შამგონელი დიმა ხოფერია რამდენიმე მუსიკალურ ინსტრუმენტზე უკრავს


  • შამგონელი ახალგაზრდა მუსიკოსი დიმა ხოფერია, რამდენიმე მუსიკალურ ინსტრუმენტზე უკრავს. ამავდრულად, სხვადასხვა ჟანრის სიმღერას ქმნის და თავისი მუსიკალური მინი სტუდია აქვს. დიმა მუშაობს ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის სასულიერო სასწავლებელში. ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციის ”ერთობის ძალას” წევრია. 
დიმა ხოფერია: “მუსიკის გარეშე ცხოვრება ძალიან მოსაწყენი იქნებოდა. ეს ის სფეროა, რომლითაც ვსუნთქავ. ერთი სიტყვით, მუსიკა ჩემთვის ყველაფერია. ძალიან ბედნიერი ვარ, როცა ჩემი შემოქმედება სხვებისთვისაც საინტერესო და მიმზიდველია. ჩემი აზრით, განვითარება ადამიანის მუდმივი პრინციპი და მიზანი უნდა იყოს, ამიტომაც ყოველდღიურად ვცდილობ ჩემი ხელოვნების უფრო მეტად დახვეწას და განვითარებას.
– დიმა, პირველად რომელ მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაუკარი?
– პირველ კლასში ვიყავი, როცა მშობლებმა პიანინო მიყიდეს. მახსოვს, ემოციების ქვეშ ვიყავი. დროთა განმავლობაში ძალიან გამიტაცა დაკვრამ და გადავწყვიტე სხვადასხვა ინსტრუმენტებიც შემესწავლა.
ვუკრავ ფორტეპიანოზე, მიდი კლავიატურაზე, გიტარაზე, ელექტრო გიტარაზე, პადებზე, დრამ-პადებზე. ხალხური საკრავებიდან ფანდურზე, ჩონგურზე, ტამტამზე და სხვადასხვა დასარტყამ პერკუსიებზე. როგორც მეუბნებიან, საქმეს კარგად ვუძღვები.
– იქნებ გაიხსენო შენი პირველი სასცენო ნაბიჯები?
-ჩემი პირველი სცენა სკოლის დარბაზი იყო, სადაც მეგობრებთან ერთად გამოვდიოდი სხვადასხვა ღონისძიებაზე გიტარით ხელში.
-ბენდ “Small Room”-ში უკრავდი…
– დიახ. ბენდში დაახლოებით ორი წელი ვიყავი. ვუკრავდი სინთეზატორზე. სამეგრელოს მასშტაბით გამოვდიოდით ივენთებზე, კორპორატიულ და სხვადასხვა ღონისძიებაზე მონაწილეობას ვღებულობდით, ასევე საქველმოქმედო ღონისძიებებში. მოგვიანებით ბენდი დავტოვე, მაგრამ იქ გატარებული დღეები სასიამოვნოდ მახსენდება.
– მომავალი პროფესია აირჩიე?
– მუსიკა ჩემთვის ყველაფერია. ეს ის სფეროა, რომელსაც არასოდეს მივატოვებ. რაც შეეხება სხვა პროფესიას, არჩევანი დიდია, ჯერ გადაწყვეტილი არ მაქვს.
2019 წელს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, დამფუძნებელი კრების 100 წლის იუბილეს ფარგლებში, გამოცხადებულ ესეების კონკურსში ავიღე ნომინაცია ჟიურის სიმპათია. შემდეგ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ სიგელი და მედალი გადმომცა. ასევე განათლების ყოფილმა მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა დიპლომითა და ვაუჩერით დამაჯილდოვა. ჩემი სამსახურიც ხშირად მანებივრებს სიგელებითა თუ სხვადასხვა საჩუქრებით.
– მუსიკის, რომელ ჟანრს უსმენ? 
-ძალიან მომწონს პოპ მუსიკა, ახალი დისკო, ფანქი, დიპ ჰაუსი, დიპ ლაუნჯი, კლუბური მუსიკა, როკი, პოპ როკი, მძიმე როკი, მეტალი, ჰევი მეტალი, სიმფონიური მეტალი, პანკი, პოსტ პანკი და რა თქმა უნდა, კლასიკური მუსიკა. დაახლოებით ერთი წელია, რაც ბითმეიკერული სტუდიის აწყობით და მუსიკის შექმნით ვარ დაკავებული, ამ მცირე დროში კი 9 ჟანრის ათვისება შევძელი, თუმცა უპირატესობას დიპ ჰაუსს, ფანქს, როკს, მეტალს, ელექტრო მუსიკას და კლასიკურ მუსიკას ვანიჭებ უპირატესობას. ჩემთვის ყოველი ახალი ინსტრუმენტი ახალ ისტორიას უდრის, მუდმივად ახალი ხმის ძიებაში ვარ და ყოველთვის, როცა ახალი მუსიკის შექმნას ვასრულებ ჩემს თავს ვეუბნები შენ მეტი შეგიძლია. ეს ჩემი მოტივაციის საუკეთესო ფაქტორია.

– საკუთარ თავს როგორ დაახასიათებდი?
– მეგობრები მეძახიან მუდამ პოზიტიურს, ჩემს თავს მიზანმიმართულ ადამიანად ვთვლი, არაფერს ვიშურებ, რომ ჩემს მიზანს მივაღწიო და ჩემი თითოეული ნაბიჯი მოტივაციას მაძლევს.
– შენი ჰობი?
– ბევრი ჰობი მაქვს. თავისუფალ დროს მიყვარს ხეზე მუშაობა, სამაჯურების და ყელსაბამების კეთება, ყვავილების მოვლა. ძალიან მიყვარს ფილმების ყურება. კიდევ ერთი, ასეთი უცნაური ჰობი მაქვს ფედორას ქუდების კოლექციას ვაგროვებ.
– ვინ არის შენი შემფასებელი?
-ჩემს მუსიკას ჯერჯერობით სამი კატეგორიის შემფასებელი ჰყავს: ჩემი მასწავლებლები, მელომანები და რა თქმა უნდა, ჩემი ახლო მეგობრები, რომლებიც განსაკუთრებით, მოუთმენლად ელიან, თუ როდის გავუგზავნი ახალ ჩანაწერს.
– წლების შემდეგ, როგორ წარმოგიდგენია შენი მომავალი? 
-რასაც ახლა ვქმნი, მხოლოდ დასაწყისია, მომავალი გეგმები კი საიდუმლოდ დავტოვოთ.
სპეციალურად “ზუგდიდელებისთვის”
ხატია წყაროზია

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!