როგორია წინასაარჩევნო გარემო ზუგდიდში


დღეს, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, საარჩევნო მედია ცენტრების პროექტის ფარგლებში, შეხვედრა გაიმართა მაჟორიტარობის კანდიდატებთან, პოლიტიკური პარტიებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმოამდგენლებთან, რომლებმაც ისაუბრეს წინასაარჩევნო გარემოზე.

აუდიტორიის წინაშე მომხსენებლად წარსდგნენ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელი ჯემალ ჭკადუა და არასამთავრობო ორგანიზაცია „საუნჯე“-ს გამგეობის თავმჯდომარე იაგო ფასანძე.

საიას ხელმძღვანელმა ჯემალ ჭკადუამ ისაუბრა იმ ტენდეციებზე, რომლებიც მიმდინარეობს წინა საარჩევნო პერიოდში სამეგრელო -ზემო სვანეთში. ასევე ყურადღება გაამახვილა იმ შესაძლო დარღვევებზე, რომლებიც შეიძლება გამოვლინდეს.  მისი თქმით, საია რამდენიმე დღეში წარმოადგენს წინასაარჩევნო პერიოდის შუალედურ შეფასებას, სადაც  წარმოდგენილი იქნება ზოგადად ის შესაძლო დარღვევები, რომელიც მათ მიერ იქნა დაფიქსირებული.

„საუნჯე“-ს გამგეობის თავმჯდომარის იაგო ფასანძის თქმით, ისინი დარეგისტრიდნენ ცესკოში მიმდინარე კვირას და პირველი სექტემბრიდან აკვირდებიან წინასაარჩევნო გარემოს და პერიოდულად  გამოაქვეყნებენ ანგარიშებს. ასევე მან აღნიშნა, რომ შეიარჩევიან ახალგაზრდები, რომლებმაც გადამზადება გაიარეს და დააკვირდებიან წინასაარჩევნო პერიოდს და არჩევნების დღეს.

შეხვედრაზე „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატმა მერაბ ქვარაიამ წინასაარჩევნო გარემო შეაფასა როგორც “იდეალური” .„არანაირი ზეწოლა არ შეინიშნება, არ არის ძალადობა პოლიციის მხრიდან  და ძალოვანი სტრუქტურებიდან. ხელისუფლება ყველანაირად მოტივირებულია იმისათვის, რომ სისტემურ დარღვევებს  ადგილი არ ქონდეს. თუ არის კონკრეტული შემთხვევები მერწმუნეთ ხელისუფლება ამაზე მოახდენს რეაგირებას.“  შეხვედრაზე მან ისაუბრა კორცხელის ინციდენტზე. მისი თქმით,  კორცხელის ინციდენტით ყველაზე მეტად დაზარალდა „ქართული ოცნება“. „ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ მსგავსი ინციდენტები. მე ვთხოვ ყველა პოლიტიკურ სუბიექტს თუ იქნება რამე  ჩანასახი მსგავსი ძალადობის ვიყოთ ერთმანეთან კავშირზე და ყველა ერთად შევეცადოთ  მსგავსი ტემპერატურისგან და ინციდენტისგან თავი ავირიდოთ.“[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=g-q7Ep0gCtU[/embedyt]

მერაბ ქვარაიას შეფასებას არ იზიარებენ ენმ წევრები. მათი თქმით, 22 მაისის მონაწილეებს მერაბ ქვარაიამ უმასპინძლა. ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ლელა ქებურიას თქმით,  წინასაარჩევნო გარემო ვერ იქნება იდეალური, როდესაც კორცხელის ინციდენტის მონაწილე არც ერთი პირი არ არის დასჯილი. მისი თქმით, ზუგდიდში  მაჟორიტარების დასახელებისას ისინი კახა კალაძეს ახლდნენ. ქებურია ამბობს, რომ  ყოველდღიურად ხდება მათი კოორდინატორების დაშინება.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=CcaK1NodnJY[/embedyt]

ირაკლი ჩიქოვანის საარჩევნო შტაბის წარმოამდგენელმა ეგნატე შამუგიამ  წინასაარჩევნო გარემოზე საუბისას აღნიშნა, რომ „გარემო ვერ შეფასდება დადებითად რადგან არსებობს კონკრეტული ფაქტები ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების.  მათ შორის,  არებობს კონკრეტული ფაქტები იმასთან დაკავშირებით ,რომ  მუნიციპალიტეტის მიერ  დაფუძნებულ კერძო  სამართლის იურიდიულ პირებში გაიზარდა საშტატო ერთეულები ,ასევე, არსებობს  კონკრეტული მტკიცებულებები და ფაქტები იმისა, რომ მმართველი პარტიიდან ხდება ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება. მისი თქმით, წინა წლებთან შედარებით,  წელს 326%-ით არის გაზრდილი სააგენტოების მომსახურეობა. რაც პირდაპირ წარმოადგენს საბიუჯეტო კოდექსის დარღვევას. მისი განმარტებით, წინა წელთან მიმართებაში  ბიუჯეტი წელს მხოლოდ 6%-ით გაიზარდა.

„პატრიოტთა ალიანსის“ მაჟორიტარობის კანდიდატმა ოთარ ჭითანავამ აღნიშნა, რომ წინასაარჩევნო გარემო ბოლო წლების განმავლობაში მძიმე იყო. მისი თქმით, ოპოზიციური პარტიების წევრებზე ხორციელდება თვალთვალი დამოსმენები. მისი განმარტებით,  „როდესაც სახელწიფო აპარატი მთლიანად არის ჩართული საარჩევნო პროცესში , განსაკუთრებით ძალოვანი უწყებები , რომლებიც ხშირად  შეიძლება უხეშად არ ერევიან, მაგრამ ისინი აქტიურად ჩანან პოლიტიკური პარტიების ოფისებთან . ამას სახელმწიფომ  სერიოზული ყურადღება უნდა მიაქციოს.მისი თქმით, ფსიქოლოგიურად არასასიამოვნო ფაქტია, როცა ვიღაც ტელეფონთანაა მიყურადებული და უსმენენ.

შეხვედრაზე იმყოფებოდა “პაატა ბურჭულაძე -სახელმწიფო ხალხისთვის” მაჟორიტარობის კანდიდატი ბესიკ თოდუა, რომელმაც თავი შეიკავა წინასაარჩევნო გარემოს შეფასებისაგან.

 

 

 


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!