ნათია როგავა და “ბედნიერი ღიმილი”

  • ვარსკვლავები აუციმციმდნენ თვალებში ისე გაუხარდა ჩემი სტუმრობა…  ენაწყლიანი რესპონდენტი აღმოჩნდა სტომატოლოგი ნათია როგავა. ჩემი სოფლის ფესვები აქვს,- ევგენი (გვეგვე) როგავას შვილიშვილია და მცირე მეწარმე გერონტი როგავას და პედაგოგ ირა ქვარაის ქალიშვილი.

ნათია საოცრად დახვეწილი გოგოა, შესაშური მანერებით, სიცოცხლით და სიყვარულით სავსე. დატვირთული რეჟიმით ცხოვრობს. მიუხედავად იმისა, რომ თავისუფალი დრო არც რჩება, მეუღლესთან, გიორგი ჭაჭუასთან და ვაჟიშვილთან, დემეტრესთან ერთად, შეჰხარის ცხოვრებას.

-ნათია, უფრო მიმზიდველი იქნება, თუ  ზუგდიდელებს თავად მოუყვები საკუთარ თავზე?

-სიამოვნებით… 2006 წელს დავამთავრე ქალაქ ზუგდიდის NIV საშუალო სკოლა და ჩავირიცხე საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტში სტომატოლოგიურ ფაკულტეტზე. 2011-2013 წლებში რეზიდენტურა გავიარე იმავე უნივერსიტეტში. ცოტა ხანი ვიმუშავე თბილისში, შემდეგ კი, დავუბრუნდი ჩემს ქალაქს და ვმუშაობ სტომატოლოგიურ კლინიკაში “ბედნიერი ღიმილი”.

-რითი მოგხიბლათ თეთრმა ხალათმა და სტომატოლოგობამ?

– თავიდან, ბავშვობაში, პედიატრობა მინდოდა. შემთხვევითობა იყო ამ ფაკულტეტზე ჩემი ჩარიცხვა, მაგრამ დღეს ისე მიყვარს ჩემი საქმე, თავი სხვა სფეროში ვერ წარმომიდგენია.

-შენი აზრით, სტომატოლოგი რა უნარ-ჩვევებით უნდა იყოს გამორჩეული?

-სტომატოლოგობა საკმაოდ შრომატევადი და საპასუხისმგებლო საქმეა, მოითხოვს დაუღალავ ენერგიას. ისე, ზოგადად, სიყვარულისა და მაღალი პასუხისმგებლობის გარეშე თეთრი ხალათის ტარება შეუძლებელია.

-პირველი პაციენტები გახსოვთ?

-ჩემი პირველი პაციენტები, სტუდენტობის პერიოდში, ჩემი ბიძაშვილები და მეგობრები იყვნენ. რთული არა და, უბრალოდ, ემოციურად, იმდენად დატვირთული იყო ყველა ჩემი პირველი პრაქტიკული შემთხვევა, დეტალურად მახსოვს დღემდე.

-რაში პოულობ, დატვირთული დღის შემდეგ, სულიერ სიმშვიდეს და ჰარმონიას?

-დიდი დროის გატარება სამსახურში მიწევს,-პაციენტებთან. ხშირად, გვიანობამდე დარჩენაც და ცოტა დრო მრჩება ოჯახთან, მეუღლესთან გიორგი ჭაჭუასთან და ჩვენს 5 წლის შვილთან, დემეტრესთან ურთიერთობისთვის, მაგრამ… ერთი სიტყვით, მეტი თავისუფალი დრო გვჭირდება ერთმანეთისთვის. ოჯახი და მეგობრები ჩემთვის დიდი განტვირთვაა. მიყვარს მათთან ყოფნა. მართალია, მეგობრების დიდი ნაწილი თბილისში დავტოვე, მაგრამ როცა ვახერხებთ ერთმანეთის ნახვას, დადებითად ვიმუხტები. სხვათაშორის, მშვიდ გარემოში კითხვაც ძალიან მიყვარს.

-კოვიდ 19-მა შეზღუდა სტომატოლოგიური კაბინეტების მომსახურება გარკვეული პერიოდით, გამონაკლისი პროცედურების გარდა. როგორ აისახა ეს ფაქტორი თქვენს სამსახურზე, “ბედნიერი ღიმილის” თანამშრომლებმა კარანტინის პერიოდი როგორ გაიარეთ?

-პანდემიის პერიოდში, ძირითადად, ვიყავით სახლში, მაგრამ ჩვენს კლინიკას ჰქონდა მწვავე სიტუაციებზე მუშაობის უფლება და წესების მაქსიმალური დაცვით, მინიმალურ ფასად, ვცდილობდით, დავხმარებოდით ჩვენს მოქალაქეებს.

ნათია, შენი პიროვნული თავისებურებებიდან ყველაზე მეტად რა გეამაყება?

-ვარ ძალიან გულღია, ერთგული ადამიანებთან ურთიერთობაში. შემიძლია ულიმიტო სიკეთის გაცემა.

-ტრადიციული კითხვა: ადამიანის თვისებაში რა მოგწონს და რა არ მოგწონს? წყენას როგორ გამოხატავ?

-წყენა, ვცდილობ, დიდი ხანი არ ჩავიტოვო გულში და ვიყო მაქსიმალურად მიმტევებელი. არ მიყვარს ურთიერთობა უპრინციპო, მერყევი ხასიათის ადამიანებთან, ძალიან ვაფასებ ადამიანს, რომელსაც შეუძლია სიკეთის და სიყვარულის გამოხატვა.

-რას უსურვებ ზუგდიდელებს?

-ძალიან მიყვარს ჩემი ქალაქი ზუგდიდი და ზუგდიდელები. მე მათ, ერთმანეთის პატივისცემას, სიყვარულს და ბედნიერ ღიმილს ვუსურვებ.

“ზუგდიდელები”

  •  
  •  

კომენტარი

  1. თამუნა თოდუა

    ნათი წარმატებებიი❤️❤️❤️

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.