ანა მოსიძე-“თავისუფლების უნივერსიტეტში” ასპროცენტიანი გრანტით

  • მეორესკოლელი ანა მოსიძეს არჩევანი თავისუფალი უნივერსიტეტი და საერთაშორისო  ურთიერთობების ფაკულტეტია. ამბობს, რომ ასპროცენტიანი გრანტი მისთვის მოულოდნელი იყო. 

-მიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა, ახალი კულტურებისა და ტრადიციების გაცნობა, ვსწავლობ უცხო ენებს. ვსაუბრობ: ფრანგულ, ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებზე. საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტიც ამიტომაა ჩემი არჩევანი.

-ცხოვრების ახალ ეტაპს 100%-იანი გრანტით იწყებ…

-წალენჯიხაში ვიყავი, ბებოსთან, როცა შედეგები გავიგე. გამოცდების პასუხებიც იქ გავიგე და ვიფიქრე, შედეგებსაც იქ დაველოდები-მეთქი.. წუთებს ვითვლიდი სამის ნახევრამდე და ბოლოს, როცა შედეგები ვნახე, ვერ აგიხსნით, რა ვიგრძენი… ასეთი სიხარული არასდროს განმიცდია. სამჯერ გამოვედი და შევედი სისტემაში და გადავამოწმე, ხომ არ მეშლება-მეთქი. ერთ წუთში ჩემი სწავლის, გადარბენების, წვალების მთელმა პროცესებმა თვალწინ გამირბინა. მერე ეს ყველაფერი უცებ დამიტკბა, ახალ ენერგიად, ახალ ცხოვრებად გარდაიქმნა… თითქოს არასდროს დამთენებია თავზე და არასდროს დავღლილვარ… გულწრფელად გეტყვით: არ მჯერა ეს ყველაფერი რომ ჩემს თავს ხდება.

ვცდილობდი, გრანტზე, წინასწარ, ბევრი არ მეფიქრა, ამიტომაც უზომოდ გამაკვირვა და გამახარა შედეგმა. თუმცა, გულის სიღრმეში, კი მქონდა მოლოდინი. საუკეთესო პედაგოგებთან ვემზადებოდი. ისინი მხოლოდ ცოდნას კი არ მიზიარებდნენ, არამედ სიყვარულს, სითბოს გამოხატვას მასწავლიდნენ, თავიანთ გამოცდილებას მიზიარებდნენ. მინდა, შემთხვევით ვისარგებლო და მოვიკითხო ისინი,-იცოდნენ, რომ უზომოდ მადლიერი ვარ მათი, მიხარია, რომ ასე გავახარე მათი გულები.

ასე მგონია, 12 წელია ფრენას ვსწავლობ და აი, ახლა ავფრინდი! მაგრამ… ამ სიხარულს, რაღაც ბოლომდე შეუცნობელის მოლოდინთან ერთად, თან ახლავს ოჯახის, მეგობრებისა და მშობლიური ქალაქის განშორების დარდი…

-ანა, როგორც ვიცი, სხვადასხვა პროექტში ღებულობდი მონაწილეობას…

-დიახ, ეროვნულ ოლიმპიადებში ვღებულობდი მონაწილეობას,  სასკოლო ბანაკებში დავდიოდი. ვიყავი მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითარების სასახლის ჟურნალისტიკისა და ინტელექტუალური კლუბების წევრი, “ათინათის”, “გაენათის”არაერთი პროექტის მონაწილე. ამ ურთიერთობებმა დამარწმუნა იმაში, რომ ყველაფერი უნდა ვცადო, რაც მაინტერესებს და არ ვიწუწუნო უაზროდ იმაზე, რომ რაღაც არ შემიძლია. შარშან, თვენახევარი, გერმანიაში, დორტმუნდში ვიყავი სასწავლებლად, ენაც დავხვეწე, დამოუკიდებლობას შევეჩვიე და კიდევ უამრავი ცხოვრებისეული გამოცდილება დავაგროვე.

-ვინ არის შენი გულშემატკივარი?

-ჩემი გულშემატკივრები ჩემი მშობლები არიან, რომელთაც მაშინაც კი სჯეროდათ ჩემი, როცა მე არ მჯეროდა საკუთარი თავის. დედა შორენა გოჩოლეიშვილი, რომელიც  ბანკში დიდი ხნის მუშაობის შემდეგ, პედაგოგი გახდა და სკოლაში დაიწყო მუშაობა, მაგალითია ჩემთვის. მაგალითი იმის, რომ არასდროსაა არაფერი გვიანი. მამა ზაზა მოსიძეა, მას საკუთარი ბიზნესი აქვს. მყავს ძმა გიორგი მოსიძე, რომელიც მეხუთე კლასში გადავიდა, მაგრამ უკვე საკმაოდ აქტიური, ნიჭიერი და საინტერესო ადამიანია.

-ანა, როგორ დაახასიათებდი საკუთარ თავს?

-ემოციური, გულწრფელი, ზარმაცი ზოგჯერ, მაგრამ შრომისმოყვარე.

-რა არის შენი ჰობი, რისი კეთება გიყვარს?

-კალათბურთის თამაში, სიმღერების მოსმენა და გიორგისთან ერთად ფილმების ყურება.

-როგორია შენი გეგმები კარიერულ წინსვლასთან დაკავშირებით?

-ვფიქრობ, საფრანგეთში გავაგრძელებ სწავლას და მაგისტრატურასაც საზღვარგარეთ დავხურავ.

-წარმატებებს გისურვებ.

-მადლობა თქვენ.

საინფორმაციო პორტალი “ზუგდიდელები”

 

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.