოებით ჩემს სათქმელს ჩემს მიერ შესრულებული სიმღერებითა და იმ სტილით, რაც მე მაქვს.
-რა არის შენთვის მუსიკა?
-ჩემთვის მუსიკა არის ის, რითაც დილა თენდება და ის, რითაც ღამდება. ძალიან დიდი და ბევრი ხნის საფიქრალი. რომ შემეძლოს მთელი დღე მუსიკაზე ვისაუბრებდი.
-როგორი მუსიკა გიყვარს? გყავს თუ არა საყვარელი მომღერალი, ვინ არის ის, ან თუ გამხდარა ის შენი ინსპირაციის წყარო?
-გააჩნია განწყობას. უფრო განწყობის მიხედვით ვუსმენ მუსიკას. შეიძლება ერთ მომენტში ვიყო კლასიკის განწყობაზე, მეორე მომენტში კი, მოვუსმინო ჯაზს და სხვა. რაც შეეხება ფავორიტ მომღერალს, ფავორიტი მომღერალი არის ფრედი მერკური. ის არის ჩემი ინსპირაციის წყარო. მას მოვუსმინე როცა ვიყავი 8 წლის და მას შემდეგ ის არის ჩემი კუმირი. ყოველთვის მსურდა ვყოფილვიყავი მისნაირი, რადგან ფრედის ჰქონდა საოცრად მრავალფეროვანი მუსიკა და მიღწევები ამ სფეროში.
-მუსიკისადმი შენი დამოკიდებულობა და ხმა ხომ არ არის მემკვიდრეობითი?
-მუსიკალური ოჯახიდან არ მოვდივარ, თუმცა როგორც ვიცი, ბაბუა მღეროდა ერთ-ერთ ხალხულ ანსამბლში და მისი მასწავლებელი იყო ფოლკლორის ლეგენდა პოლიკარპე ხუბულავა. მაგრამ ბაბუაც პროფესიონალურ დონეზე არ გაჰყოლია ამ სფეროს.
-პირველი მელოდია რა ასაკში მოვიდა?
-პირველი მელოდია ძალიან ადრეულ ასაკში მოვიდა, თუმცა როცა პატარი ვიყავი და მიმიყვანეს პედაგოგთან, პედაგოგმა უარი თქვა ჩემს აყვანაზე, რადგან მისი აზრით, სათანადო მუსიკალური მონაცემები არ მქონდა… შემდგომ 12 წლის ასაკში მიმიყვანეს სტუდია “რეტროში”, ქალბატონ ნანა ნოდიასთან. ფაქტობრივად, ქალბატონმა ნანამ აღმომაჩინა და სწორედ მისი დამსახურებაა გარკვეულწილად ის, რომ მუსიკა ასე შემიყვარდა. მუსიკალური აკადემიური განთალება არ მაქვს. ეს ერთი მხრივ ხელის შემშლელი ფაქტორია, თუმცა დადებითი მხარეც აქვს. გაძლევს საშუალებას საკუთარი მხარე, სტილი გქონდეს. ამ მხრივ დღემდე ვსწავლობ და ვცდილობ განვითარებას, რომ უფრო დავიხვეწო.
-ქუჩის მუსიკოსობაზე თუ გიფიქრია?
-ქუჩის მუსიკოსობა, სხვათაშორის, ძალიან მიყვარს, ხშირად მიმღერია კიდევაც ბათუმისა და თბილისის ქუჩებშიც. ვფიქრობ, ეს საკმაოდ მომგებიანია იმ მხრივ, რომ სულ უფრო იხვეწები, რადგან ასრულებ სიმღერას ცოცხლად ქუჩაში და მაყურებლის, უბრალო გამვლელების რეაქციას აკვირდები. ძალიან ბევრ რამეში გეხმარება ქუჩის მუსიკოსობა.
-სამომავლო გეგმებზეც გვითხარი…
-სამომავლო გეგმები არ ვიცი როგორ მოეწონება ჩემს მსმენელს, თუმცა სიმართლე გითხრათ, ჩემს თავს საქართველოში ვერ ვხედავ, რადგან აბსოლუტურად სხვა გეგმები მაქვს და მგონია, რომ არასწორ ადგილას ვიმყოფები. მაგალითად, არ მსურს ვთქვათ კარგი კონკურსიდან შემდგომში რესტორანში მომღერლობა. ფაქტობრივად, ეს არის დღეს ძალიან ბევრი ნიჭიერი მუსიკოსის ამჟამინდელი პერსპექტივა და ვერ ვითარდება სხვაგვარად. მეც მინდა, რომ უცხოეთში წავიდე. ჩემი ფავორიტი ქვეყანაა ბრიტანეთი და მსურს იქ გავაგრძელო მუსიკალური მოღვაწეობა.
მასალა მოამზადა: მარიამ კუტალიამ