დავით ვაჩეიშვილი: “ტვინების გადინება” ერის გადაგვარებას იწვევს


  • დავით ვაჩეიშვილი, ზუგდიდის პრინც მიურატის სახელობის ქართულ-ფრანგული კოლეჯის მეთორმეტე კლასის მოსწავლეა, იმავდროულად, ახალგაზრდული სათათბიროს განათლების კომიტეტის თავმჯდომარე და არაერთი ახალგაზრდული პროექტის ინიციატორი და ავტორია.

-შენი პირველი ნაბიჯები წარმატების გზაზე…

-ჩემი ახალგაზრდული საქმიანობა დაიწყო “სამეგრელოს სკაუტური” ორგანიზაციით. შემდეგ იყო სკოლის ეკო-კლუბი. ჩემმა მენტორ-მასწავლებელმა ქალბატონმა თეა შონიამ ჩამრთო ერთ-ერთ პროგრამაში და გავხვდი ეკო-კლუბის სპიკერი, სკოლა კი, გავიდა ნიკო კეცხოველის პრემიის ფინალში და გადმოგვცეს პლანშეტი. შემდეგ გავაგზავნე განცხადება მოხალისეობრივ ჩართულობაზე ახალგაზრდულ სათათბიროში. ჟიურის მოვეწონე და ამიყვანეს სათათბიროში საბჭოს წევრად. ახლა ვარ ახალგაზრდული სათათბიროს განათლების კომიტეტის თავმჯდომარე. ამ ახალგაზრდებთან ერთად, ძალიან ბევრის გაკეთება შემიძლია და ვაკეთებთ კიდეც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის. თავიდან, როცა მუშაობა დავიწყეთ, ვიყავით თორმეტნი, ახლა 200-ზე მეტ ახალგაზრდას აერთიანებს ახალგაზრდული სათათბირო.

ჩვენს ქალაქში, 12 აგვისტოს ახალგაზრდული დღეები იწყება და გაგრძელდება 15 აგვისტომდე. დაგეგმილია ბევრი აქტივობა და ღონისძიება. შევქმნით ახალგაზრდებით გაჯერებულ გარემოს. მათთვის დაუკრავს ბენდი. ვპირდებით ახალგაზრდებს დაუვიწყარ ოთხ დღეს.

-ახალგაზრდული პრობლემებიდან რას გამოყოფდი?

-ახალგაზრდებს არ აქვთ სივრცე, სადაც თავს კონფორტულად იგრძნობენ. მეორე პრობლემა გახლავთ ტრანსპორტირება. საღამოს შვიდის ნახევრის შემდეგ, ქალაქი კვდება. სოფელში მცხოვრებ ახალგაზრდებს არ აქვთ, იმის საშუალება, რომ საღამოს გამოვიდნენ ქალაქში, გაისეირნონ ბოტანიკურ ბაღში მეგობრებთან ერთად. ამ თემაზე, ახალგაზრდული სათათბირო აქტიურად მუშაობს. გვქონდა საუბარი ადგილობრივ თვითმმართველობის წარმომადგენლებთან. დარწმუნებული ვარ, ეს საკითხი აუცილებლად მოგვარდება. ასევე, მუნიციპალიტეტში დიდ პრობლემას წარმოადგენს მიუსაფარი ცხოველების არსებობა. ახალგაზრდებს ნაკლები ინფორმაცია აქვთ მიუსაფარ ცხოველებზე. ზოგადად, მოქალაქეები ძალიან აგრესიულად არიან განწყობილი ძაღლების მიმართ. ხშირად შემიმჩნევია მათზე ძალადობა. ამგვარი ქმედება დაბალი ინტელექტის ბრალია და დასჯადი უნდა იყოს. აუცილებელია ქალაქში არსებობდეს ძაღლების თავშესაფარი. უნდა მოხდეს მათი დაჩიპვა და სტერლიზაცია. დეიდაჩემი ნონა ნაჭყებია თავისი სურვილით ძაღლებს ეხმარება, აჯანმრთელებს და შემდეგ მათ ასხვისებს საიმედო ადამიანებში. გვყავდა ძაღლი, რომელსაც არ ჰქონდა ყბა. ნონამ და მისმა მეგობრებმა გადაიყვანეს თბილისში, გაუკეთეს ოპერაცია, შემდეგ ვეტერინარმა იჩუქა და ახლა, როგორც ვიცი, გერმანიაში მიემგზავრება პატრონთან ერთად.

