ჟურნალისტი ბოდიშის მოხდას ითხოვს


საინფორმაციო სააგენტო pktv.ge-ს რეგიონული ჟურნალისტი მიხეილ ძიძიგური ზუგდიდის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსისგან ნუკრი ესართიასგან ბოდიშის მოხდას ითხოვს. საქმე ეხება ცნობილ ფაქტს, რომელიც ზუგდიდის “ცენტრალური სუპერმარკეტის” ტერიტორიაზე მოვაჭრე ქალბატონების საპროტესტო აქციის მსვლელობისას მოხდა. “მე  ავიღებ კონსულტაციებს “საიასგან”, პროცედურა როგორ უნდა წარიმართოს. თუ ბოდიშს მომიხდის ესართია, გასაგებია, სხვა შემთხვევაში…”-ამბობს მიშა ძიძიგური.

დავით ცხვარაძე:”-pktv.ge-ს ქუთაისის საინფორმაციო სამსახურის უფროსი: “ცუდი ფაქტი მოხდა.  დარწმუნებული ვარ, ჟურნალისტი მიხეილ ძიძიგური მართალია, ის თავის პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა, რაშიც მას არავინ არ უნდა შეუშალოს ხელი. მე ვურეკავ ნუკრი ესართიას, მერიის პრესსამსახურს, მაგრამ ზარებზე არ პასუხობენ.” დავით ცხვარაძე ამბობს, რომ მან წერილობით მიმართა მომხდარის შესახებ მერიას, მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს, მაგრამ ჯერ-ჯერობით პასუხი არ მიუღია.

ქეთი სესიაშვილი, pktv.ge-ს მთავარი რედაქტორი და დამფუძნებელი: “არავის არ აქვს უფლება ხელი შეუშალოს ჟურნალისტს პროფესიული მოვალეობის შესრულებისას. ეს ფაქტი უყურადღებოდ არ უნდა დავტოვოთ. დღეს მიშას შეუშალეს ხელი, ხვალ თქვენ შეგიშლიან. ეს ფაქტი არ უნდა დარჩეს რეაგირების გარეშე.”

“ზუგდიდელები.გე” ტელეფონით დაუკავშირდა ნუკრი ესართიას, მაგრამ, უთხრეს, რომ ესართიას ტელეფონი დარჩა და მიაწოდებენ ინფორმაციას ჩვენი ზარის შესახებ.

ზოგადად კი, ერთ-ერთ სააგენტოსთან საუბარში, ქალაქ ზუგდიდის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი ნუკრი ესართია ჟურნალისტთან დაპირისპირების ფაქტს არ ადასტურებს. იგი ასევე უარყოფს ინფორმაციას, თითქოს მიხეილ ძიძიგურს კადრების წაშლა მოსთხოვა. ნუკრი ესართიას განმარტებით, ის მხოლოდ დაინტერესდა იმ პირის ვინაობით, რომელიც ფოტოებს უღებდა და შესაბამისი დოკუმენტის წარდგენა მოსთხოვა.

“ცენტრალური სუპერმარკეტის ტერიტორიაზე Pktv.ge -ს ადგილობრივ ჟურნალისტ მიშა ძიძიგურსა და ქალაქ ზუგდიდის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსს, ნუკრი ესართიას შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ჟურნალისტის ინფორმაციით, ის ბაზრის ტერიტორიაზე მოვაჭრეების საპროტესტო აქციას აშუქებდა, სადაც სავაჭრო ცენტრის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსიც იმყოფებოდა. მიშა ძიძიგურის ინფორმაციით, საჯარო მოხელე კამერის ნახვამ გააღიზიანა და ჟურნალისტს მუშაობის შეწყვეტა და გადაღებული მასალის წაშლა მოსთხოვა. “მე რო მივედი, ნუკრი ესართია და ბაზრის მოვაჭრეები გარეთ იდგნენ. ნუკრი ესართია ერთ ქალს ეუბნებოდა, შენ სააკაშვილის და ნაციონალების მომხრე ხარ და წადი და უკრაინაში, ოდესაში იმუშავეო. ამ დროს ჩემი ფოტოაპარატით სურათი გადავიღე, რამაც მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი გააღიზიანა. ნუკრი ესართიამ მითხრა, მოდიო, შენ ვინ მოგცაო უფლება სურათი გადამიღოო. მე მას ვუთხარი, რომ ვარ ჟურნალისტი და ჩემს პროფესიულ საქმიანობას ვასრულებდი. ამის შემდეგ მან ჟურნალისტის ბეიჯი მომთხოვა, რომელიც ვუჩვენე. შემდეგ ვკითხე, თვითონ ვინ იყო, რაზეც ნუკრი ესართიამ მიპასუხა, რომ არის საქართველოს მოქალაქე. მას მე ავუხსენი, რომ ამ ფორმით ის ჩემს პროფესიულ მუშაობაში ხელს მიშლიდა, რაზეც მიპასუხა – “შენ როგორი ტონით მელაპარაკები” -ო, ახლავე, დროზე წაშალე გადაღებული მასალაო, რაზეც მე მას უარი ვუთხარი”. – ამბობს ჟურნალისტი მიშა ძიძიგური.”-(Pktv.ge)

ფოტო ეკუთვნის Pktv.ge-ს

 


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!