- რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ხელმისაწვდომია მაღალტექნოლოგიური, მინი-ინვაზიური კარდიოლოგიური პროცედურა – კორონარული ლიტოტრიპსია (IVL / შოკურ-ტალღოვანი თერაპია).
რუხის რესპუბლიკური საავადმყოფოს ადმინისტრაციის ინფორმაციით, მინი-ინვაზიური კარდიოლოგიური ჩარევით ხორციელდება გულის კორონარულ არტერიებში არსებული მყარი, „ჩაკირული“ (კალციფიცირებული) ათეროსკლეროზული ფოლაქების დაშლა.
“ტექნოლოგიის მთავარი მიზანი სისხლძარღვის ბუნებრივი ელასტიურობის აღდგენაა, რის შემდეგაც შესაძლებელი ხდება სტენტის სრულფასოვნად ჩადგმა და გაშლა. პროცედურის დროს სისხლძარღვში შეჰყავს სპეციალური ბალონური კათეტერი. აკუსტიკური იმპულსები: ბალონის შიგნით არსებული მოწყობილობა წარმოქმნის ელექტრულ იმპულსებს, რომლებიც აკუსტიკურ (ბგერით) დარტყმით ტალღებად გარდაიქმნება. ბგერითი ტალღები უვნებლად გადის რბილ ქსოვილებზე და მიზანმიმართულად ურტყამს მხოლოდ მყარ კალციუმს, რის შედეგადაც მასში მიკრობზარები ჩნდება. ჩანართების დაშლისა და სისხლძარღვის მოქნილობის მიღწევის შემდეგ, ბალონი იბერება და იდგმება სტენტი, რომელიც სრულად აღადგენს სისხლის ნორმალურ მიმოქცევას.
ტექნოლოგიის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა მისი სელექციური უსაფრთხოებაა ბგერითი ტალღა აზიანებს და შლის მხოლოდ მყარ კალციუმს, ხოლო სისხლძარღვის რბილ, ელასტიურ ქსოვილს სრულად დაუზიანებლად ტოვებს. ეს მეთოდი განსაკუთრებით ეფექტური და უსაფრთხოა ასაკოვან პაციენტებში, რომელთაც ხშირად აქვთ რთული, გამოხატული და ჩაკირული ათეროსკლეროზული დაზიანებები”.-აღნიშნულია ინფორმაციაში.
