- საბიბლიოთეკო კვირეულის ფარგლებში, დღეს, ზუგდიდის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში გაიმართა საბავშვო პერფორმანსი – „წიგნის ექიმები“.
ღონისძიების დასაწყისში, სტუმრებს მიესალმა ბიბლიოთეკის დირექტორი ბესიკ არახამია და თანამშრომლებს საქართველოს ბიბლიოთეკარის დღე მიულოცა და წარმატებები უსურვა.
ღონისძების მონაწილეებმა, სცენაზე გააცოცხლეს ბიბლიოთეკა და წიგნები, რომელთაც საკუთარი ისტორიები აქვთ.
“ზუგდიდელებთან” ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის ციფრული ტექნოლოგიებითა და ელექტრონული რესურსებით მომსახურების განყოფილების უფროსმა ირმა კვირკვიამ აღნიშნა, რომ დღევანდელი ღონისძიება იყო ისტორია ზრუნვასა და იმ სიყვარულზე, რომელიც წიგნებს აცოცხლებს. “დღეს, 30 აპრილს, საქართველოს ბიბლიოთეკარის დღეს, ზუგდიდის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში ჩატარდა საბავშვო პერფორმანსი “წიგნის ექიმები”. პერფორმანსში მონაწილეობდნენ, სხვადასხვა საჯარო სკოლის მოსწავლეები. ბავშვებმა წარმოგვიდგინეს ის უხილავი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი საქმე, რომელსაც ყოველდღიურად ასრულებენ ბიბლიოთეკარები. ისინი „კურნავენ“ დაზიანებულ წიგნებს, აცოცხლებენ ძველ ფურცლებს და აძლევენ მათ ახალ სიცოცხლეს.”

ინფორმაციისთვის: 23 აპრილს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრში საბიბლიოთეკო კვირეული დაიწყო. კვირეულის ფარგლებში, ბიბლიოთეკაში ჩატარდა სხვადასხვა აქტივობები.
