თეონა მოსია: უნდა გავრიდებოდი ჩემს ქვეყანას, რომ აქედან მეთქვა ჩემი სათქმელი


  • ჯაზის მომღერალი თეონა მოსია, წარმოშობით ზუგდიდელია. 16 წელიწადია ცხოვრობს ვენაში. თავის დროზე, თეონამ, როგორც კონსერვატორიის სტუდენტმა, ვენის ცნობილ ჯაზ-კლუბ „ცვეში“ გამართა, კონცერტი. სწორედ მას შემდეგ ავსტრიაშია, იქ ქმნის მუსიკას, ასწავლის სიმღერას და ჯაზით მიღებული თავისუფლებით ცხოვრობს თავის ხელოვნებაში და როგორც ამბობს, სხვა ქვეყნიდან ამბობს თავის სათქმელს მსოფლიოს გასაგონად, უპირველესად კი, მამულის გასაგონად.

-მოგესალმებით, როგორ მოხვდით ზუგდიდიდან ვენაში?

-2005 წელს, Au Pair-ის პროგრამით ჩავედი ავსტრიაში სამუშაოდ. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ახალი რეფორმები და აღმშენებლობითი პროცესი დაწყებული იყო, გადავწყვიტე ქვეყნის დატოვება. ჩემი მიზანი არ ყოფილა მხოლოდ მუსიკალური კარიერის გაკეთება. პირველ რიგში, მინდოდა საკუთარი თავის და შესაძლებლობების გამოცდა, რადგან ვგრძნობდი, რომ რაღაც ახალი უნდა შემექმნა.

-როგორი იყო ეს გზა?

-ძალიან ეკლიანი, სირთულეებით სავსე. ამ გზაზე ან დაეცემი, ან გაძლიერდები. მე ბევრჯერ წამოდგომა და გზის გაგრძელება შევძელი. მიზანი მკაფიო იყო ჩემთვის და იმედიც არასოდეს დამიკარგავს. დღესაც ამ გზაზე მივაბიჯებ. მხოლოდ ნიჭი და შრომა არ არის საკმარისი. წარმატებას შინაგანი სიძლიერეც სჭირდება.

-რა გასწავლათ სამშობლოსგან შორს წასვლამ?

-შრომისმოყვარეობა, სხვისი და საკუთარი მიღწევების დაფასება. ის, რომ სამშობლოს სიყვარული არ ნიშნავს იმას, რომ მთელი ცხოვრება იქ გაატარო. უცხო ქვეყანაში ცხოვრების დროს, უფრო ღვივდება ეს სიყვარული. უფრო მეტად გინდა თავი წარმოაჩინო როგორც სხვა კულტურის მატარებელმა და ასევე სწავლობ სხვა კულტურისადამი პატივისცემას.

 -ფიქრობთ, როგორი იქნებოდა თქვენი ცხოვრება საქართველოში რომ ყოფილიყავით?

-გამოგიტყდებით და წარმოდგენაც მიჭირს. მე არასოდეს გავაკეთებდი ისეთ მუსიკას, რომელიც ჩვენთან ძალიან პოპულარულია. ყველაფერი მოხდებოდა იმისათვის, რომ ფარ-ხმალი დამეყარა და საკუთარი შესაძლებლობები და უნარი ჩამეხშო. მე უნდა გავრიდებოდი ჩემს ქვეყანას, რომ აქედან მეთქვა ჩემი სათქმელი.

-როგორც აქედან ჩანს ისე მარტივადაა იქ ყველაფერი, თუ ბრძოლაა საჭირო თავის დასამკვიდრებლად?

-აქ არაფერია მარტივი და წარმატებას ხონჩით არავინ მოგართმევს. ამ ქვეყანაში ძალიან ბევრი საინტერესო მუსიკოსი ჩამოდის და ჩამოაქვთ თავიანთი ქვეყნის მუსიკა, მაგრამ იშვიათად შესწევთ გამბედაობა რომ შექმნან ახალი. თუ ახლის ძიებაში არ ხარ და თუთიყუშივით იმეორებ ათასჯერ ნამღერს, თუ შენში არაფერია შემოქმედებითი, არც აქ არის შენი ადგილი.

-როგორია ავსტრიიდან დანახული საქართველო?

-უჩუმრად ბედს შეგუებული, უიმედო და უმოქმედო. არადა, ჩვენ ხომ შეგვწევს ძალა, ვიყოთ უკეთესად და უკეთესები. ტრაგიზმში, დრამაში ჩაფლული ქვეყანა. რაც დრო გადის, მით უფრო საგრძნობი ხდება, რომ ვცოცხლდებით მაშინ, როდესაც ტრაგედია ხდება. ამ ტრაგედიისგან არაფერს ვსწავლობთ. უბრალოდ ველოდებით მორიგ ტრაგედიას, რომ სასიცოცხლო ენერგია მივიღოთ. ტრაგედია უნდა დაგეხმაროს შეცვალო ჯერ საკუთარი თავი და შემდეგ ქვეყანა. მე ეს პირადად გამოვცადე მაშინ, როდესაც დედა გარდამეცვალა. არ ვიცოდი როგორ მეცხოვრა მის გარეშე. ამ ტკივილმა გამანადგურა და გამაძლიერა ერთდროულად. მე დედის გარეშე თავიდან ვისწავლე ცხოვრება, თითქოს ახლად ავიდგი ენა და ფეხი…

-გაამართლა სამშობლოდან წასვლის გადაწყვეტილებამ?

-გაამართლა. აქ უფრო შემიძლია ვიყო ის, რაც ვარ და ვემსახურო საკუთარ ქვეყანას.

-თუ ფიქრობთ დაუბრუნდეთ ფესვებს?

-მე არც წავსულვარ სხვაგან. აქ, სადაც ახლა ვცხოვრობ, ჩემი ფესვები მაძლიერებს. სხვაგვარად ვერ შევძლებდი ასე სიმღერას…

-რა არ გყოფნით სამშობლოში ყოფნის დროს?

-სამშობლოში ყოფნის დროს სიყვარულით ვივსები და სიცარიელეს ვერ ვგრძნობ.

-ადვილია, როდესაც იქ მხოლოდ მოკლე დროით მიდიხარ?

-ავსტრიაში ყოფნის დროს ბევრს ვფიქრობ სამშობლოზე და მინდა ვიყოთ სრულყოფილი… ჩვენ, რომ საკუთარ ნაჭუჭში არ ვიკეტებოდეთ, უსაფუძვლო, არასწორი, გადაჭარბებული თვითშეფასება და სიზარმაცე არ გვერეოდეს, საოცარი  ქვეყანა გვექნებოდა…

-წარმატებებს გისურვებთ.

სპეციალურად “ზუგდიდელებისთვის“

მარიკა ბიგვავა,

ზსსუ-ის სასწავლო პროგრამა „რეპორტიორობა ჟურნალისტიკაში“, სტუდენტი


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.