გვაქვს ჯგუფი “ზუგდიდის მიუსაფარი ცხოველები”, სადაც მიუსაფარი ცხოველების მოყვარული ადამიანები არიან გაწევრიანებული. მიუსაფარ ძაღლებს აქვთ სოკოვანი დავადებები, ამის მოშუშებას სჭირდება საკმაოდ ძვირადღირებული წამლები. ჯგუფის წევრები ვაგროვებთ თანხას, რომ დავეხმაროთ მათ. ვფიქრობ, ეს არის კეთილსინდისიერი საქციელი, რადგან ამ ჟესტით, ჩვენ ვჩუქნით ძაღლებს სიცოცხლეს და ბედნიერებას.

-სადაური ვაჩეიშვილები ხართ?

-გურიიდან ვართ. ბაბუჩემი რევაზ ვაჩეიშვილი ახალგაზრდობაში ზუგდიდში ჩამოვიდა და ოჯახი შექმნა ბებიაჩემთან გულნაზ ჯგუშიასთნ. შემდეგ აქ დაფუძდნენ. მამა აქ დაიბადა. მამაჩემი, მამა გიორგი სასულიერო პირი გახლავთ. ის ანაკლიის ტაძრის წინამძღოლია. სამი წლის ვიყავი, როცა მღვდლად აკურთხეს. დედა ნანა ნაჭყებია კომპანია “სოკარში” მუშაობს. მყავს ოთხი და.

-მომავალი პროფესია თუ აირჩიე?

-ბავშვობიდან მსურდა ექიმობა (ქირურგობა). ყოველთვის მინდოდა ხელში სკალპელი მჭეროდა და გამეკეთებინა წარმატებული ოპერაციები. თუმცა, ჯერ კიდევ არ მაქვს საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული. ვფიქრობ…

-როგორი გინდა შენი ქალაქი იყოს?

-განვითარებული და წარმატებული. ერთ-ერთი პროექტით ვიმყოფებოდი გერმანიაში, მოვინახულე ახალგაზრდული ორგანიზაციები. როდესაც ქალაქში ბევრი ახალგაზრდული ორგანიზაცია და სივრცე შეიქმნება, მაშინ იქნება ზუგდიდი განვითარებულიც და წარმატებულიც.

-როგორია შენი თავისუფალი დრო?

-ბავშვობიდან მიყვარდა ცხენით ჯირითი. ორი წელი დავდიოდი საცხენოსნო კლუბ “ხარებაში”. სამწუხაროდ, დროის უქონლობის გამო, ვერ ვახერხებ იქ ყოფნას. გარდა ამისა, მიყვარს, როცა ვმღერი, ან სიმღერას ვუსმენ… კითხვაც მიყვარს. ეს არის ჩემთვის განტვირთვა, რომელიც მანიჭებს დიდ სიამოვნებას.

-წლების შემდეგ, როგორ წარმოგიდგენია შენი მომავალი?

-მინდა, უცხოეთში მივიღო სწავლა-განათლება, შემდეგ უკვე ჩემს სამშობლოს მივცე ის, რაც სხვა ქვეყანამ მომცა. არ ვეთანხმები “ტვინების” გადინებას. ამით იწყება ერის გადაგვარება. უცხოეთში მიღებული განათლება უნდა მოვახმაროთ ჩვენს ქვეყანას.

მასალა მოამზადა ეკა ფარულავამ


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.