აფული მაქაცარია-მადლობა უფალს ტკბილი სიბერისთვის

  •  85 წლის აფული მაქაცარია ხუთი შვილის, ცხრა შვილიშვილის და ცხრა შვილთაშვილის ბებიაა.

აფული მაქაცარია: ხობის რაიონის ძველ ხიბულაში გავიზარდე დეიდაჩემთან, იქ დავამთავრე სკოლა. სკოლის დამთავრების შემდეგ, მსურდა, სწავლის გაგრძელება, მაგრამ როგორც იტყვიან, “ბედი მომადგა კარზე”. ახალგაზრდამ გადავწყვიტე ოჯახის შექმნა. რა თქმა უნდა, ჩემი გადაწყვეტილებით მშობლები უკმაყოფილები იყვნენ, მაგრამ, მაინც გადავდგი ეს ნაბიჯი.

მინდა გითხრათ, რომ ჩემი არჩევანი არასდროს მინანია. მეუღლე ინდიკო მაქაცარია პროფესიით მეწაღე იყო. დიდი სიყვარულით და მზრუნველობით გავზარდეთ ხუთი შვილი: მზია, იზოლდა, ემზარი, მარინა და ელგუჯა. ყველამ მიიღო განათლება. მყავს ცხრა შვილიშვილი და ცხრა შვილთაშვილი. თითქმის ყველა ჩემი გაზრდილია და ამით ძალიან ბედნიერი ვარ.

წლების განმავლობაში, ვმუშაობდი ახალსოფლის ყოფილ კოლმეურნეობაში, მეღორეობის ფერმაში, შემდეგ ჩაის პლანტაციებში. თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ყველგან ვიყავი დაფასებული. დიდ პატივს ვცემდი აწგანსვენებულ, ორგზის სოციალისტური შრომის გმირს, ქალბატონ თამარ ყუფუნიას, რომელიც კოლმეურნეობის ნომერ პირველი საწარმოო ბრიგადის ბრიგადირი იყო. მე კი მისი ბრიგადის წევრი ვიყავი. ქალბატონი თამარი ყოველთვის გვერდში მედგა და ხელს მიწყობდა, როგორც მრავალშვილიან დედას.

-ქალბატონო აფული, მრავალშვილიანი დედობა რთული და მძიმე საქმეა…

-რა თქმა უნდა, მძიმე საქმეა. თავიდან მე და ჩემს მეუღლეს გვიჭირდა შვილების აღზრდა. ინდიკო დღისით სახლში არ იყო, სულ მუშაობდა, მიუხედავად ამისა, მაინც შევძელით შვილების სწორად აღზრდა. ჩვენი მთავარი მიზანი იყო, შვილებისთვის მიგვეცა განათლება და ისინი ყოფილიყვნენ სოფლის საამაყონი. დღეს, მათი მიღწევებით და წარმატებებით კმაყოფილი ვარ და მინდა გითხრათ, რომ ბედნიერი ქალი და დედა ვარ.

-რა გრძნობაა, როცა შვილიშვილები, შვილთაშვილები კალთაში ჩაგისხდებიან და გეფერებიან?

-საოცარი გრძნობაა. ყველაზე პატარა შვილთაშვილი ლაზარე ყოველდღე მოჰყავთ ჩემთან. ხან რას ვთამაშობთ და ხან რას. მათთან ყოფნა ჩემთვის დიდი სიამოვნებაა. უფალს ყოველდღე შევთხოვ ისინი მიმყოფოს ჯანმრთელად და უდარდელი ბავშვობა ჰქონდეთ.

-როგორ ვიცი, ძალიან გიყვართ სამზარეულოში ყოფნა…
-ძალიან მიყვარს სამზარეულოში ტრიალი. არაფრის კეთება არ მეზარება. ვცდილობ, ყველაფერი გემრიელი გამომივიდეს. ჩემები ხშირად მეუბნებიან, ყველაფერი საუცხოოდ გამოგდისო. ჩემს ბიჭს განსაკუთრებით უყვარს ჩემი მომზადებული ლობიო.

-თემა, რომელზეც საუბარი გიყვართ?

-მომავალ თაობაზე მიყვარს საუბარი.

-ადამიანის თვისებაში რას აფასებთ?

-მომწონს კეთილი და თბილი ადამიანები.

-თქვენი ოცნება რა არის?

– მადლიერი ვარ, უფლის, რადგან 85 წლის ასაკში ტკბილი სიბერე მაჩუქა. ძალიან დიდი იმედი მაქვს, ჩემი შვილიშვილის დიმას გაბედნიერებას მოვესწრები და მისი შვილი ხელში ავიყვანო.

-და ბოლოს…

-და ბოლოს, მინდა, ზუგდიდელებს ჯანმრთელობა, ბედნიერება, სიხარული და მშვიდობა ვუსურვო. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ.

“ზუგდიდელები”

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.