შპს “ცენტრალური სუპერმარკეტის” მოვაჭრეებმა “ზუგდიდელები.გე”-ს აცნობეს, რომ დღეს, გვიან ღამით, იგეგმება სუპერმარკეტის სავალ ნაწილზე არსებული რკინის კონსტრუქციების აჭრა. რომ მათ უკვე მიიღეს მერიის გადაწყვეტილება წერილობით. ისინი ამბობენ, რომ არ დაუშვებენ კონსტრუქციების დემონტაჟს, შეეწინააღმდეგებიან პოლიციას და სთხოვენ მედიასაც დადგნენ მათ გვერდით. “ჩვენ აქ ვშოულობთ ლუკმას ჩვენი ოჯახებისთვის და დადექით ჩვენს გვერდით, დაგვეხმარეთ…” – ამბობენ ისინი.
რამდენიმე წუთის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატის ანი წითლიძის “პოსტიც”, სადაც ის საზოგადოებას მიმართავს ზემოთაღნიშნულ თემაზე:
“ზუგდიდის მერიამ ზუგდიდის ცენტრალური ბაზრის სუპერმარკეტის სავალ ნაწილებზე არსებული კონსტრუქციის დემოტაჟის გადაწყვეტილება მიიღო.
გადაწყვეტილებაში წერია რომ მერია პოლიციას თხოვს დახმარებას განახორციელოს დემოტაჟი რაც იმას ნიშნავს რომ წინააღმდეგობის შემთხვევაში მოვაჭრეები პოლიციის ძალით დაარბიონ.
არადა საკრებულო დღეს მთელი დღის განმავლობაში ვცდილობდით საკითხის მოვაჭრეების სასარგებლოდ მოგვარებას-რა მიზეზი აქვს მერიას ასეთი არ ვიცი რომ ჯიუტად დგას და ხალხის პოლიციის ძალით გადავლაზე მაინც მიდის.
ბაზრის ადმინისტრაცია მზადაა დატოვოს არსებული კონსტრუქცია აუქციონში გამარჯვებული კომპანიის სასარგებლოდ სასამართლო დავამდე.
მიუხედავად ამისა, მერიამ ეს არ გაითვალისწინა.
მე ყველას გაფრთხილებთ, როგორც კი პოლიცია ბაზარში შევა და მოვაჭრეებს შეეხება, მე პირადად და ჩემთან ერთად სხვებიც ფიზიკურად დავიცავთ მოვაჭრეებს.”
მედიის მზაობაზე მიანიშნებს ამ პოსტის მედიის რამდენიმე წარმომადგენლის მოწონება და საზოგადოებრივი მაუწყებლის რეგიონული კორესპონდენტის ნატალია ბერულავას კომენტარი: “ჩვენც მზად ვართ”…
შ.პ.ს. „სუპერმარკეტში“ მოვაჭრე ქალბატონები აპროტესტებს ტენდერში გამარჯვებული კომპანიის „ლონდასტერის’’ შემოსვლას და სავაჭრო დახლების დემონტაჟს კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან. ხვალ დედის დღეა… გარემოვაჭრე ქალბატონები არ დატოვებენ თავიანთ სამუშაო ადგილებს, სანამ არ დარწმუნდებიან, რომ გვიან ღამით არ აჭრიან რკინის კონსტრუქციებს…