თეა ახვლედიანი გიგა ოთხოზორიას საფლავზე იმყოფებოდა

  • შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი დღეს გიგა ოთხოზორიას საფლავზე იმყოფებოდა. 

“დღეს, ხუთი წელი შესრულდა გიგა ოთხოზორიას შემზარავი მკვლელობიდან, რაც თითოეული ჩვენგანის და სრულიად საქართველოს ტრაგედიაა. გიგა არის ოკუპაციის სისასტიკის და უსამართლობის მსხვერპლი, რამაც არაერთი ჩვენი სხვა გმირი შეიწირა. ყოვლად მიუღებელია მსგავსი განუკითხაობა და გიგას, ისევე როგორც ტატუნაშვილის, ბაშარულის და კვარაცხელიას მკვლელობაში მონაწილე პირების ამ დრომდე დაუსჯელობა. საქართველო არასდროს შეეგუება ოკუპაციას, რომლის დასრულებისთვის, ისევე როგორც ხელოვნურად გაყოფილი საზოგადოებების შერიგებისა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც გამყოფი ხაზის მიმდებარედ მცხოვრები ჩვენი მოსახლეობის ღირსეული და უსაფრთხო ცხოვრების უზრუნველყოფისთვის, ნამდვილად სრული შემართებით და ძალისხმევით ვაგრძელებთ მუშაობას. საქართველოს ხელისუფლება იყენებს ყველა მის ხელთ არსებულ შესაძლებლობასა და ბერკეტს, რომ ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლის ხელყოფასთან დაკავშირებული პირები წარსდგნენ მართლმსაჯულების წინაშე. თქვენ იცით, მკვლელს დაუსწრებლად სასამართლოს მიერ მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა. მინდა კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო გიგა ოთხოზორიას დედას, მეუღლეს, შვილებს და ვუთხრა, რომ ნამდვილად სახელმწიფო არასდროს დაივიწყებს საკუთარ გმირებს“-განაცხადა თეა ახვლედიანმა.

გიგა ოთხოზორია ე.წ. მესაზღვრემ რაშიდ კანჯი ოღლიმ 2016 წლის 19 მაისს სამეგრელო-აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან, სოფელ ხურჩაში ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა. ქართულმა მართლმსაჯულებამ მას დაუსწრებლად 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.