დღეს, საქართველოს სახალხო დამცველის ზუგდიდის ოფისში შეხვედრა გაიმართა რეგიონში სისხლის სამართლის სპეციალიზაციით მომუშავე ადვოკატებთან და უფლებადამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან .
შეხვედრის მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია სახალხო დამცველის აპარატის მონიტორინგისა და პრევენციის დეპარტამენტის თანამშრომელთა მიერ თავისუფლებაშეზღუდულთა, მსჯავრდებულთა და დაკავებულთა უფლებების დაცვისათვის განხორციელებული პრევენციული ღონისძიებების შესახებ.
საქართველოს სახალხო დამცველის რეგიონალური დეპარტამენტის სამეგრელო ზემო- სვანეთის სამმართველოს უფროსმა ლევან პაპავამ აღნიშნა რომ: „შეხვედრის მიზანია სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა მიიღონ ინფორმაცია სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომელთა მიერ უფლებამოსილების გადამეტების, თუ არასათანადო მოპყრობის სავარაუდო ფაქტების შესახებ. მისი თქმით, აღნიშნული შეხვედრა, რომელიც ტარდება ყოველწლიურად რეგიონებში და გაცნობითი ხასიათისაა, ძალიან მნიშვნელოვანია. „მსგავსი შეხვედრები მიიღებს მასიურ ხასიათს და ჩატარდება ყოველ წელს რამდენჯერმე, სხვადასხვა რეგიონში. იმედი გვაქვს, რომ ჩვენც და უფლებადამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლები ვითანამშრომლებთ და განვახორციელებთ ერთობლივ ღონისძიებებს ადამიანის დარღვეული უფლებების აღსადგენად“.
სახალხო დამცველის აპარატის პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსმა ნიკა კვარაცხელიამ აღნიშნა: „სახალხო დამცველი, მისი სპეციალური პრევენციული ჯგუფი, პრევენციის ეროვნული მექანიზმის მანდატის ფარგლებში, წლის განმავლობაში, ინტენსიურად ახორციელებს მონიტორინგს პოლიციის და სამართალდამცავი ორგანოების მიერ, ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობის შეფასების თვალსაზრისით. მისი თქმით, 2015 წლის ანგარიშში ეს საკითხი მწვავედ დგას რეგიონებში და სწორედ ამან განაპირობა ის, რომ სახალხო დამცველი აძლიერებს მუშაობას ამ მიმართულებით, ის პერიოდულად გამართავს შეხვედრებს სხვადსახვა დაინტერესებულ მხარეებთან, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და ადვოკატებთან. მათთან თანამშრომლობა უაღრესად მნიშვნელოვანია ამ მხრივ“.
შეხვედრა მოგვიანებით ჟურნალისტებისთვის დაიხურა.