ბატონი დავით ჩარგაზია ხუმრობს


  • დავით ჩარგაზიას მთელი საქართველო იცნობდა,–იცნობდა როგორც ინტელექტუალს, ერუდიტს, კარგ ეკონომისტს, “რა? სად? როდის?”–ის თამაშების წარმატებულ მონაწილეს. შეგხვდებოდა და ისეთ კარგ ანეგდოტს მოგიყვებოდა, გაღიმებული და განწყობაამაღლებული რჩებოდი მთელი დღე. მისი იუმორისტული ნოველების გმირები, დათოს და ჩვენი ნაცნობები, თანაქალაქელები, თანასოფლელები არიან. დათო დღეს არ არის ჩვენთან, ადრე დაგვტოვა, მაგრამ “ზუგდიდელებმა” მისი თბილი და კოლორიტული იუმორი შემოინახა.

გამზრდელი დედამთილი

თათია ბულისქერიას, თავის დროზე, 15 წლის ქალიშვილი მოსტაცეს-უფრო სწორად, სანახევროდ მოიტაცეს, სანახევროდ-ნებით წაჰყვა.
მოხდა ისე, რომ ორიოდე წლის შემდეგ, თათიას ბიჭმა, ასევე 15 წლის გოგო მოიტაცა. გაიარა წლებმა, თათიას რძალი ფრიად ჩინებული მეოჯახე ქალბატონი დადგა. აი, თათიას ქალიშვილი კი, ფრიად უყაირათო გამოდგა. ვალები დაედო, თავისიც და სხვისიც-ვიღაცეებს თავდებად დაუდგა და ოჯახის საქმეებიც არივ-დარია. ერთხელაც თათიას მძახალი მოუვარდა სახლში გასათათხად: ჩემი ოჯახის დასაქცევად გამოზარდე ეს შენი შვილიო!
თათია მომზადებული დახვდა მძახალს,-აბა, ვინ დამაცალა გაზრდა-15 წლის გოგო რომ მომტაცეთ! აგერ ჩემმა შვილმაც მომიყვანა 15 წლის გოგო და ნახე, როგორი გამოვზარდე-ამას ენაცვალოს ჩემი თავი. მიდი ახლა და შენ გაზრდილზე თვითონ აგე პასუხიო.
თათიას მძახალი კუდამოძუებული გაბრუნდა სახლში.

ჭირვეული დედაბერი

ბაბუცა მამიდა სახლში რემონტს აკეთებდა. ძველად არ ვიცი, რა სახის რემონტი იყო, მაგრამ ფაქტია-ოსტატი რუსი იყო. ბაბუცა მამიდა და მისი ქმარი პურ–მარილიანი ხალხი იყვნენ:-ოსტატს პატივს სცემდნენ, რუსსაც უყვარდა გადახუხვა და შედეგად რემონტიც გაიწელა. ამ ფაქტით სულაც არ იყო აღფრთოვანებული ბაბუცა მამიდას დედამთილი მინუცა-იგი ბუზღუნებდა და ქოთქოთებდა. რუსი, რომელსაც მეგრულის ინჩი-ბინჩი არ ესმოდა, მიხვდა, რომ დედაბერი მისი მუშაობით იყო უკმაყოფილო და ეკითხება ბაბუცას-რა აწუხებს მოხუცსო. ბაბუცამ ასე განუმარტა თავისი საყვარელი დედამთილის გაჭირვება-Бог Ей смерти не дает, а землия так не принимает როგორც იტყვიან, მოკლედ და კონკრეტულად.

შრომა და სწავლა

1990-იან წლების დასაწყისია, არეული დრო. მოშლილია მთელი ქვეყანა. მაინც დავდივარ სამსახურში, ჩემს ენგურქაღალკომბინატს ვერ ველეოდი. ფეხით დავდიოდი სამსახურში ინგირიდან.
კომბინატში დაიარებოდნენ ჩემი მეზობელი გოგონებიც, ლალი და ირინა-სამედიცინო ტექნიკუმში (ისინიც, რა თქმა უნდა, ფეხით) და ხშირად ვხვდებოდით გზაზე.
ერთხელაც მეკითხებიან:-მუშაობთ, დათო? ტყუილს რატო ვიტყოდი,-არა-მეთქი.- აბა რას დადიხარო,-გაიკვირვეს მათ. კი დადიხართ თქვენ, მაგრამ სწავლობთ? იყო ჩემი კონტრარგუმენტი.

ხელცარიელი ცოლი

იმავე გზაზე ხშირად ვხვდებოდი აწგანსვენებულ მერაბ ჭეჟიას. ერთხელაც ვხედავ, მოდის მერაბი, თან მოჰყავს პაწია გოგონა. ვეფერე მას და ვეკითხები მერაბს-შენია-მეთქი. დისშვილი ყოფილა. შენ თუ გყავს-მეთქი. კაცი რატომღაც დაიბნა და არეული უარი მითხრა. რატომ? -დავსვი ყოვლად უაზრო კითხვა. კაცი კიდევ უფრო დაიბნა და მიკიბმოკიბული პასუხი მომცა. დიდი ხანი არაა, რაც ცოლი მოვიყვანეო. მე მივხვდი, რომ უტაქტო კითხვა დავუსვი (მერე გავიგე-რამდენიმე წლის მოყვანილი ჰყოლია ცოლი და ბავშვი არ უჩნდებოდათ თურმე), ჰოდა, მდგომარეობიდან გამოსასვლელად ხუმრობაში გადავიტანე-თვითონ არ მოჰყვებოდა-მეთქი. ის მთლად პირღია დარჩა. მერაბი იმდენად მტკივნეულად განიცდიდა უშვილობის პრობლემას, რომ ორი-სამი დღე ვერ გადახარშა თურმე ჩემი ხუმრობა.
რამდენიმე დღის მერე კი, მერაბის სახლთან გავლისას, მესმის ძახილი შორიდან: დათო!- მე გამოვეხმაურე- რა გინდა-მეთქი.
– დათო, შენსას თუ მოჰყვებოდა! -მერაბი მეძახის.
-არა ბიჭო, ბავშვიც კი არ მოყვებოდა ჩემს ცოლს, ისიც ჩემი გასაკეთებელი შეიქმნა-მეთქი.
წყარო: ჟურნალი “ზუგდიდელები”


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.